პატარა სოფელი ზარზმა ქვაბლიანის ხეობაში მდებარეობს, რაიონის ცენტრის – ადიგენის დასავლეთით, ექვსიოდე კილომეტრის დაშორებით. სოფელი მდინარის მარჯვენა ნაპირას, ჩრდილოეთისაკენ დაქანებულ ფერდზეა. მის ზემოთ, მთაზე, წიწვიანი ტყეა, ხოლო ფერდის ძირში ქვაბლიანს მდინარე ძინძე ერთვის. როცა ზარზმის ეკლესიის დასავლეთის კედელთან დგახარ, ორ ხეობას ხედავ: პირდაპირ ქვაბლიანის წყლის ხეობაა, მარცხნივ კი – ძინძეს: აქეთ მიემართება გზა გოდერძის უღელტეხილისა და აჭარისკენ.
ზარზმაში რამდენიმე ძველი ნაგებობაა: დიდი ტაძარი და მასზე აღმოსავლეთით მიშენებული სამლოცველო, სამრეკლო და მის ჩრდილოეთის კედელს მიბჯენილი სამლოცველო; ასეთივე მცირე, ერთნავიანი სამლოცველო ტაძრის ჩრდილო-დასავლეთის კუთხესთან; ორი მცირე ეკლესიის ნანგრევი ეკლესიის სამხრეთით და წყარო ტაძრის აღმოსავლეთით. სამრეკლოს დასავლეთის კედელთან მიწაში რაღაც ღრმულია, რომელშიაც ნანგრევის ლოდები ყრია. ადგილობრივ მცხოვრებთა გადმოცემით, აქედან იწყებოდა მდინარეზე ჩასასვლელი გვირაბი. ახლა გვირაბი მიწითაა ამოვსებული. ზარზმის ტაძარს ხანგრძლივი ისტორია აქვს. ამ ადგილას ეკლესია გაცილებით ადრე აშენდა, ვიდრე ახლანდელ დიდ ტაძარს ააგებდნენ. ზარზმის მონასტერს საფუძველი ჩაუყარა ადრინდელი ფეოდალური ხანის ცნობილმა სასულიერო მოღვაწემ სერაპიონ ზარზმელმა (მისი ცხოვრების დროის შესახებ, სხვადასხვა მოსაზრებები არსებობს). სერაპიონისა და მისი მომდევნო წინამძღვრების სამშენებლო მოღვაწეობის ამბავს ჩვენ კარგად ვიცნობთ ბასილ ზარზმელის შესანიშნავი თხზულების "სერაპიონ ზარზმელის ცხოვრების” წყალობით. ბასილის მოთხრობის თანახმად, სერაპიონი კლარჯი იყო, მიქელ პარეხელის მოწაფე. იგი თავის ძმასთან ერთად, მაშინ წამოვიდა "ქვეყნად სამცხისად”, როცა მიქელს გამოეცხადა "ვინმე, ვითარცა მღდელ-შუენიერად შემოსილი” და აუწყა, შენი მოწაფეები უნდა წავიდნენ და დააარსონ მონასტერი იქ, სადაც მათ ღმერთი ანიშნებსო. სერაპიონმა და მისმა ძმამ თან წამოიღეს ფერისცვალების ხატი და ბევრი ძებნის შემდეგ, სხვადასხვა სასწაულებისა და ხილვათა მიხედვით, ნახეს სამონასტრო ადგილი. იქაურმა მთავარმა გიორგი ჩარჩანელმა, დიდი დახმარება აღმოუჩინა სერაპიონს. ბასილს განმარტებული აქვს, რატომ ეწოდა ამ ადგილს ზარზმა. სერაპიონმა სასწაული მოუვლინა მახლობელი დაბის მცხოვრებთ, რომლებიც მტრულად შეხვდნენ მას: ერთ დღეს გასკდა კედელი და წამოვიდა ნიაღვარი, რომელმაც თითქმის მთელი სოფელი წალეკა. ამ სასწაულმა ისეთი თავზარი დასცა ყველას, რომ ბასილის აზრით: "რამეთუ ეწოდა ზარზმა, რომელი ზარითა და შიშითა მიუთხრობელითა შეპყრობილ იყვნეს”.
ეკლესიის ადგილის შერჩევის შემდეგ, "დადვეს საფუძველი”. ხუროთმოძღვარი ყოფილა ვინმე გარბანელი და "ორნი იგი ძმანი”, ზარზმის მახლობლად მცხოვრებნი, რომლებიც სერაპიონის სასწაულის შემდეგ ბერებად ეკურთხნენ. ეკლესიის შენებას სამ წელიწადს მოუნდნენ. როცა იგი "სრულ იქმნა”, ტაძარი შეამკეს და "აღმართეს მას შინა ცხოველმყოფელი ხატი ფერისცვალებისაი”. ამის შემდეგ ააგეს სენაკები ბერებისთვის, რომელთა რიცხვი სწრაფად იზრდებოდა. გიორგი ჩორჩანელმა ზარზმას სოფლები და მამულები შესწირა, სერაპიონმა "განაჩინნა წესნი და კანონნი საეკლესიონი”, მონასტერმა იწყო ზრდა და ზარზმაში, მანამდის უდაბურ, უღრანი ტყით დაფარულ ადგილას, ქართული კულტურის ახალი კერა გაჩნდა. ზარზმის მეორე ეკლესია, რომლის აგება სერაპიონმა ძმებს უანდერძა, რამდენიმე ხნის შემდეგ დაიწყეს ერთი გლეხი კაცის "წარსაგებელით” (ხარჯით). როცა ეკლესია სარკმლებამდის ააშენეს, დაილია ამ კაცის მიერ შეწირული ოქრო, ამ ადგილას ის გლეხი გამოაქანდაკეს, ხოლო როცა სარკმლებიც მოათავეს, გამოხატეს მიქელ წინამძღვარი და მშენებლობის ხელმძღვანელიც. ეს ყველაფერი ბასილის თხზულებაშია ნაამბობი. ზარზმის ამ უძველეს ტაძრებს ჩვენამდის არ მოუღწევია. ახლა ზარზმაში ყველაზე ძველი ისტორიული ძეგლია დიდი წარწერა სამრეკლოს გვერდით მდებარე სამლოცველოს შესასვლელის თავზე. წინათ წარწერა სხვა შენობაზე ყოფილა, ახლანდელ ადგილას იგი უფრო გვიან გადმოიტანეს და რაკი წარწერიანი ქვა მისთვის განკუთვნილ ადგილას არ ეტეოდა, მას მარჯვენა ნაწილი ჩამოაჭრეს. შეიძლება ითქვას, რომ ეს წარწერა ყველაზე ღირსშესანიშნავთაგანია ძველ ქართულ წარწერათა შორის. იგი X საუკუნის დასასრულს (979-1001) ეკუთვნის და დავით კურაპალატის დროინდელ ამბავს მოგვითხრობს – ქართველთა ლაშქრობას აჯანყებულ ბარდა სკლიაროსის წინააღმდეგ, ბიზანტიის მეფეთა დასახმარებლად. "მე, ივანე ძემან სულისამან, აღვაშენე წმიდაი ეგუტერი” (სამლოცველო), წერს ლაშქრობის მონაწილე, რომელსაც რაღაც კავშირი ჰქონია ზარზმასთან, "მას ჟამსა, ოდეს საბერძნეთს გადგა სკლიაროსი, დავით კურაპალატი ადიდენ ღმერთმან, უშუელა წმიდათა მეფეთა და ჩუენ ყოველნი ლაშქარს წარგვავლინნა”.
ივანე სულისძის წარწერა მოწმობს, რომ X-XI საუკუნეების მიჯნაზე ზარზმა მნიშვნელოვანი ცენტრი იყო, იქ გაცხოველებული მშენებლობა წარმოებდა. ამასვე მოწმობს XI საუკუნის შესანიშნავი ჭედური ნივთები, რომლებიც წინათ ზარზმას ეკუთვნოდა. ახლა ისინი ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში ინახება. ზარზმის მთავარი ტაძარი, რომელმაც, როგორც ჩანს, ადრინდელ შენობათა ადგილი დაიჭირა, XIV საუკუნის პირველ წლებშია აგებული, სამცხის ათაბაგის ბექა მანდატურთუხუცესის დროს (იმდროინდელია სამრეკლოც ჩამატებულ ნაწილთა გამოკლებით). ტაძარი თლილი ქვით ნაგები გუმბათიანი შენობაა იმავე ტიპისა, რომელსაც საფარის წმ. საბას ტაძარი მიეკუთვნება. მაგრამ მას სხვაგვარი, უფრო მსუბუქი პროპორციები აქვს, ხოლო კარიბჭე დასავლეთით კი არაა, არამედ სამხრეთით, მთელი ფასადზე გაყოლებით. ეს კარიბჭე, სამი ღია თაღით ეკლესიის შესასვლელის წინ, დიდად ამშვენებს ზარზმის ტაძარს (ასეთი კარიბჭე ზარზმის თანამედროვე არც ერთ სხვა დიდ ეკლესიას არა აქვს). განსხვავებულია ჩუქურთმის სახეები და მორთულობის ცალკეული ნაწილებიც. აღმოსავლეთის ფასადზე აქ მთავარ ყურადღებას იპყრობს უზარმაზარი მოჩუქურთმებული ჯვარი მთავარი სარკმლის თავზე. ამგვარ ჯვრებს ქართული ტაძრების ფასადზე ადრეც ვხვდებით, მაგრამ ზარზმის თანამედროვე შენობებში მათი ზომა განსაკუთრებით დიდია. ჯვრის მკლავები ფასადის თითქმის მთელ სიგანეს წვდება. მნახველის გაკვირვება შესაძლებელია გამოიწვიოს დასავლეთის ფასადმა. აქ მთავარი სარკმელი და შესასვლელი ერთ შვეულ ღერძზე არაა მოთავსებული. ეს უჩვეულო შთაბეჭდილებას ტოვებს, მაგრამ ხუროთმოძღვრის ჩანაფიქრი ადვილი გასაგებია: სარკმელი ზუსტად ფასადის ზემო ნაწილის ცენტრშია მოქცეული, შესასვლელი კი ზუსტად ქვემო ნაწილის ცენტრში. ეს ნაწილი კი უფრო განიერია., რადგანაც მას მარჯვენა მხარეს სამხრეთის მინაშენის დასავლეთის კედელი ემატება. გუმბათის ყელზე, ისევე, როგორც საფარის წმ. საბას ტაძარში, თითო სარკმლის გამოტოვებით, ცრუ სარკმელია გაკეთებული. არც ერთ სხვა ეპოქაში, გარდა საფარისა და ზარზმის ეპოქისა, არ გვხვდება. ზარზმის კედლებზე მრავალგვარი ჩუქურთმაა ამოკვეთილი, მაგრამ ხუროთმოძღვარი ამითაც არ დაკმაყოფილებულა და კედლის წყობაში სხვადასხვა ფერის ქვა გამოუყენებია. ზოგან სხვა ფერის ქვა ძირითადი ქვის ფონზეა აქა-იქ მიმოფანტული, გუმბათის ყელზე კი (სარკმლებს ზემოთ) ორგვარი ქვის ჭადრაკული წყობაა. უფრო მეტიც, გუმბათის ყელზე, ჩუქურთმის არშიებში, ფონი შეღებილია. ამის გამო, ჩუქურთმა შორიდან უფრო მკაფიოდ ჩანს. ზარზმის ტაძარი ამჟამად სრულიად დაუზიანებლად დგას, თითქოს ახალი აშენებული იყოს. ხელუხლებელია მისი კედლები და სახურავი. რა თქმა უნდა, ტაძარს ჩვენს, დრომდის უვნებლად არ მოუღწევია. იგი შეაკეთეს XIX-XX საუკუნეთა მიჯნაზე. მაშინ აღადგინეს მისი მხატვრობაც, რომელიც ჭუჭყის ისეთი ფენით იყო დაფარული, რომ ბევრი რამ არც გაირჩეოდა. სამწუხაროდ, შემკეთებელნი მარტო გაწმენდა-გამაგრებით არ დაკმაყოფილდნენ, მათ განაახლეს მხატვრობა და ამან დიდი ზიანი მოუტანა მას. საფარის ნახვის შემდეგ განსაკუთრებით იგრძნობა, რამდენად უსიამოვნოა ფერთა შეხამება ზარზმაში; მხატვრობამ დაკარგა ძველი ქართული ფრესკებისთვის დამახასიათებელი სიცხოველე და მეტყველება. მიუხედავად ამისა, ზარზმის მხატვრობა ძალიან მნიშვნელოვანი ძეგლია. იშვიათია, რომ ძველ მხატვრობაში თითქმის ყველა სურათი და ყველა ფიგურა იყოს გადარჩენილი ისიე, როგორც ზარზმაშია. აქ ტაძრის სრული მოხატულობა გვაქვს. დიდი მნიშვნელობა აქვს იმასაც, რომ ზარზმის მხატვრობაში მრავალი ისტორიული პირის პორტრეტია წარმოდგენილი. ამ პორტრეტებს მხატვრობის, ქვემო რიგი უჭირავს. ტაძარში კარიბჭიდან შევდივართ. სამხრეთის კედელზე, შესასვლელის მხარეს, გამოხატული არიან სამცხის ათაბაგები: სარგის I, მისი ძე ბექა მანდატურთუხუცესი და მისი შვილები სარგის II და ყუარყუარე (იგივე პირნი, რომელნიც საფარაშიაც არიან დახატულნი). ეკლესიის მოდელი ხელში არც ერთს არა აქვს, რაც გვაფიქრებინებს, რომ ზარზმა მათი აშენებული კი არ არის, არამედ ადგილობრივ ფეოდალთა მიერაა აშენებული. ჯაყელები აქ დახატული არიან როგორც ქვეყნის მფლობელნი, მთავარნი და არა როგორც მშენებელნი. სარგის I-ს შარავანდი აქვს გაკეთებული. ეს მოწმობს, რომ იმ დროს იგი უკვე გარდაცვლილი ან ბერად აღკვეცილი იყო. შესასვლელის პირდაპირ, ჩრდილოეთის კედელზე, ყურადღებას იპყრობს დიდი სურათი, რომელიც ცალკეულ ფიგურებს კი არ გამოხატავს, არამედ რაღაც მოქმედებას. მეფის სამოსელში გამოწყობილი კაცი სიგელს აწვდის მის წინაშე მოკრძალებით მოხრილ მოხუც სასულიერო პირს; ამ უკანასკნელის უკან განცალკევებით დგას კიდევ ერთი კაცი. წარწერათა თანახმად, მეფურად გამოწყობილი კაცი მეფე ბაგრატია, სასულიერო პარი – მამა სერაპიონი, ხოლო მის უკან მდგომი კაცი ერისთავთ-ერისთავი – გიორგი ჩორჩანელი. არის კიდევ ერთი წარწერა, რომელიც გვაუწყებს, რომ მეფემ "სიგელნი და ენქერი უბოძა მამასა სერაპიონს”. ისტორიულ ცნობათა შეჯერებით ირკვევა, რომ ეს ბაგრატი იმერეთის მეფე ბაგრატ III-ა (1510-1565), რომელმაც მურჯახეთის ომში გამარჯვების შედეგად სამცხე დაიპყრო და თავის სამფლობელოს შეუერთა. სამცხე მის ხელში 1545 წლამდე იყო. სერაპიონი ხურციძეთა გვარის წარმომადგენელია. ხურციძეები XVI საუკუნეში დამკვიდრდნენ ზარზმაში და ფრიად აქტიური მოღვაწეობა გააჩაღეს. აშკარაა, რომ აქ ხურციძეთა გვარისთვის მნიშვნელოვანი ამბავია გამოხატული. ახალი ხელისუფალი, იმერთა მეფე ბაგრატი, სიგელისა და ენქერის (მღვდელმსახურთა სამოსლის ნაწილია) ბოძებით უდასტურებს ამ გვარის წარმომადგენელს მის უფლებრივ პრივილეგიებს. მაგრამ შორეულ წარსულში, სერაპიონ ზარზმელის დროს მცხოვრები გიორგი ჩორჩანელი რაღად უნდა მოგონებოდათ XVI საუკუნეში? ესეც გასაგებია: ხურციძეებს უნდოდათ ეჩვენებინათ, რომ გიორგი ჩორჩანელი, აქაური მიწა-წყლის მფლობელი, მათი წინაპარი იყო, ხოლო ისინი – მისი შთამომავალნი და კანონიერი მემკვიდრენი. ამგვარად, ბაგრატისა და სერაპიონის პორტრეტები XVI საუკუნისაა და არა ეკლესიის აგების დროინდელი. ალბათ, ამ ადგილას წინათ სხვა სურათი იყო, მაგრამ ხურციძეებმა წაშალეს იგი თავისი სურათის მოსათავსებლად. ამ სურათის მარჯვნივ დახატულია ქართლის კათალიკოსი ეფთიმიოსი, რომელიც ხელებაპყრობილი დგას ქრისტეს წინაშე. ისტორიული წყაროები XIII საუკუნის მიწურულსა და XIV საუკუნის დასაწყისში ორ ეფთიმიოს კათალიკოსს იხსენიებს. შესაძლებელია აქ სწორედ ერთ-ერთი მათგანი იყოს გამოხატული. ჩრდილოეთის კედელზევე, მარცხნივ, კიდევ ოთხი მამაკაცია მწკრივად გამოხატული. ორი მათგანის სახელი წარწერაშია აღნიშნული – ქურციკ და არაბაი. ვინ იყვნენ, ან როდის მოღვაწეობდნენ ისინი, ჩვენთვის უცნობია. ჩრდილო-დასავლეთ გუმბათქვეშა ბურჯის სამხრეთის პირზე კიდევ ერთი ისტორიული პირია დახატული: "ერისთავთ-ერისთავი, მსახურთუხუცესი, სუანთ ერისთავი სუიმიონ გურიელი”. ამ პიროვნების შესახებ ჩვენ სხვა არაფერი ვიცით, მაგრამ გურიელობისა და სვანთ ერისთავობის შეთავსება კი გასაგებია. ვახუშტის თანახმად, ,,გურიელი იტყვის ვარდანისძეობასა”, ხოლო ვარდან სვანთა ერისთავი – ჯერ კიდევ დავით აღმაშენებლის დროს იხსენიება, ბარამ ვარდანისძე კი (აგრეთვე სვანთა ერისთავი) თამარ მეფის დროს. ეს სუიმიონ გურიელი, ჩვენთვის უცნობი პირი, XIV-XVI საუკუნეებში უნდა ვეძიოთ. ზარზმის მხატვრობის სხვა ნაწილები მთლიანად სასულიერო ხასიათისაა. სამრეკლოს პირველი სართული, თავდაპირველად, ორმხრივ (აღმოსავლეთით და დასავლეთით) ღია იყო. ძველი თაღი, რომელიც შემდეგ ამოაშენეს, დასავლეთის მხარეს ეხლაც კარგად ირჩევა. აღმოსავლეთით, თაღს მიშენებული (რამდენადმე წინ გამოწეული) კედელი ფარავს. ზარზმის სამრეკლო ერთ-ერთი უძველესთაგანაი და უდიდესთაგანია საქართველოში. ადვილი შესამჩნევია, რომ ტაძარსა და სამრეკლოს ერთიდაიგივე ოსტატები აშენებდნენ. ერთნაირია საშენი მასალა და მისი დამუშავების ხასიათი; მსგავსია, მეორე სართულის ბოძებისა და ტაძრის სარკმელთა ჩუქურთმები. სამრეკლოს უმთავრესი სამკაულია პირველი სართულის ვარსკვლავისებრი კამარა. ეს დიდი მოჩუქურთმებული "ბორბალი”, რომლის მსგავსი ტაძრის კარიბჭეშიც არის, ახლა ძლივსღა ჩანს. კედლების ამოშენების შემდეგ პირველ სართულში სიბნელეა, დროთა განმავლობაში სანთლებისაგან კამარა ერთიანად შეჭვარტლულა და ჩაშავებულა. მაგრამ, როცა თაღები ღია იყო, მორთულ-მოკაზმული კამარა კარგად ჩანდა და განსაკუთრებით საზეიმო იერს ანიჭებდა ამ სადგომს, რომელიც ეკლესიის გალავანში შესასვლელს წარმოადგენდა. საკუთრივ სამრეკლო მეორე სართულში იყო. ეს ღია თაღებიანი ფანჩატური შიგნით მოურთავია, მაგრამ მისი გუმბათის ქვის წყობა კარგი ოსტატის ხელს ამჟღავნებს.
ამჟამინდელი სახე სამრეკლომ 1577 წელს მიიღო. ხურციძეებმა, რომლებიც იმ დროს ზარზმის მფლობელები იყვნენ, ამოაშენეს პირველი სართულის ღია თაღები და გალავანში გასასვლელი მცირე ეკლესია სამლოცველოდ აქციეს. დაკვირვებული თვალი ადვილად შენიშნავს, რამდენად დაქვეითებული ყოფილა ხელობა XVI საუკუნის მიწურულში. ერთი შეხედვით სამრეკლოს პირველი სართულის აღმოსავლეთ კედლის მორთულობა (ჩუქურთმიან საპირეში ჩასმული სარკმელი და დიდი ჯვარი საპირის ზემოთ) დიდი ტაძრის აღმოსავლეთის კედლისას გავს. აშკარაა, რომ ოსტატს სწორედ ტაძრის აღმოსავლეთის ფასადი გამოუყენებია ნიმუშად მაგრამ საკმარისია შედარება და დავინახავთ, რომ XIV საუკუნის დასაწყისში ოსტატობა ჯერ კიდევ მტკიცე იყო, ახლა კი, ორი შფოთიანი, მრავალი განსაცდელითა და უბედურებით სავსე საუკუნის შემდეგ, ნამდვილი ხელოვნება დავიწყებულია. ქვისმკვეთი ჩუქურთმის სახეთა გამოყვანისას სრულ უსუსურობას იჩენს, სახეები ტლანქია, კვეთა უხეში, უბრალო წესებიც კი არაა დაცული. იგივე ითქმის დასავლეთით ჩაშენებული კედლის შესასვლელსა და სარკმლის მორთულობაზეც. თუმცა შესრულების მხრივ ეს მორთულობა მაინც სჯობს აღმოსავლეთის კედლის ჯვრისა და სარკმლისას. აღმოსავლეთის კედელზე, ჯვრის ზემო კუთხეებში, ხურციძეთა დიდი წარწერაა მოთავსებული. წარწერაში ნათქვამია, რომ "წმინდა ეკლესია”, ე. ი. პირველი სართულის სამლოცველო, "აღეშენა” იოანე მახარებლის სახელზე ფარსმან ხურციძის ბრძანებით, "მღუდელთმთავართმთავრობასა ხურციძისა პატრონის მაწყუერელისა სერაპიონისსა”. ეს ფარსმანი, წარწერის თანახმად "ყოველ ქვეყანასა სახელ განთქმული” და "აგარიანთა პირის დამყოფელი” ყოფილა. "მაწყუერელი” (აწყურელი) აწყურის ეპისკოპოსს ნიშნავს (შესაძლებელია, ეს იგივე სერაპიონ ხურციძე იყოს, რომელიც ტაძარშია დახატული).
ხურციძეების მიერაა გაკეთებული, აგრეთვე, ქვის ტიხარი ტაძრის კარიბჭეში. ეს ტიხარი კარიბჭის მარჯვენა ნაწილს გამოჰყოფს. აქაც სამლოცველო იყო გამართული. ტიხრის წარწერა იხსენიებს "ამისა აღმაშენებელსა წინამძღუარსა ხურციძესა გაბრიელს…, მისა დედასა, პატრონისა ივანეს ასულსა, გულდამ ყოფილსა გაიანეს” და "მისა მამასა, შოთა ყოფილსა შიოს”. გაბრიელის მშობელთა მიერ თავის სახელთა შეცვლა ნიშნავს, რომ ისინი მონაზვნებად აღკვეცილან. ამგვარად ხურციძეებმა XVI საუკუნეში: ზარზმის ეკლესიის მხატვრობა ნაწილობრივ ახლით შეცვალეს, სამრეკლოს ღია პირველი სართული ეკლესიად გადააკეთეს და ტაძრის კარიბჭე გადატიხრეს. გარდა ამისა, ისინი სხვადასხვა ჭედურ ნივთებსაც სწირავდნენ ეკლესიას, ზრუნავდნენ მისი მორთვა-მოკაზმვისათვის. ხურციძეთა მშენებლობა უკანასკნელი თავია ძველი ზარზმის ისტორიაში. XVI საუკუნის ბოლოს, სამცხის სხვა კულტურულ ცენტრებთან ერთად, ზარზმაც დაცარიელდა: "ურწმუნოთა და ბილწთა თათართაგან განირყუნა ზარზმის საყდარი, მონასტერი მოიშალა და მოოხრდა და აიშალა”. ზარზშის მთელი ქონება – ხატები, ჯვრები, სხვა საეკლესიო ნივთები, უპირველეს ყოვლისა კი, უმთავრესი წმინდათაწმინდა ზარზმისა, ფერისცვალების ხატი – გურიას გადახიზნეს და იქ, სოფელ შემოქმედში, საგანგებოდ აშენებულ ახალ ეკლესიაში დაასვენეს. ამჟამად ზარზმის გადარჩენილი განძი ხელოვნების მუზეუმში ინახება.
XVIII-XIX საუკუნეებში მიტოვებული, მაჰმადიანი მოსახლეობით გარშემორტყმული ზარზმა თანდათან ინგრეოდა და ზიანდებოდა. მხატვრობა ისე გაჭუჭყიანდა, რომ XIX საუკუნის ვერც ერთმა მკვლევარმა ვერ შენიშნა მის კედლებზე ათაბაგთა და სხვა ისტორიულ პირთა პორტრეტები. 1905 წელს მას ჩაუტარდა რესტავრაცია, რის შედეგადაც მხატვრობა და სტილისტური თავისებურება შეილახა. წყარო: 1) http://dzeglebi.com/
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!