საქართველო მდიდარია ტრადიციებით, ჰოდა რა გასაკვირია, რომ ახალ წლისთვისაც უამრავი ტრადიციები გვაქვს, ისე კაცია და გუნებაო, ამბობენ და ეს ტრადიციები თაობიდან თაობაზე გადაცემისას იცვლება, ზოგი ინარჩუნებს პირვანდელ სახეს, ზოგი ტრანსფორმაციას განიცდის, ზოგი საერთოდ იკარგება. საინტერესოა, არა არც თუ ისე ძველი წარსულის გახსენება, როგორ ხვდებოდნენ ახალ წელს? რა ტრადიციები ჰქონდათ, რა შევინარჩუნეთ, რა ვერ და რა შევმატეთ ახალი?
ბატონი ჯემალ ჭკუასელი, ანსამბლი „რუსთავის" სამხატვრო ხელმძღვანელი იხსენებს მისი ბავშვობის მოგონებებში შემორჩენილ ახალი წლის ტრადიციებს.
ჯემალ ჭკუასელი: "გურული კალანდა წარმოუდგენელი იყო ჩიჩილაკის გარეშე – წმინდა ბასილას წვერებიაო, ამბობდა ასაკოვანი ხალხი. ნაძვსაც ვრთავდით, მაგრამ მახსოვს, მის მოჭრას იქაურები ძალიან განიცდიდნენ. სხვათა შორის, ჩემს ბავშვობაში ჩიჩილაკს თხილის კი არა, ლუკუმფხისგან აკეთებდნენ. არის ასეთი მცენარე გურიაში, არაფერში გამოსადეგარი – არც მერქანი უვარგა და არც ნაყოფი, ჩიჩილაკი კი არაჩვეულებრივი გამოდიოდა. თხილის ჩიჩილაკი ხომ თეთრია, ამას ბუნებრივად გადაჰკრავდა ვარდისა და იისფერი. საოცრად ლამაზი იყო.
დღემდე თვალწინ მიდგას ალილო, რომელსაც მთელ წელიწადს ველოდებოდით. შევიკრიბებოდით 15-16 წლის ბავშვები და მთელი ღამე, ზოგჯერ თოთხმეტგრადუსიან ყინვაშიც კი, დავდიოდით მეზობლიდან მეზობელთან, თან ვმღეროდით – დედი, ერთი კვერცხი მომეც, ღმერთი მოგცემს ბარაქასაო. გვაძლევდნენ კვერცხს, ჩურჩხელას, ტკბილეულს. ყველაზე ძვირფასი საჩუქარი "მუცლის სალოცავი” იყო – ასე ერქვა ნახევარმთვარის ფორმის გურულ ხაჭაპურს, რომელშიც ყველთან ერთად მოხარშულ კვერცხსაც ურევდნენ. ამ ხაჭაპურებს სხვა დროსაც აცხობდნენ, მაგრამ ახალ წელს, ისევე, როგორც აღდგომის კვერცხს, განსაკუთრებული გემო ჰქონდა.
კიდევ ღომის ცეხვა მახსოვს კარგად: ჩაყრიდნენ ჩამურში (ქვის ჭურჭელია, რომელსაც გადაჭრილი ჭურის ფორმა აქვს) ღომს. გრძელი ჯოხი, რომელსაც ბოლოზე სიმძიმე ჰქონდა დამაგრებული, ოთხი-ხუთი მეტრის სიმაღლიდან ძირს ეცემოდა და მარცვალს ურტყამდა, ანუ ცეხვავდა. ეს პროცესი მთელი ღამე გრძელდებოდა. დილით დაცეხვილ მარცვალს გარეცხავდნენ და უგემრიელეს ღომს აკეთებდნენ.
საახალწლო სუფრაზე აუცილებლად უნდა ყოფილიყო მოხარშული ღორის თავი, რომელსაც აგუნას ეძახდნენ. როგორც წესი, კეთდებოდა ყაურმაც. ესეც მთელი რიტუალი იყო. სოფელში რიგ-რიგობით კლავდნენ ღორს და ერთმანეთთან ყაურმაზე მიდიოდნენ. პატარა ღვინოსაც დალევდნენ, ცოტას იმღერებდნენ კიდეც, ერთი სიტყვით, შეკრებისა და მოლხენის საბაბი ჰქონდათ.
აუცილებლად აკეთებდნენ საცივს. დედაჩემი მას განსაკუთრებულად, ბატის ხორცისგან ამზადებდა. ბატის ხორცს წინასწარ ჩამოკიდებდნენ ძელზე და ბოლზე ლორივით გამოჰყავდათ. ამ ხორცის საცივი უგემრიელესი გამოდიოდა. ვინც ერთხელ გასინჯავდა, გამუდმებით ითხოვდა. "შავ საცივს” ეძახდნენ, რადგან "მძაღე ძმრისგან” კეთდებოდა. გოზინაყისთვის განკუთვნილ ნიგოზში შედარებით მუქ ლებნებს გადაარჩევდნენ და ძმართან შეაზავებდნენ. ასეთი ნიგოზი საცივს მუქ ფერს აძლევდა, თუმცა, იმაზე გემრიელი ქვეყნად არაფერი მეგულება. ღომთან და კეცის ჭადთან ერთად საოცრება იყო. კეცის ჭადს ქვის კეცზე აცხობდნენ: გადააფარებდნენ წაბლის ან სხვა მცენარის ფოთოლს, დააკრავდნენ 4-5 სანტიმეტრის სისქის ცომს და ზემოდან ნაცარს და ნაღვერდალს დააყრიდნენ.
აკეთებდნენ კვერსაც, რომელიც ისე მენატრება, მისი გულისთვის გურიაში ჩასვლაც არ მეზარება: კარგად გახურებულ კერას გაასუფთავებდნენ, ჭადის ცომს ჩვეულებრივად ზელდნენ "ხოროში” ფქვილისგან (იყო კიდევ პიპკი, ანუ წმინდად დაფქული ფქვილი, რომელსაც გურიაში არ სწყალობდნენ.), ჩააგდებდნენ პირდაპირ ნაცარში, ფოთოლს ხან დაადებდნენ, ხან არა; დააყრიდნენ ზემოდან ნაცარს და ნაღვერდალს. მახსოვს, დედაჩემი რომ გამოაცხობდა ამ კვერს, გააქანებდა გარეთ, თოვლით გაწმენდდა და მარილს მოაყრიდა. ამ კვერს სჭირდებოდა განსაკუთრებული ყველი, რომელსაც დაკენჭილს ეძახდნენ. აგვისტოს მთის იალაღებიდან ჩამოტანილ ყველს დერგში ჩადებდნენ და ისე მაგრდებოდა, მართლა კენჭებივით იყო. სუფრაზე აუცილებლად უნდა ყოფილიყო პრასი და მდოგვი, რომელსაც შინ ამზადებდნენ და ღორის ხორცთან ერთად მიირთმევდნენ.
რაც შეეხება სასმელს, პირველ რიგში მოგაწოდებდნენ ორმოცდაათ გრამ არაყს და შემდეგ უკვე ღვინოს. ღვინო სხვადასხვანაირი იყო: ადესა, ცოლიკაური, თუმცა, ამათ გარდა გურიაში არსებობდა ძალზე წარმატებული ყურძნის ჯიშები – ჩხავერი, ჯანის ღვინო, ალადასტური. ჩხავერი ღმერთების სასმელია, რომელიც დღეს თითო-ოროლა ოჯახშია შემორჩენილი. ძირითადად ხეზე იზრდებოდა და იკრიფებოდა მაშინ, როდესაც პირველი ყინვა დაკრავდა. მარცვლები ამ დროს თითქმის დაჩამიჩებულია და ერთი შეხედვით, რა ღვინო უნდა გამოვიდესო, იფიქრებ, მაგრამ უგემრიელესი სასმელი დგება. ოქროსფერი ღვინოა, მშრალი, სადესერტოც არსებობს. ჯანის ღვინოც ხეზე იზრდებოდა. სხვათა შორის, ძალიან ძვირფასი ჯიში ყოფილა და ახლა ცდილობენ მის აღდგენას.
თოფის სროლა იცოდნენ კიდევ. ახალ წელს ისეთი ბათქა-ბუთქი ატყდებოდა, თითქოს ცა ჩამოიქცაო. თორმეტი საათის შესრულებას ვინ უცდიდა, თხუთმეტი-ოცი წუთით ადრე იწყებდნენ სროლას. ხუმრობდნენ კიდეც, გურიაში ახალი წელი თხუთმეტი წუთით ადრე მოდისო.
ჩემს ბავშვობასთან შედარებით ბევრი რამ შეიცვალა, წეღან მწარედ ვიხუმრე, ტრადიცია დარჩა, მაგრამ ღორის თავი დაიკარგა-მეთქი. ეს იმიტომ, რომ გაჭირდა ცხოვრება და ამ ღორს ბევრი საახალწლოდაც ვერ ყიდულობს. თუმცა, თუ რომელიმე ოჯახს არა აქვს, მეზობელი აჩუქებს – ახალი წელია და სჭირდებაო”.