ეს ამბავი იმერეთის ერთ-ერთ სოფელში მოხდა და მიუხედავად იმისა, რომ ამ ყველაფრიდან საკმაოდ დიდი ხანია გასული, მას დღემდე ანეკდოტად ყვებიან..
მაშინ სოფელში ცხოვრობდა ერთი ნადირობის მოტრფიალე კაცი _ ონისე მხეიძე, ძაღლიც ჰყავდა _ ღრმადპატივცემული ლომა. ონისე დღესაც ცოცხალია, ცხოვრობდა-მეთქი იმიტომ ვამბობ, რომ ახლა მთლად ისეთი აღარ არის, როგორიც ადრე იყო... იმ დროს იგი ჯერ კიდევ დაუქორწინებელი გახლდათ.
გავიდოდა დილით ონისე გარეთ, დაჯდებოდა საფიხვნოში და თავის საგმირო საქმეებს მოუთხრობდა იქ მყოფთ: ევიღე ერთ დღეს ჩემი სანადირო თოფი, შენ ხარ ჩემი ბატონი და, წევედი ტყეში. რასაკვირველია, თან ლომაც გევიყოლიე, აბა, სხვანაირად რაფერ მოვიქცეოდი?! ვიფიქრე: შემომხვდება რაცხა, კურდღელი ან მწყერი-თქვა და... დათვი არ შემხვდა?! არ შევუშინდი და თოფი მოვიმარჯვე, მაგრამ ვინ
დამაცადა სროლა _ გაჰკრა ამ შეჩვენებულმა თოფს ხელი და მეისროლა საცხა ჯანდაბაში!
_ შენ რა გეგონა ერთი, ონისე ჭკუითგატენილო, გაგიწვებოდა ის დათვი წინ და აქეთ შეგეხვეწებოდა: შენს ბედნიერებას, მომკალიო?! ჰა? _ სიცილით დაეკითხა მონადირეს ულვაშა, ოდნავ ჩასხმული იოსები, რომელიც სულ წაჰკბენდა ხოლმე ონისეს.
ონისე ერთი ახალგაზრდა, გამწლიკული ვინმე იყო, მაგრამ მაინც იხტიბარს არ იტეხდა. ახლაც, როცა გივის ხარხარში არც სხვები ჩამორჩენილან, ონისეს ხმა არ ამოუღია, სახეზე კი წყენა და ბრაზი გამოეხატა. ერთხანს ასე იყო, მერე ახარხარებულ მეზობლებს შეუძახა:
_ აქ კი ჩემმა ლომამ იმარჯვა და დათვს პირდაპირ ყელში ეცა. მე მანამდე ჩემს თოფს მოვკარი თვალი და ვესროლე იმ ჩასაქოლს! _ ტრიუმფით დაასრულა თავისი თავგადასავალი მამაცმა მონადირემ და იქ მყოფთა მზერა რომ დაიჭირა, თითქოსდა გაოცებით დაამატა: რავა, არ გჯერათ ახლა ეს თქვენ?!
_ გვჯერა, გვჯერა, რაფერ არ დევიჯერებთ, შე კაცო?! _ ყველას მაგივრად უპასუხა იოსებმა, თან მზაკვრული ღიმილი აუთამაშდა სახეზე _ მარა... შენს სახლში დათვის ტყავი არ შემიმჩნევია...
იოსები ერთსღა ფიქრობდა: ,,ახლა კი გამოვიჭირე ეს უბედურიო!\" მაგრამ არც ამჯერად გაუმართლა:
_ შენ კი კაი დაგემართოს, ჩემო იოსებ, იმხელა იყო ის მიწადასაყრელი, ვერასგზით ვერ დავძარი და იქვე ტყეში დავტოვე, აბა! _ გამარჯვებული სახით განაცხადა ონისემ.
იოსებს სახეზე შეეტყო, რომ ეს არ ესიამოვნა. მთელმა სოფელმა იცოდა ონისეს ბაქიაობის ამბავი, მიუხედავად ამისა, იოსების გარდა ასე თავგამოდებით მის ტყუილში გამოჭერას არავინ ცდილობდა. ამ წუთშიც მათთვის სულ ერთი გახლდათ მართლა მოკლა ონისემ ის დათვი, თუ არა.
მთავარი იყო, რომ რაღაც მოისმინეს და გული გადააყოლეს, მცირე ხნით დაივიწყეს თავიანთი გასაჭირი. მაინცდამაინც გულთან ახლოს არც სახელგანთქმული მონადირისა და იოსების ქიშპობა მიჰქონდათ და ამაზე მხოლოდ ერთობოდნენ.
II
მალე სოფელს გაჭირვება დაადგა თავს:
_ ათიდან ექვსი ქათამი გამიწყვიტა იმ უგვანომ, იმან!
_ ჩემი შვიდი ვარია წეიღო იმ უდღეურმა!
_ ჩემიც სამი მეიპარა, ცეცხლად შეერგოს მელაა თუ ტურა! _ ისმოდა დედაკაცების ვიშვიში.
იოსებმა, როგორც ყველაზე გავლენიანმა კაცმა კრება მოიწვია, რომელიც ტრიალ მინდორზე გაიმართა..
_ ვინმემ თუ დეინახა, დაახლოებით მაინც რომ ვიცოდეთ, რა ცხოველთან გვაქვს საქმე? _ იკითხა იოსებმა.
_ მე ვფიქრობ, მელიაა. _ თქვა ვიღაცამ.
_ მე ტურა მგონია.
_ არც ერთი და არც მეორე! _ ნიშნისმოგებით იყვირა რომელიღაცამ უკნიდან. ოხ ოხ ოხ ოხ! _ იოსებმა დანანებით გააქნია თავი _ გამოატარეთ ეგ ოჩოპინტრეს რისხვა!
ონისეს იქაურთა სიცილისთვის ყურადღება არ მიუქცევია და მედიდურად გავიდა წინ.
_ რა ნახე ერთი, გვითხარი! _ იოსებს ხმაზე ეტყობოდა _ მას არანაირი იმედი არ გააჩნდა, რომ ონისე დაეხმარებოდა სოფელს.
_ როგორი და... ფოთქოლია! _ ეგ რაფერ, ბიჭო?! _ იკითხა ერთმა ხელჯოხზე დაყრდნობილმა, მხცოვანმა კაცმა _ მგელი რუხი ვიცი მე!
_ არა, ბაბუ, ნამდვილად თოვლივით ფითქინა იყო... _ ონისე თავისას არ იშლიდა და კიდევ უფრო დაწვრილებით აღწერდა ნანახს, დედამისს რომ არ შეეშალა ხელი:
_ უიი! რაებს როშავ შე არგასახარებელო, შენა?! გაჩუმდი, ბიჭო, ოჯახს მაინც ნუ არცხვენ!
_ კარგით ახლა, დაწყნარდით! _ საქმეში ჩაერია იოსები _ ყველამ ხაფანგები დააგეთ და ვნახავთ რაც არის! ახლა დეიშალეთ და საქმეს მიხედეთ, თვარა დეიტაცა მთელი ქათმები იმ ტყვიითგასაგორებელმა და ეგ არის!
სოფელიც საქმეს შეუდგა. ამ გულმოდგინებამ თავისი შედეგიც გამოიღო _მეორე დილით ქურდი უკვე ხაფანგში იყო გაბმული და მთელ სოფელს ერთ ეზოში მოეყარა თავი. ონისე ცოტა მოგვიანებით მივიდა.
მანამდე ყველა დუმდა, ონისეს მიახლოებისთანავე ჩუმჩუმად ფხუკუნი დაიწყეს. ხალხის ამგვარი ქცევით გაკვირვებული მონადირე ხაფანგთან ნელა მივიდა და წინ საოცარი სურათი გადაეშალა: ხაფანგშიფეხმოყოლილი მისი ლომა გულსაკლავად წკავწკავებდა! ონისემ ხან იქ მყოფთაკენ გააპარა მზერა, ხან თავისი ყავისფერი, ტკივილისგან აწკმუტუნებული ნაგაზისკენ.
_ აგია, ბიჭო, ფოთქოლია?! _ სიცილით დაეკითხა ის ხელჯოხიანი მოხუცი.
_ აგია, ბიჭო, მგელი?! არ გეიშვა გლახაკის არაფერი! მონადირე ხარ ახლა, შენ?! მგელი და საკუთარი ძაღლი ვერ გაგირჩევია ერთმანეთისაგან! _ მიაყარა ქოქოლა დედამისმა. ონისე კი იდგა თავჩაღუნული და სირცხვილისგან ერთთავად აჭარხლებული, იდგა და ხმას არ იღებდა. იოსები მხოლოდ იღიმებოდა. რაღაცნაირად შეეცოდა ონისე და არაფერი უთქვამს. იმ დღიდან უფრო დაუახლოვდა კიდეც.
არავინ იცის, რატომ მოეჩვენა ონისეს თავისი ლომა თეთრ მგლად, ან თუ არ მოსჩვენებია, რისთვის თქვა ასეთი სულელური ტყუილი. ერთი კია _ იმ დღიდან ონისემ სამუდამოდ დაანება ნადირობას თავი, საფიხვნოშიც იშვიათად ჩნდებოდა.
მაგრამ დრო ყველაფრის მკურნალია და ახლა ოთხმოცდაშვიდი წლის ონისე შვილთაშვილებთან ძველებური ხალისით იხსენებს ხოლმე ამ ამბავს.
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!