მარტვილის რაიონში დინოზავრების ნაკვალევის აღმოჩენამ ამ ლამაზი კუთხის ნახვის სურვილი ბევრ ადამიანს აღუძრა. რომ არაფერი ვთქვათ მარტვილის უძველეს ტაძარზე, ბუნების შექმნილ საოცრებებს – მღვიმეებს, ულამაზეს ჩანჩქერებს, ბუნებრივ სვეტებს, ადამიანი აღტაცებაში მოჰყავს.
სოფლის სახელის (სადაც დინოზავრის ნაკვალევი იქნა აღმოჩენილი) – გაჭედილის(მეგრულად გოჭკადირი) გაგონება ბევრ ადამიანში ღიმილს იწვევს. როგორც ამბობენ, XVII საუკუნის დასასრულს, სამეგრელოს მთავარს ბერძენი ოსტატები მოუწვევია, რომლებმაც მდინარე აბაშის ყველაზე ვიწრო ხეობაში, სადაც ორი ხეობა, უნაგირა და ტაბაკონა კიდურებით ერთმანეთს ებჯინება, აგურის ლამაზი ხიდი აუშენებიათ, ისრის წვერის მოყვანილობის ერთი თაღით. ამით ხეობის ორივე ნაპირი გაერთიანდა, რომელიც მაშინ მეტად მნიშვნელოვანი, სტრატეგიული ადგილი ყოფილა. ე.ი. – ხეობა გაჭედეს. სწორედ აქედან შეერქვა სოფელს გოჭკადირი ანუ გაჭედილი.
1918 წლის 15 აპრილს სწორედ აქ მომხდარა შეტაკება წითელ პარტიზანულ ლაშქარსა და მენშევიკურ ჯარს შორის. მდინარე აბაშა ეგრისის მთაგრეხილის გულში იბადება. სათავის სიმაღლე ზღვის დონიდან 389 მეტრია და მთის მდინარედ იწოდება. რაჩხის მთებიდან, 60 მეტრის სიმაღლის, შიშველი კლდის გულიდან გადმოჩქეფს, ვიწროებში მიედინება და სოფლის ბოლომდე ულამაზეს ხეობას ქმნის. მდინარის სათავესთან, სოფელ ბალდაში არის მოთენას მღვიმეც. ადგილობრივთა გადმოცემით, შუა საუკუნეებში მღვიმეს სამხედრო-თავდაცვითი მიზნით იყენებდნენ.
მღვიმის შესასვლელში ქვითკირის კედელია ამოშენებული, კარიც აქვს, თავზე სარკმლით. მღვიმის ბოლოში 2 მეტრი სიღრმისა და 15-20 მეტრის სიგრძის ტბაა. მღვიმეში ადგილობრივ მოსახლეს ადამიანის თავის ქალა და უზარმაზარი ძვლები უპოვია. გარდა ამისა, იქ კიდევ უფრო ადრინდელი, ქვის ხანის ნასახლარებია – ორი კულტურული ფენა. ასევე ქვის ხანის ადამიანების ქვის იარაღები, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ ძველად ადამიანები ამ ადგილებს საცხოვრებლად იყენებდნენ, შემდეგ კი ჩვენს წინაპრებს ციხესიმაგრედ და სამალავად გამოუყენებიათ.
მოთენას მღვიმე ორი დარბაზისგან შედგება. მღვიმიდან გამომავალი წყლის ნაკადი მდინარე აბაშას უერთდება. წყლის დინება ძალიან ჩქარია. სოფელ ბალდის მთიან ორწოხებში მომწყვდეული მდინარე ოფუცხოლეს ღრმულში მრავალ ჩანჩქერად ვარდება. აბაშისპირეთი, შესართავიდან დაწყებული, გაჭედილ-ბალდის მთიანი ვიწროებით, რაჩხის გულამდე, ისტორიულად ჭყონდიდელთა ერთიან სამწყსოს შეადგენდა და ამიტომ საჭყონდიდოს სახელსაც ატარებდა.
თავად ოფუცხოლეს სახელის წარმოშობაც საინტერესოა – ფუცხოლი მეგრული სიტყვაა და ქართულად ფაციფუცს ნიშნავს. ოფუცხოლეს სოფელ ინჩხურსა და გაჭედილს შორის არსებულ, აბაშის ხეობის ულამაზეს ადგილს უწოდებენ, სადაც ჩანჩქერები ჩამოდის. წინათ აქ გაუვალი ტყე და საშიში ადგილი ყოფილა. ყაჩაღები აქ მგზავრებს უსაფრდებოდნენ და თავს ესხმოდნენ. სწორედ ამიტომ, ადგილობრივებმა ამ ადგილს ოფუცხოლე ანუ სწრაფად გასარბენი ადგილი უწოდა. ეს სილამაზე, ბუნებრივია, სამეგრელოს მთავრებს – დადიანებს არ გამოჰპარვიათ; საბანაოდ და საქეიფოდ ისინი სწორედ იქ დადიოდნენ. ეკატერინე ჭავჭავაძეც თურმე იქ ბანაობდა და ამიტომ დადიანების საბანაო ადგილსაც უწოდებენ. სწორედ იქ აღმოჩნდა დინოზავრების ნაკვალევიც. დეტალების გასარკვევად გივი ელიავას სახელობის, მარტვილის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის სწავლულ მდივანს, ქალბატონ ანა ჩიქვანაიას ვესაუბრეთ: - სოფელ გაჭედილთან, მდინარე აბაშის ხეობაში, დინოზავრების ნაკვალევი აღმოჩნდა. აქ ჩვეულებრივი საბანაო ადგილი იყო, მაგრამ ადგილობრივი მოსახლეობიდან არავის შეუმჩნევია უძველესი ხანის, მილიონობით წლის წინანდელი ცხოველის ძვლების ნაშთები და ნაკვალევი. რამდენიმე თვის წინ, ცნობილი მკვლევარი, ილიას უნივერსიტეტის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის საექსპედიციო ჯგუფის ხელმძღვანელი, ბატონი ვასილ გაბუნია, თავის სტუდენტთან ერთად, მარტვილში სტუმრად ჩამოვიდა. მას ხეობა დაათვალიერებინეს.
დათვალიერებისას ბატონი ვასილი დინოზავრის ნაკვალევს წააწყდა. ამის შემდეგ ექსპედიციის ჯგუფი ჩამოიყვანა – ცნობილი პალეონტოლოგი, ვიაჩესლავ ჩხიკვაძე, სპელეოლოგი, ამირან ჯაბრიშვილი. ჯგუფმა მოკვლევა ჩაატარა. მათ კიდევ ბევრი საინტერესო რამ ნახეს – ქანებში, 70-80 მილიონი წლის წინანდელი ცხოველების ძვლების ჩანართები. ეს მარტო საბანაო ადგილზე არ არის ნაპოვნი, სადაც კანიონი მოშიშვლებულია – მთლიანად, აბაშის ხეობაშია. იქ შესვლა მხოლოდ ნავებით შეიძლება. კანიონის ორივე კედელი და ფსკერი (სადაც წყალი აღარ იდგა და ფსკერი მოჩანდა) ძვლოვანი ნამარხებით მთლიანადაა დაფარული. ეს ტერიტორია დაცულ ზონად უნდა გამოცხადდეს, როგორც საინტერესო ძეგლი. შესაძლოა, ეს ქვეწარმავლების ახალი სახეობა იყოს. ილიას უნივერსიტეტის რექტორი, გიგი თევზაძეც ჩამოვიდა და გადაწყდა, რომ კვლევები გაგრძელდება.
- ქალბატონო ანა, წყაროებში თუ მოიპოვება მასალა, რომ ტერიტორია ზღვით იყო დაფარული? - გასული საუკუნის 50-იან წლებში აქ გეოლოგები მუშაობდნენ და მათ მიერ დადასტურებულია, რომ ტერიტორია ადრე ზღვით იყო დაფარული. ამაზე ქანების დანაშრევებიც მეტყველებს – მეცნიერებმა ეს უკვე გამოიკვლიეს. ტერიტორიაზე კირქვის ლამაზი ფენებია. ერთი თვის წინ იქ თავის ქალაც აღმოჩნდა, რომელიც სავარაუდოდ, ამ პერიოდის ცხოველს ეკუთვნის – შესაძლოა, ეს ოთხფეხა დინოზავრი იყოს. ჯერ დასკვნების გაკეთება ნაადრევია, სანამ მასალის შესწავლა არ მოხდება.
ამ ლამაზ ხეობაში, ტინის ნაპრალებში, დადიანებმა ორთვლიანი წყლის წისქვილი ჩადგეს. წისქვილი ამჟამად მოშლილია და ეპარქია ცდილობს, ძველი სახე დაუბრუნოს. ჩანჩქერთან არსებულ დადიანების საბანაო ადგილზე ანუ ხეობაში, ქვის კიბე ჩადის. აქვე იყო აუზი, სადაც კალმახებს უშვებდნენ, ქეიფის დროს კი შემწვარ კალმახს მიირთმევდნენ.
- ქალბატონო ანა, მახსოვს, ადრე იქ ლიფტიც ფუნქციონირებდა და ხეობაში ჩასვლა ლიფტითაც იყო შესაძლებელი, ესეც დადიანების დროინდელია? - ეს უკვე კომუნისტების დროს გაკეთდა, მაგრამ ახლა აღარ ფუნქციონირებს.
- ამ ადგილს სოფელი ინჩხური ესაზღვრება. იქნებ გვიამბოთ სოფლის ისტორია? - ინჩხური ისტორიული სოფელია. რაც ყველაზე აღსანიშნავია, წმინდანი, ჩვენი წამებული პატრიარქი, ამბროსი ხელაია ამ სოფლიდან გახლდათ. ამ სოფლიდან იყო ასევე X საუკუნეში მოღვაწე ჰიმნოგრაფი, იოანე მინჩხი (მინჩხელი). აქაა თამარის ნადარბაზევიც. ლეგენდაც არსებობს, რომ თამარ მეფე და შოთა რუსთაველი აქ ხვდებოდნენ ერთმანეთს. მდინარე ინჩხიას სანაპიროზე, თამარ მეფის ნადარბაზევთან ეპიგრაფიკული ძეგლია ნაპოვნი, წარწერით: "შოთასა”.
ეს წარწერა პატარა ქვაზეა შესრულებული და ამჟამად ჩვენს მუზეუმში ინახება. ვფიქრობთ, რახან ასეთი ლეგენდა არსებობს, შოთა რუსთაველის სახელია ამოტვიფრული. მკვლევრების აზრით, ეპიგრაფიკა სწორედ იმ პერიოდს განეკუთვნება. ამ სოფელშია, სავარაუდოდ, ზედა პალეოლითის ხანის ინჩხურის მღვიმე. მღვიმეს შესასვლელი სამხრეთიდან აქვს, საკარე ბუდე შემორჩენილია, კლდეშია და შიგნით წყალია. მღვიმეში ადრინდელი ქრისტიანული ეპოქისათვის დამახასიათებელი, პატარა ეკლესიაა. სწორედ აქ იქნა ნანახი კულტურული ცხოვრების კვალი. ჩვენს მუზეუმში ინახება მდინარე ინჩხიას სანაპიროზე, გასული საუკუნის 60-იან წლებში ნაპოვნი, 17 მილიონი წლის წინანდელი ცხოველის, მეგაფაუნის წარმომადგენლის, მარტორქის ძვალი. ეს არის გიგანტური ცხოველის ყბის, მენჯის ძვლები და სხვადასხვა ფრაგმენტი. აქედან ჩანს, რომ ამ ტერიტორიაზე უძველეს ხანაში, გიგანტური ცხოველები ცხოვრობდნენ.
- ძალიან ბევრი თვალწარმტაცი ჩანჩქერია მარტვილში; ონიორეს ჩანჩქერზე რას იტყვით? - ეს ულამაზესი ჩანჩქერი სოფელ ბალდიდან 4 კილომეტრში, მდინარე აბაშის ხეობაში მდებარეობს. გადმოცემით, აქ ნივრის მოსაყვანი ადგილი ყოფილა. რამდენიმე მღვიმე სპელეოლოგებმა 60-იან წლებში შეისწავლეს. საყურადღებოა ჯორწყუს მღვიმეც. ზღვის დონიდან 670 მეტრზე, მღვიმე ვრცელი დარბაზით იწყება, სიგრძე 15 მეტრი, სიგანე – 4 მეტრი, ხოლო სიმაღლე – 5 მეტრია. ამ ადგილებში დაცულია ძველ ნაგებობათა ნაშთები. აქვეა წაჩხურას მღვიმეები.
ერთ-ერთს გვირაბის ფორმა აქვს, სიგანე ერთ მეტრამდეა. ტობას მღვიმე კი ბალდის ტერიტორიაზეა, იქ სპელეოლოგი არსენ ოქროჯანაშვილი 60-იან წლებში, კვლევების დროს გარდაიცვალა. ერთ-ერთ დარბაზს მისი სახელი დაერქვა. იქვეა ტობას 80-85 მეტრი სიმაღლის ჩანჩქერიც. ტობას მღვიმის მხოლოდ რამდენიმე დარბაზია შესწავლილი. ერთ-ერთ დარბაზს ნონა გაფრინდაშვილის სახელი დაარქვეს – მაშინ ნონას გამარჯვებების პერიოდი იყო. მღვიმეში 4 ტბაა. ამ ტერიტორიაზე სულ 12 მღვიმეა, რომელთა ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს. ასე რომ, მარტვილში ჩამოსულ სტუმრებს ულამაზესი სანახაობა ელის.
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!