კილიმანჯარო მარადთოვლიანი მთაა, 19710 ფუტის სიმაღლისა, და აფრიკაში ამ სიმაღლე მთა მეორე არ არისო, ამბობენ. მის დასავლეთ მწვერვალს «ნგაი ნგაის,» ანუ ღვთის სახლს უწოდებენ. ზედ მწვერვალთან ლეოპარდის გაყინული და გამოფიტული გვამი გდია.
კაცმა არ იცის, რამ აიყვანა იმ სიმაღლეზე.
_ საოცარია, სულ აღარ მტკივა,_თქვა მან,_ასე იწყება ხოლმე, ეს არის პირველი ნიშანი. _ მართლა არ გტკივა? _ სავსებით. ოღონდ ამ სუნს რა ეშველება. მომიტევე, ალბათ გულს გირევს. _ კარგი ერთი, თუ ღმერთი გწამს. _ აბა, შეხედე,_თქვა კაცმა,_ნეტა ვიცოდე, ასე რა იზიდავთ_სუნი, თუ სანახაობა. მიმოზის გადმობურულ ჩრდილში იწვა კაცი, და როცა მზისგან ალმურმოკიდებულ მინდორს გახედა, სამი უშველებელი ფრინველი შენიშნა _ ფეხები უტიფრად გაეჩაჩხათ და ჩაცუცქულიყვნენ, ცაში კი ერთი დუჟინი ასეთივე ფრინველი დასრიალებდა, მათი ჩრდილები მიწაზე ელვის სისწრაფით დაქროდა. _ რაც საბარგო მანქანა გაგვიტყდა, სულ აქ ირევიან,_განაგრძო კაცმა,_ დღეს პირველად დაეშვნენ მიწაზე, წინათ ძალიან გულმოდგინედ ვაკვირდებოდი, იქნებ როდესმე მოთხრობაში გამოვიყენო-მეთქი. ახლა უკვე სასაცილოდ მეჩვენება. _ ნეტა არ აიხირებდე! _ უთხრა ქალმა. _ ჩემთვის ვლაპარაკობ, გულს ვიოხებ,_უთხრა კაცმა, _ ოღონდ ეს არის, რომ შენს შეწუხებას ვერიდები. _ შენც ხომ იცი, რომ ამითი მე არა ვწუხდები,_მიუგო ქალმა,_პირიქით, ის მიშლის ნერვებს, რომ ხელფეხშეკრულივითა ვარ, ვერაფერი გამიკეთებია. რამდენადაც კი შეიძლება, მხნედ უნდა ვიყოთ და ისე ველოდოთ თვითმფრინავს. _ უცადე, მანამ მოვიდოდეს! _ მითხარი მაინც, რა გაგიკეთო. ნუთუ არაფერი შემიძლია! _ შენ შეგიძლია ფეხი მომკვეთო და შეაჩერო. თუმცა ეგეც მეეჭვება.
ან არადა, მესროლო და გამათავო. უკვე მარჯვედ ისვრი. აკი მე თვითონ გასწავლე სროლა! _ კარგი რა, თუ ღმერთი გწამს. გინდა წაგიკითხო? _ რა უნდა წამიკითხო? _ შევარჩევ რამეს ჩანთაში, რაც არ წაგვიკითხავს. _ ვერ მოვისმენ,_უთხრა კაცმა,_ყბედობა გაცილებით ადვილია. ჩვენ ვჩხუბობთ და ამითი დრო გაგვყავს. _ მე როდის გეჩხუბები. სადა მაქვს ჩხუბის თავი. ნუღარც ვიჩხუბებთ.
რა ვუყოთ, რომ ნერვები მოგვეშალა. იქნებ დღესვე გამოგვიგზავნონ საბარგო მანქანა, ან თვითმფრინავი გამოჩნდეს. _ სულ ერთია, ფეხსაც არ მოვიცვლი აქედან,_თქვა კაცმა,_რაღა აზრი აქვს წასვლას. ეს არის, შენ გეშველება. _ რა სილაჩრეა! _ დააცადე კაცს, დამშვიდებით ამოხდეს სული, რაღას ლანძღავ! გინება რომ საქმეს შველოდეს! _ არ მოკვდები. _ რას სულელობ_ვკვდები და ეს არის. აბა, იმ აქოთებულებსა ჰკითხე,_ იქითკენ გაიხედა, სადაც ის უშველებელი, ბინძური ფრინველები ჩაცუცქულიყვნენ და გატიტვლებული თავები აჩეჩილ ბუმბულში ჩაერგოთ. ახლა მეოთხეც დაეშვა დაბლა. ცოტაზე წაფაფხურდა და მერე ბაჯბაჯით წავიდა დანარჩენებისაკენ. _ მაგათ რას უყურებ, კარავი თუ დალანდეს სადმე, მაშინვე იქ გაჩნდებიან. და კაციშვილი არ აქცევს ყურადღებას.
თვითონვე თუ არ დაჰყარე ფარ-ხმალი, არ მოკვდები. _ ეგ სად ამოიკითხე? ჰოი, რა რეგვენი ხარ! _ სხვაზედაც უნდა იფიქრო. _ მადლობა ღმერთს, ჩემი დღე და მოსწრება მეტი არაფერი მიკეთებია. კაცი ისევ მიწვა და ერთხანს ხმა არ გაუღია, გაჰყურებდა გაფიცხებული მინდვრისაგან ალაპლაპებულ ჰაერს და თვალს ბუჩქებს უწვდენდა. ხედავდა ქურციკებს, სულ გალეულებსა და თეთრებს ამ ყვითელ ფონზე, უფრო შორს კი_ზებრის ჯოგს, რომელიც ბუჩქების სიმწვანეში ქათქათა თეთრი ჩანდა. შესანიშნავი ადგილი შეერჩიათ კარვის გასაშლელად_დაბურული ხეების ქვეშ, ზედ მთის ძირში ანკარა წყალი, და სულ ახლოს, იქვე ნახევრად დამშრალი წყარო, რომელსაც დილდილაობით კაკბების გუნდი გადაუფრენდა ხოლმე. _ არ გინდა, რამე წაგიკითხო?_ჰკითხა ქალმა, იგი საწოლთან იჯდა, ტილოს დასაკეც სკამზე,_აგერ ნიავმაც წამოუბერა. _ არ მინდა. მადლობელი ვარ. _ იქნებ მანქანაც გამოჩნდეს. _ ჩემთვის სულ ერთია, გამოჩნდება თუ არა. _ ჩემთვის _ არა. _ ასეა ხოლმე_რაც ჩემთვის სულ ერთია, შენთვის არ არის სულერთი. _ ეს არცთუ ისე ხშირად ხდება, ჰარი. _ მოდი, დავლიო? _ გაწყენსო, გითხრეს. ბლეიკსაც ასე აქვს, ალკოჰოლს ერიდონო. ნუ დალევ. _ მოლო! _ გასძახა კაცმა. _ აქა ვარ, ბვანა. _ სოდიანი ვისკი! _ ახლავე, ბვანა. _ ნუ დალევ,_უთხრა ქალმა,_სწორედ ამას ჰქვია ფარ-ხმალის დაყრა. ვნებსო, გეუბნებიან.
მეც ხომ ვიცი, რომ გაწყენს. _ რას ამბობ,_თქვა კაცმა,_მომიხდება კიდეც. მაშ ასე, ყველაფერი გათავდა, ფიქრობდა იგი. მორჩა, ვეღარასოდეს მოაბამს ბოლოს. სასმელზე დავა ყოფილა ყველაფრის ბოლო. რაც მარჯვენა ფეხის განგრენა დაეწყო, ტკივილი გაუქრა, ხოლო ტკივილთან ერთად შიშიც გაქრა. საშინელ დაქანცულობასღა გრძნობდა ახლა, და თან ბრაზს, რომ ყველაფრის ბოლო ეს აღმოჩნდა. ის, რაც ასე ახლოვდებოდა, თითქმის არავითარ ინტერესსა და ცნობისმოყვარეობას არ აღუძრავდა. რამდენი წელიწადია თანა სდევს ის, მაგრამ ახლა უკვე აღარავითარი მნიშვნელობა არ ჰქონდა.
საოცარი კია_დაქანცულობამ როგორ გაუიოლა ყველაფერი. მორჩა, ვეღარასოდეს დაწერს იმას, რასაც ამდენი ხანი ელოლიავებოდა და მხოლოდ დროსღა უცდიდა, რათა უფრო ხეირიანად გასცნობოდა და კარგად დაეწერა. სამაგიეროდ მარცხსაც არ გამოსცდის. იქნებ სულაც არა ხარ ამის დამწერი და ამიტომაც სდებ და სდებ_ვერა და ვერ გაგიბედავს დაწყება. ვინ იცის. ახლა რაღას გაიგებ. _ ნეტა სულაც არ ჩამოვსულიყავით, _ თქვა ქლმა. იგი შეჰყურებდა კაცის ხელში ჭიქას, და ტუჩებს იკვნეტდა,_პარიზში ხომ არ დაგემართებოდა ამისთანა რამე. სულ პირზე გეკერა, პარიზი მიყვარსო.
ან პარიზშივე დავრჩებოდით, ან სადმე სხვაგან წავიდოდით. აკი გეუბნებოდი, საცა იტყვი, იქ წავიდეთ-მეთქი. ნადირობა თუ მოგენატრებოდა, უნგრეთში გადავიდოდით, და, რასაც ისურვებდი, ყველაფერი გექნებოდა. _ ოჰ, ეს შენი ოხერი ფული! _ ეს კი უსამართლობაა,_თქვა ქალმა,_ჩემი და შენი ფული ვინ გაყო! ყველაფერი მივატოვე და შენ გამოგყევი. საცა მოიგუნებებდი, იქ მოგყვებოდი, რასაც მოისურვებდი, იმას ვაკეთებდი. მაგრამ, ნეტა აქეთ არ გვექნა პირი. _ აკი ამბობდი, აქაურობა მიყვარსო. _ მიყვარდა კიდეც, მანამ შენ კარგად იყავი. ახლა კი მძულს. რაღა მაინცდამაინც შენს ფეხს ეცა.
რა დავაშავეთ ასეთი! _ ჩემი დანაშაული ის არის, რომ, როცა ფეხი გამეკაწრა, იოდის წასმა ვერ მოვიფიქრე. მერე სულაც გადავივიწყე, იმიტომ, რომ ჩემს დღეში არავითარი ინფექცია არ შემჭრია. ბოლოს, როცა მაგრად ამტკივდა, კარბოლის სუსტ ხსნარს ვხმარობდი, სხვა ყველაფერი გაგვითავდა. ამან გამოიწვია წვრილი ძარღვების დამბლა, და განგრენაც დამეწყო,_კაცმა ქალს შეხედა._ სხვა რა? _ მაგას არ გეუბნები. _ ეს ჩამოფხრეწილი აფრიკელი შოფერი რომ არ აგვეყვანა და ნამდვილი მექანიკოსი დაგვექირავებინა, ადრევე შენიშნავდა ზეთის ნაკლებობას და მანქანა აღარ გაგვიფუჭდებოდა. _ არც მაგას გეუბნები. _ შენს ხალხს რომ არ მოსწყვეტოდი_იმ ვესტბორელ, სარატოგელ და პალმბიჩელ ოხრებს და მამაძაღლებს, და მე არ გამომყოლოდი… _ აბა, რატომ ლაპარაკობ_მე ხომ მიყვარდი.
ეს უსამართლობაა. ახლაც იმგვარადვე მიყვარხარ. მუდამაც მეყვარები.
შენ არ გიყვარვარ? _ არა,_უთხრა კაცმა,_არა მგონია. არც არასოდეს მყვარებიხარ. _ რას ამბობ, ჰარი? სულ დაკარგე ჭკუა?! _ არა. რაც არ მქონია, რას დავკარგავდი! _ ნუღარ დალევ მაგას,_უთხრა ქალმა,_ნუ დალევ, ძვირფასო. თუკი რამე შეგვიძლია, ყველაფერი უნდა ვიღონოთ. _ შენ რაც გინდოდეს, ქენი,_თქვა კაცმა,_მე დავიღალე.
თვალწინ წარმოუდგა რკინიგზის სადგური ყარაგაჩში. დგას ზურგჩანთამოკიდებული, და სიმპლონ_ორიენტის ექსპრესის დიდი ფარანი ღამის წყვდიადს მიაპობს. ეს იყო თრაკიიდან უკანდახევის დროს, და თვითონაც უკან ბრუნდებოდა. ესეც მოთხრობისათვის ჰქონდა შემონახული.
ესეც და აი რა კიდევ: დილაა და საუზმეს უსხედან, ფანჯრიდან გაჰყურებენ თოვლს ბულგარეთის მთებზე, ხოლო ნანსენის მისიის მდივანი ბერიკაცს ეკითხება, ეს თოვლია თუ რაო? და ბერიკაციც გაიხედავს ფანჯარაში და იტყვის, არა, თოვლი არ არისო. ჯერ რა დროს თოვლიაო. და მდივანიც გაუმეორებს სხვა გოგოებს _ ხომ ხედავთ, რა დროს თოვლიაო, და ისინიც ერთხმად შესძახებენ_მოგვჩვენებია, თოვლი არ ყოფილაო. სინამდვილეში კი მართლაც თოვლი იყო, ხოლო როცა მოსახლეობის გაცვლა დაიწყო, ბერიკაცმა ქვეყნის ხალხი გაგზავნა მთებში. და ხალხი ძლივს მიიკვლევდა გზას თოვლში, მანამ ერთიანად არ გაწყდნენ იმ ზამთარს. გაუერტალში ყოფნის დროსაც მთელი შობის კვირა თოვდა იმ წელიწადს. მაშინ ტყისმჭრელის სახლში ცხოვრობდნენ, და ნახევარი ოთახი შორენკეცის დიდ, ოთხკუთხა ღუმელს ეჭირა, და წიფლის ფოთლით გატენილ ნაალებზე ეძინათ. მაშინ იყო, დეზერტირი რომ მოადგა სახლს, ხოლო მის სისხლიან ფეხს თოვლზე წითელი კვალი გაეტარებინა.
პოლიცია ფეხდაფეხ მომდევსო, და ამათ ღაზლის წინდები მისცეს, ხოლო ჟანდარმები ლაპარაკით შეიქციეს, მანამ ნაკვალევი თოვლმა არ დაფარა. შრუნსში, შობა დღეს, წირვიდან დაბრუნებულ ხალხს რომ გახედავდი სამიკიტნოდან, თოვლის ბრჭყვიალება თვალს მოგჭრიდა. სწორედ იმ შრუნსში იყო, მძიმე თხილამურებს რომ გაიდებდნენ მხარზე და შარდისგან გაყვითლებულსა და მარხილებით გატკეპნილ გზას აუყვებოდნენ, მდინარის პირ-პირ; ნაძვებით დაბურულ ციცაბო სერს აივლიდნენ და მერე მოწყვეტით დაეშვებოდნენ მადლენერ-ჰაუზის ყინულზე. თოვლი იყო შაქარყინულივით გლუვი და ფხვნილივით მსუბუქი; აგონდებოდა, დიდი სისწრაფის გამო რა უხმაუროდ ეშვებოდნენ და როგორ ჩიტივით დასკუპდებოდნენ დაბლა. ნამქერმა მთელი ერთი კვირა ფეხი არ მოაცვლევინა მადლენერ-ჰაუზიდან. ისხდნენ და ახრჩოლებული ფარნის მბჟუტავ სინათლეზე კარტს თამაშობდნენ. რაც უფრო მეტს აგებდა ჰერ ლენტი, მით უფრო მეტსა და მეტს ჩამოდიოდნენ ფულს. ბოლოს ყველაფერი წააგო _ სათხილამურო სკოლის ფული, მთელი სეზონის შემოსავალი, თავნიც. ახლაც თვალწინ ედგა, რა გაფაციცებით იღებდა ეს გრძელცხვირა კაცი კარტს და მერე ერთბაშად გაშლიდა _ «შანს ვოირ», წუთსაც არ აცდენდნენ: ბარდნიდა_თამაშობდნენ, გადაიღებდა _თამაშობდნენ.
გაიფიქრა _ მთელ ჩემს სიცოცხლეში კარტის თამაშზე რამდენი დრო წამსვლიაო. მაგრამ ერთი სტრიქონიც არ დაუწერია არც იმაზე, არც შობის იმ ცივ, ჭახჭახა დღეზე, როცა მინდვრის გადაღმა წამომართული მთები გარკვევით ჩანდა; მერე ბარკერმა გადაუფრინა ამ მთებს ფრონტის ხაზიდან, რათა ფრონტიდან შინ მიმავალი ავსტრიელი ოფიცრების მატარებელი დაებომბა; ხოლო როცა ოფიცრები გაიფანტნენ და გაიქცნენ, ტყვიამფრქვევი დაუშინა. გაახსენდა, როგორ შევიდა მერე ბარკერი ოფიცერთა სასადილოში და ამის მოყოლა დაიწყო, როგორ ჩაუვარდა ყველას ენა და ბოლოს ვიღაცამ შეჰყვირა_შე ნაბიჭვარო ყასაბოო! სწორედ ეგ ავსტრიელები იყვნენ _ მაშინ ხოცავდნენ, უფრო მოგვიანებით კი თხილამურებზე დასრიალებდნენ მათთან ერთად. თუმცა არა, იგივე ხალხი არ ყოფილა. ჰანსი, რომელთანაც ერთად თხილამურებით დადიოდა მთელი წელიწადი, კაიზერის ეგერთა პოლკში იყო, და კურდღელზე სანადიროდ რომ გაემართნენ სახერხი ქარხნის ზემოთ პატარა მინდვრისაკენ, ლაპარაკი ჩამოვარდა პასუბიოს ბრძოლებზე, პეტრიკასა და ასალონეს იერიშებზე… და ერთი სიტყვაც არ დაუწერია ამაზე. არც მონტე კორნოზე, არც სიეტე კომუმზე, არც არსიედოზე. რამდენი ზამთარი გაატარა ფორალბერგსა და არლბერგში? ოთხი, და უცებ ერთი კაცი მოაგონდა _ ბლუდენცისკენ რომ მიდიოდნენ საჩუქრების საყიდლად, ეს კაცი მელასა ჰყიდდა; მოაგონდა დიდებული კირში, რომელსაც ალუბლის გემო დაჰკრავდა, ფიფქი თოვლის კორიანტელი გალიპულ ბილიკზე, «ჰი! ჰო! როლი როლის» წამღერება, როცა უკანასკნელად მოუხვევდნენ და ციცაბო გორაკს მიადგებოდნენ, იქიდან პირდაპირ დაშვება, სამჯერ მოქნევა და ბაღის ბოლოში ხარ, არხს გადაევლები და სასტუმროს უკან გახვალ, ყინულით გასლიპულ გზაზე. სამაგრებს მოუშვებ, ფეხს მოიქნევ, თხილამურებს წაიძრობ და სასტუმროს ფიცრულ კედელზე მიაყუდებ, ფანჯრიდან ლამპის შუქი გამოდის, შიგნით კი, კვამლით გამოვსებულ, ღვინის ოხშივარით გამთბარ ოთახში, აკორდეონს უკრავენ.
_ პარიზში სად ვიდექით? - ჰკითხა მან ქალს, რომელიც ზედ სასთუმალთან ეჯდა, ტილოს დასაკეც სკამზე, აქ, აფრიკაში. _ კრიიონში. შენ თვითონაც ხომ იცი! _ მე საიდან უნდა ვიცოდე? _ მუდამ იქ არ ვჩერდებით! _ არაფერიც.
მუდამ არა. _ იქა და ჰენრი მეოთხის პავილიონში, სენ ჟერმენზე. აკი მიყვარს იქაურობაო! _ სიყვარული ნეხვის გროვაა,_თქვა ჰარიმ,_მე კიდე მამალი ვარ, შევხტები ამ გროვაზე და ყიყლიყოს ვიძახი. _ შენ მიდიხარ_მიდიხარ, აქ აღარავის ტოვებ?_უთხრა ქალმა,_ყველა თან უნდა გაიყოლო? ცხენსაცა კლავ, ცოლსაც, და აბჯარ-უნაგირიც ცეცხლს უნდა მისცე?! _ უსათუოდ. შენი ოხერი ფულია ჩემი აბჯარი. _ გაჩუმდი ერთი! _ კარგი. აღარ ვიტყვი. გული რად უნდა გატკინო! _ ცოტა გვიან კი მოგივიდა. _ რახან ასეა, აღარ მოგეშვები. გავერთობი მაინც. ერთადერთი რაღაცის გაკეთება მიყვარდა შენთან ერთად, და უკვე იმის თავიც აღარა მაქვს. _ არა, არა ხარ მართალი.
სხვაც ბევრი რამე გიყვარდა. და რასაც შენ მოიწადინებდი, მეც ვაკეთებდი ხოლმე. _ კარგი ერთი, თუ ღმერთი გწამს, მოეშვი მაგ ტრაბახს. ქალს შეხედა და ნახა, რომ ტიროდა. _ მოიხედე,_უთხრა მან,_შენ გგონია, მე მსიამოვნებს! თვითონაც არ ვიცი, რატომ ვაკეთებ ამას. სხვასა კლავ, რომ საკუთარი სიცოცხლე შეიგრძნო_ალბათ, ეს არის მიზეზი. როცა ლაპარაკი დავიწყეთ, არავითარი ცუდი განზრახვა არა მქონია. ახლა კი ლამის გავცოფდე და შენც ასე გაწამებ. ყურს ნუ ათხოვებ ჩემს სიტყვებს, ძვირფასო. ხომ იცი, მიყვარხარ, გულით მიყვარხარ.
შენსავით არც არავინ მყვარებია. ახლაც ჩვეულებრივ იცრუა.
ეს აჭმევდა პურს. _ რა ტკბილი ხარ! _ აი, შე ძუკნავ,_უთხრა კაცმა,_მდიდარო ძუკნავ. მეტი კი არაფერია პოეზია. პოეზიით ვარ სავსე. პოეზიითა და სიდამპლით. დამპალი პოეზიით. _ გაჩუმდი, ჰარი. რა ეშმაკი შეგიძვრა! _ აღარაფერს ვტოვებ ჩემს შემდეგ,_თქვა კაცმა,_ყველაფერი თან უნდა გავიყოლო.
მოსაღამოვდა.
კაცმა გაიღვიძა. მზე გორაკს მოფარებოდა და მთელ მინდორზე ჩრდილი იწვა, წვრილფეხა ცხოველები ზედ კარავთან ძოვდნენ. იგი ხედავდა, როგორ თანდათანობით შორდებოდნენ ბუჩქებს, რა მალიმალ დასწევდნენ ხოლმე თავს ბალახზე და განუწყვეტლივ კუდს აქიცინებდნენ. ფრინველები აღარ ჩანდნენ მიწაზე, ხეზე ჩამოხუნძლულიყვნენ მძიმედ. ახლა გაცილებით მეტი იყო. მოსამსახურე ბიჭი ლოგინთან უჯდა. _ მემსაიბი სანადიროდ წავიდა,_თქვა ბიჭმა,_ბვანას ხომ არაფერი ნებავს? _ არაფერი. ქალი ნადირის მოსაკლავად წავიდა. მაგრამ, რაკი კაცი ნადირის ცქერით ერთობოდა, მინდვრის ის პატარა კუთხე, სადამდეც კაცს თვალი მიუწვდებოდა, აღარ შეუშფოთებია, უფრო მოშორებით გაემართა.
ყველაფერი ახსოვსო, ფიქრობდა კაცი, რაც კი გაუგია, წაუკითხავს, ან ოდესმე გაუგონია. რა ქალის ბრალი იყო, რომ კაცი თითქმის მოთავებული მივიდა მასთან. რანაირად უნდა მიხვდეს ქალი, რომ, რასაც შენ ეუბნები, ცარიელი სიტყვებია. რომ შენ მხოლოდ ჩვეულების მიხედვით და საკუთარი თავის დასამშვიდებლად ლაპარაკობ?! და რასაც უფრო მეტს ისროდა ამ ფუჭ სიტყვებს კაცი, მის ტყუილს უფრო დიდი გასავალი ჰქონდა ქალებში, ვიდრე სიმართლეს. ცრუობდა, ცრუობდა, ეს კიდევ არაფერი, უფრო დიდი უბედურება ის იყო, რომ სიმართლე აღარც ჰქონდა სათქმელი. უკვე მოსჭამა თავისი წუთისოფელი, და ახლა გადაწყვიტა, ხელახლა დაეწყო, ოღონდ უკვე სხვა ხალხთან ერთად, უფრო მეტი ფულით. ნაცნობი ადგილებიდან ყველაზე საუკეთესოს ირჩევდა, და ბევრი ახალი კუთხეც მოინახულა. ცდილობდა, არ ეფიქრა, და მაშინ მართლაც დიდებულად იყო საქმე. შენ მშვენიერი გულ-გვამი დაგყვა და ამიტომ ისე არ მოშლილხარ, როგორც ბევრს მოსდის, თავს იმგვარად იჭერდი, თითქოს შენი საქმე ფეხებზე გეკიდა, ის საქმე, რასაც ახლა უკვე ვეღარ მოერევი. მაგრამ გულში მაინც ამბობდი, როცა იქნება, ამ ხალხის ამბავს დავწერო, სიმდიდრისაგან გაზულუქებული ხალხის ამბავს.
შენ თვითონ არასოდეს ყოფილხარ იმათი მოდგმისა. მაგრამ მზვერავივით იყავი მათთან. მერე მიატოვებდი, დაწერდი, და ეს იქნებოდა პირველი შემთხვევა, როცა საკუთარი თვალით დანახულ და განცდილ სინამდვილეს აღწერდა კაცი. მაგრამ ვერ იქნა და ვერ მოჰკიდა კალამს ხელი. არ ეწერებოდა, ყოველი დღე ფუფუნებით იყო სავსე, და ეს გულს ურევდა, ნიჭს უჩლუნგებდა, წერის სურვილს უდუნებდა, ისე რომ, საბოლოოდ სულაც გაანება თავი წერას. იმ ხალხისათვის, ვის წრეშიაც ტრიალებდა, გაცილებით ხელსაყრელი გამოდგა ეს. თავისი ცხოვრების უბედნიერესი ხანა აფრიკაში ჰქონდა გატარებული, და ახლა ისევ ჩამოვიდა, რათა თავიდან დაეწყო ყველაფერი.
ახლა ცდილობდნენ, რაც შეიძლება ნაკლები კომფორტით ემოგზაურათ. არც გაჭირვება განუცდიათ, მაგრამ ფუფუნებითაც არ ცხოვრობდნენ. ასეთი წვრთნით ძველ ენერგიას დავიბრუნებო, ფიქრობდა. ცდილობდა, ისევე ჩამოეცილებინა სულიდან ქონი, როგორც მოკრივე იგდებს წონას, მთაში განუწყვეტელი წვრთნითა და მუშაობით. ქალს მოსწონდა ასეთი მოგზაურობა. მომწონსო, ამბობდა. ყველაფერი მოსწონდა, რაც კი მღელვარებას განაცდევინებდა, გარემოს შეუცვლიდა, ახალ ხალხში გარევდა და სიამოვნებას მიანიჭებდა, და კაცსაც მოეჩვენა, თითქოს მუშაობის ძველი ჟინი უბრუნდებოდა. მაგრამ ახლა რაღა ხერხემალგადატეხილი გველივით იგრიხოს და თავი დაიკბინოს, თუკი ეს არის ყველაფრის ბოლო! იცოდა კი, რომ სწორედ ეს იყო ბოლო.
ამ ქალმა რა დაუშავა?! ეს არა_სხვა იქნებოდა, თუკი მთელი სიცოცხლე ტყუილებით გაატარა, ბარემ ტყუილით მოკვდეს. გორაკის გადაღმიდან სროლის ხმა მოესმა. კარგად ახვედრებდა ნიშანში ეს მდიდარი, კეთილი ძუკნა, ეს სათნო მზრუნველი და მისი ნიჭის დამღუპველი. სისულელეა. თავს დააბრალოს. რაღა ამ ქალს მისდგა, ეგ ხომ სულ იმის ცდაში იყო, როგორმე კარგად მოეწყო კაცის ცხოვრება?! თვითონვე დაიღუპა ნიჭი უსაქმურობით, საკუთარი თავისა და რწმენის ღალატით, ლოთობით_რამაც აღქმის უნარი დაუჩლუნგა, სიზარმაცით, გაზულუქებით, სნობიზმით, პატივმოყვარეობითა და კუდაბზიკობით, ჯანდაბითა და ოხრობით. რა იყო ეს? ძველი წიგნების კატალოგი? ან მისი ნიჭი რას წარმოადგენდა? ნიჭს არა უშავდა რა, მაგრამ გამოყენების მაგივრად ვაჭრობდა ხოლმე ამ ნიჭით და იმის ნაცვლად, რომ ეთქვა_ესა და ეს გავაკეთეო, იმასღა ამბობდა_ამის გაკეთება შემეძლოო. თვითონვე არჩია, რომ სხვა რაღაც ხრიკებით ეცხოვრა და არა კალმითა და ფანქრით.
ისიც მრავლისმეტყველია _ არა, განა?_რომ ყოველი ახალი ქალი, ვისაც ის შეიყვარებდა, წინანდელზე მდიდარი იყო. ხოლო როცა სიყვარულმა გადაუარა, როცა მხოლოდღა ტყუოდა, როგორც ახლა, ამ ქალთან, ვისაც ყველაზე მეტი ფული ჰქონდა, ქვეყნის ფული ჰქონდა, ვისაც ადრე ქმარიც ჰყავდა და შვილებიც, საყვარლებიც დაუდიოდა, მაგრამ ვერავითარ სიამოვნებას ვერ ნახულობდა, და ვისაც ეს კაცი მთელი სინაზით შეუყვარდა, როგორც მწერალი, როგორც მამაკაცი, მეგობარი და განძი… და უცნაური ის იყო, რომ ახლა, როცა მას სულაც არ უყვარდა და მხოლოდღა ტყუოდა, უფრო მეტის მიცემა შეეძლო ამ ქალისათვის ფულის სანაცვლოდ, ვიდრე უწინ, ნამდვილი სიყვარულის დროს. რისთვისაც მოწოდებული ხარ, ის უნდა გააკეთო, ფიქრობდა. შენი ნიჭი იმითი აიწონება, თუ როგორ შეიქმნი ცხოვრების პირობებს. იგი მუდამ სასიცოცხლო ძალასა ჰყიდდა_ხან ამ სახით, ხან იმ სახით, როგორც მოუხერხდებოდა, მთელ სიცოცხლეს ჰყიდდა, ხოლო როცა გრძნობები გამოფიტული გაქვს, გაცილებით კარგი ხარისხის საქონელი უნდა მისცე მიღებულ ფულში. ამაში უკვე დარწმუნდა. მაგრამ ვერც ამას დაწერს, ვერასოდეს. ვერა, ვეღარ დაწერს, თუმცა ღირდა კი დასაწერად. მინდორში ქალი გამოჩნდა, კარვისკენ მოდიოდა.
ბრიჯი ეცვა და ხელში თოფი ეჭირა. უკან ორი ბიჭი მოსდევდა, ქურციკისთვი ჯოხი გაეყარათ და მხარზე გაედოთ. ისევ შერჩა ძველი მომხიბვლელობა, გაიფიქრა კაცმა, საამური ტანი აქვს. ლოგინში დიდ ნიჭს იჩენდა და კარგად იცოდა ამისი ფასი. ლამაზი არ ყოფილა, მაგრამ კაცს მოსწონდა მისი სახე, თავაუღებლივ კითხულობდა, უყვარდა ცხენით ნავარდი და ნადირობა, და, რაღა თქმა უნდა, ბევრსა სვამდა. ჯერ ისევ ყმაწვილი ქალი ეთქმოდა, ქმარი რომ მოუკვდა და მთელი არსებით მიეცა თავის ორ უკვე მოზრდილ შვილს (რომელთაც სულაც აღარ სჭირდებოდათ დედა, პირიქით, ხელსაც კი უშლიდა), თავის თავლას, წიგნებსა და ბოთლებს.
კითხვა საღამოობით უყვარდა, სადილის წინ, და კითხვის დროს სოდიან ვისკისა სვამდა.
სადილობისთვის უკვე კარგა შემთვრალი იყო, და ერთი ბოთლი ღვინოღა ჰყოფნიდა, რომ მაგრად მოჰკიდებოდა და ჩასძინებოდა. ეს, მანამ საყვარლებს გაიჩენდა. საყვარლების შემდეგ ღვინოს იმდენად აღარ მისძალებია, ისედაც ადვილად იძინებდა. მაგრამ საყვარლები მალე მოსწყინდა. ქმართან ერთხელაც არ უგრძნია მოწყენილობა, ამათ კი თავი მოაბეზრეს. ამასობაში შვილიც დაეღუპა საჰაერო კატასტროფის დროს და ამის შემდეგ საყვარლები აღარ ინდომა, ხოლო რაკი სასმელი ტკივილს არ უყუჩებდა, იძულებული გახდა, ახლებური ცხოვრება დაეწყო. უეცრად მარტოობის მწვავე შიშმა მოიცვა, მაგრამ ისეთი კაცი უნდოდა, ვისაც პატივსა სცემდა. უბრალოდ დაიწყო ყველაფერი. ქალს მისი წიგნები მოსწონდა, და ცხოვრების მისებური წესიც შურდა. რაც გულით სწადია, სწორედ იმას აკეთებსო, ფიქრობდა.
ის ხერხები, რითაც მან კაცი დაისაკუთრა და ბოლოს შეიყვარა კიდეც, უკუპროპორციულ პროგრესიასა ჰგავდა_ქალი თავისთვის ახალ ცხოვრებას იშენებდა, კაცი კი თავისი ძველი ცხოვრების ნარჩენებს ჰყიდდა. ჰყიდდა უზრუნველი ცხოვრებისათვის, კომფორტისათვის _ ამის უარყოფა შეუძლებელია_და კიდევ რისთვის? ეს უკვე აღარ იცოდა. ქალი მზად იყო, ყველაფერი ეყიდა მისთვის, რასაც კი კაცი მოიწადინებდა. ეს აშკარად ჩანდა. თან სასიამოვნო ქალიც იყო. ლოგინში ამასაც ისეთივე სიამოვნებით შეუწვებოდა, როგორც სხვა რომელიმე ქალს. ამას მეტი სიამოვნებითაც, რადგან უფრო მდიდარი იყო, ძალიან სასიამოვნო, სიყვარულის ფასი იცოდა და არასოდეს უმართავდა სცენებს. ახლა კი ეს ცხოვრება, რომელიც ხელმეორედ მოიწყო ქალმა, დასასრულს უახლოვდებოდა, რადგან ორი კვირის წინათ,_როცა ისინი შამბნარში მიიპარებოდნენ ყელმოღერებულ, ნესტოებდაბერილ და გასაქცევად შემართულ ყურდაცქვეტილი ირმებისათვის სურათის გადასაღებად, _ ეკალზე მუხლი გაეკაწრა და იოდის წასმა დაავიწყდა.
სურათის გადაღებაც ვერ მოასწრო _ ირმებმა იშვირეს ფეხი და ტყეში გაცვივდნენ. აგერ, მოახლოვდა კიდეც ქალი. კაცმა თავი მოაბრუნა, შეხედა და უთხრა: _ ჰელო! _ ქურციკი მოვკალი,_თქვა ქალმა,_ახლავე გემრიელ სუპს მოგიხარშავ, კარტოფილის პიურესაც მოვამზადებინებ. როგორა ხარ? _ უკეთ. _ ასე არ ჯობს?! ვიცოდი, რომ კარგად გახდებოდი. წაძინებული დაგტოვე. _ გემოზე გამოვიძინე. შორს იყავი? _ არა. გორაკს შემოვუარე. მარჯვედ კი მოვარტყი. _ დიდებული ქურციკია. _ მიყვარს ნადირობა. აფრიკაც შემიყვარდა.
ნამდვილად. ოღონდ შენ კარგად გახდებოდე და ასე ჩემს დღეში არ მისიამოვნია. რა კარგი იქნება შენთან ერთად ნადირობა. ძალიან შემიყვარდა ეს ქვეყანა. _ მეც მიყვარს. _ ჩემო კარგო, ნეტა იცოდე, რა ბედნიერებაა, მოკეთებულს რომ გხედავ. ვერ ვიტან ხოლმე, ისე რომ მოიჟამები. ხომ აღარ დამიწყებ ისეთ ლაპარაკს? ხომ აღარა? _ არა. აღარც კი მახსოვს, რა გითხარი. _ რატომ გინდა, ცხოვრება დამინგრიო? ჰა? მე ხომ ახალგაზრდა ქალი აღარ მეთქმის.
შემიყვარდი, და, რასაც კი მოისურვებ, მინდა ყველაფერი შეგისრულო. ორ-სამჯერ უკვე დამანგრიეს. შენ ხომ აღარ დამანგრევ, ხომ აღარა? _ ლოგინში სიამოვნებით დაგანგრევდი, და ხშირ-ხშირადაც. _ ო, ეს სულ სხვანაირი დანგრევაა. მაგისთვის ვართ გაჩენილი. ხვალ თვითმფრინავი მოვა. _ რა იცი? _ დარწმუნებული ვარ. უსათუოდ უნდა მოვიდეს. ბიჭებმა უკვე მოამზადეს ფიჩხი და თივა კოცონის გასაჩაღებლად.
დღესაც ვიყავი და ვნახე. უშველებელი მინდორი მოუმზადებიათ, ორივე მხარეს უნდა დავანთოთ კოცონები. _ რატომ გგონია, რომ უსათუოდ ხვალ მოვა? _ დარწმუნებული ვარ. აღარ არის დრო?! ერთი ეს ფეხი მოგირჩინონ ქალაქში_ნამდვილი დანგრევა მერე იკითხე. იმ მოჟამული ლაპარაკისნაირი კი არა. _ არ დავლიოთ? მზე უკვე ჩავიდა. _ გინდა ვითომ? _ უსათუოდ უნდა დავლიო. _ მაშ ერთად დავლიოთ. Molo, letti dui whisky _ soda! _ გასძახა ქალმა. _ მაღალყელიანი ფეხსაცმელი ჩაიცვი, ქინქლებმა არ დაგჭამონ,_უთხრა კაცმა. _ ჯერ ვიბანაო… მანამ დაბნელდებოდა, სვამდნენ. როცა შებნელდა და თოფის სროლა უკვე აღარ შეიძლებოდა, მინდორზე აფთარმა გაირბინა და გორაკს შემოუარა. _ ყოველღამე აქ დაძრწის ეს უწმინდური,_თქვა კაცმა, _ ერთი ღამეც არ გამოუტოვებია ამ ორ კვირაში. _ ეგ არის, მთელი ღამე რომ კივის. იკივლოს, რა მენაღვლება.
თუმცა ყოვლად ბილწი ცხოველი კია. ვისკის შეექცეოდნენ, ტკივილს სულ აღარ გრძნობდა, ოღონდ ახლა გაუნძრევლად წოლა აწუხებდა. ბიჭებმა ცეცხლი გააჩაღეს, ჩრდილები კარვის კედლებზე ათამაშდნენ… და ამ ვითარებაში თანდათანობით იგრძნო, რომ კვლავ უბრუნდებოდა იმ ცხოვრებასთან შეგუების სურვილი, რაც მას უნებლიე სიამოვნებად გადაექცა. ქალი ძალიან კარგად ეპყრობოდა. თვითონ მოექცა წეღან სასტიკად და უსამართლოდ. მშვენიერი ქალი იყო, მართლაც რომ დიდებული. და ამ დროს კაცს, ვკვდებიო, გაუელვა. უცებ მოასკდა ეს. არა როგორც ქარი და ნიაღვარი, არამედ როგორც მყრალი სიცარიელე, და უცნაური ის იყო, რომ ამ სიცარიელის კიდეზე აფთარი მიცოცავდა. _ ჰარი, რა მოგივიდა?_ჰკითხა ქალმა. _ არაფერი,_უპასუხა მან,_იქით გადაჯექი, ქარს შეაქციე ზურგი. _ მოლომ სახვევი გამოგიცვალა? _ ჰო, ახლა ბორის საფენი მადევს. _ როგორა ხარ? _ სუსტად. _ წავალ, ვიბანავებ,_უთხრა ქალმა,_ახლავე დავბრუნდები.
ერთად ვივახშმოთ და მერე ლოგინი შევიტანოთ. მაშ, კარგი გვიქნია, ჩხუბი რომ შევწყვიტეთ, გაიფიქრა კაცმა. ამ ქალთან მაინცდამაინც არასოდეს არ უჩხუბია, იმათთან კი, ვინც გულით უყვარდა, იმდენს ჩხუბობდა, რომ ჩხუბის ჟანგმა სულ შეჭამა, რაც ერთმანეთთან აკავშირებდათ. ძალიან მაგრად უყვარდა, ძალიან ბევრს მოითხოვდა და ბოლოს და ბოლოს სულ გამოიფიტა.
გაახსენდა კონსტანტინოპოლში მარტოდ ყოფნა, ეს იყო ჩხუბის შემდეგ, პარიზიდან გამომგზავრების წინ. მთელი დღეები გარყვნილების მეტი არაფერი უკეთებია, ხოლო როცა გონს მოეგო და ნახა, რომ მარტოობის სევდა არათუ ჩაჰკლოდა, პირიქით, კიდევ უფრო გამწვავებოდა, ადგა და წერილი მისწერა იმ პირველს, რომელმაც მიატოვა. მისწერა _ დღემდე ვერ მომიხერხებია ამის ჩაკვლაო… ერთხელ მომეჩვენა, თითქოს რეჯენსის წინ ჩაიარე და გული ერთბაშად ჩამწყდა და მოვიშალეო, ვისაც კი რითიმე მიგამსგავსებდი, ბულვარზე გამოვედევნებოდი და სულ იმის შიში მქონდა_ვაითუ ის არ აღმოჩნდეს, ვაითუ ეს წუთიერი სიხარულიც წამერთვასო. შენს შემდეგ ვისთანაც არ დავწოლილვარ, კიდევ უფრო მწვავედ განმიცდია შენი განშორებაო. რაც შენ გამიკეთე, აღარც კი მახსოვს და არც აქვს რაიმე მნიშვნელობა, რადგან, დავრწმუნდი, უშენობა არ შემიძლიაო.
კლუბში დაწერა ეს წერილი, სავსებით ფხიზელმა, და ნიუ იორკში გაგზავნა, სთხოვდა, პარიზში ეპასუხებინა, რედაქციის მისამართზე. ასე უფრო უხიფათო ეჩვენა. იმავე ღამეს კი ისე მოენატრა ის ქალი, სულში ავადმყოფური სიცარიელე იგრძნო, ტაქსიმისაკენ წაეხეტა, იქ ვიღაც გოგოს შეხვდა და ვახშმად წაიყვანა. იქიდან საცეკვაოდ წავიდნენ, მაგრამ ცუდი მოცეკვავე გამოდგა, მიატოვა, და ახლა ვიღაც ახტაჯანა სომხის გოგოსთან დაიწყო ცეკვა, მაგრამ ისე ეხახუნებოდა გოგო მუცლით, რომ მთელი სხეული აუწვა. ინგლისელ არტილერიის ოფიცერს წაართვა ეს გოგო და ჩხუბიც მოუვიდათ. არტილერისტმა გარეთ გაიხმო, და პირდაპირ ქვაფენილზე შეებნენ ერთმანეთს, სიბნელეში. ორჯერ გამეტებით შემოჰკრა ყბაში, მაგრამ ძვრაც ვერ უყო და მიხვდა, რომ მაგარ ჩხუბში გაება.
არტილერისტმა ჯერ გვერდში ამოჰკრა, მერე _ საფეთქელთან. ამან ახლა მარცხენა ხელი მოუქნია და მოარტყა, ხოლო არტილერისტი ქურთუკში სწვდა და სახელო შემოაფხრიწა, ამან კი ყურის ძირში ამოჰკრა ორჯერ, ხელი გააშვებინა და ერთი კიდევ მოარტყა მარჯვენათი. არტილერისტი დავარდა და ქვას დაჰკრა თავი, და ამან მაშინვე მოუსვა გოგოსთან ერთად, რადგან სამხედრო პატრულის ხმა გაიგონეს. ჩასხდნენ ტაქსში, ბოსფორს ჩაუქროლეს, რიმილი ჰისას მიადგნენ, იქიდან მოტრიალდნენ და უკანვე მობრუნდნენ. ღამე იყო ცივი, და ისინი შევიდნენ და დაწვნენ. ქალი, შორიდან რომ ჩანდა, ისეთივე გადამწიფებული აღმოჩნდა, ოღონდ კანი ჰქონდა ვარდის ფურცელივით რბილი, და მუცელიც ფაფუკი, მკერდი _ დიდი, და ბალიშის ამოდება არც დასჭირვებია. დაძინებული დატოვა, განთიადის შუქზე კარგა ნათრევი ჩანდა.
ხოლო იქიდან წამოსულმა პერა-პალასისაკენ გასწია, თვალჩალილავებულმა, ქურთუკი ხელში ეჭირა, რადგან ცალი სახელო მოფხრეწილი ჰქონდა. იმავე ღამეს ანატოლიისკენ გაემგზავრა. მატარებელი ყაყაჩოებით გადაჭრელებულ მინდვრებს სერავდა მეორე დღეს. საგანგებოდ ოპიუმისთვის დაეთესათ ეს ყაყაჩოები, და ახლა გაახსენდა, რა უცნაურ გუნებაზე დადგა ბოლოს. მანძილმა ყველგან მოატყუა, საცა კი გადავიდნენ შეტევაზე ახალჩამოსულ ბერძენ ოფიცრებთან ერთად, რომელთაც არაფერი ესმოდათ ამ ქვეყნისა, ხოლო არტილერია პირდაპირ ჯარს უბათქუნებდა, და ინგლისელი სამხედრო მიმომხილველი ბავშვივით ბღაოდა. იმ დღეს პირველად ნახა მოკლული ჯარისკაცები. საბალეტო კაბები და ჭვინტაბზეკილი, პომპონებიანი ფეხსაცმელი ეცვათ. თურქები ჯიქურ მოდიოდნენ, და ამან თავისი თვალით ნახა, როგორ მოჰკურცხლეს კაბიანმა ჯარისკაცებმა, ხოლო ოფიცრებმა ჯერ სროლა აუტეხეს მათ, მერე კი თვითონაც მოჰკურცხლეს, და ესა და ინგლისელი მიმომხილველიც შეტრიალდნენ, ამათაც მოუსვეს; ისე გარბოდნენ, რომ ფილტვებში ჩხვლეტა დაეწყო, პირი გაუმწარდა, თითქოს სპილენძის ფულებით ჰქონოდეს გამოტენილი, და რომელიღაც კლდეს ამოეფარნენ. თურქები კი ახლა კიდევ უფრო ჯიქურ მოიწევდნენ.
მოგვიანებით ისეთი რამე ნახა, არც დაესიზმრებოდა, ხოლო ცოტა უფრო გვიან უარესის მოწმე გახდა. ასე რომ, პარიზში დაბრუნების შემდეგ აღარც გახსენება შეეძლო ამეებისა და არც მოსმენა. და კაფეს რომ ჩაუარა ერთ დრეს, ის ამერიკელი პოეტი დაინახა_კარტოფილივით სახე ჰქონდა, გამოლენჩებული თვალები, წინ თეფშები დაეხვავებინა და დადაისტურ მოძრაობაზე ელაპარაკებოდა ვიღაც რუმინელს. ტრისტან თცარა ვარო, იმ რუმინელმა თქვა, თვალზე მონოკლი ეკეთა და სულ თავი სტკიოდა. მერე ისევ თავის სახლში, ცოლთან, რომელიც ხელახლა შეუყვარდა! გაუთავებელი ჩხუბი, გაუთავებელი სიგიჟე, შინ დაბრუნების სიხარული; სამსახურიდან შინ უგზავნიან ხოლმე ფოსტას, და ერთ დილას იმ წერილის პასუხი მოართვეს თეფშით. ნაწერს რომ დახედა, ცივმა ჟრუანტელმა დაუარა, სცადა, სხვა წერილის ქვეშ შეეცურებინა. მაგრამ ცოლმა ჰკითხა _ ვისი წერილია, ჩემო ძვირფასოო.
და დასაწყისშივე დასრულდა ყველაფერი. მოაგონდა მათთან გატარებული კარგი დღეებიცა და ჩხუბიც. საგანგებოდ შეარჩევდნენ და ყველაზე კარგ წუთებში დაიწყებდნენ ხოლმე. რაღა მაინდამაინც მაშინ აუხირდებოდნენ, როცა ძალიან კარგ გუნებაზე იყო?! არც ეს დაუწერია. პირველად ერიდებოდა სხვის წყენინებას, მერე კი იფიქრა_დასაწერი სხვაც ბევრიაო. თუმცა მაინც ფიქრობდა, როდისმე ამასაც დავწერო. ბევრი რამე იყო დასაწერი. მის თვალწინ იცვლებოდა ქვეყანა, და არა მარტო დიდ-დიდი მასშტაბებით,_თუმცა ეგეც ბევრი ნახა, და ბევრ ხალხს გაეცნო,_უფრო პატარა ცვლილებებსაც ამჩნევდა, და ხედავდა, როგორ სულ სხვადასხვანაირი იყო ხალხი სხვადასხვა დროს.
თვითონვე შიგ ტრიალებდა, ყველაფერს ხედავდა, მისი მოვალეობა იყო, დაეწერა. მაგრამ აწი რაღას დაწერს!
_ როგორა ხარ?_ჰკითხა ქალმა. უკვე ებანავა და კარვიდან გამოვიდა. _ კარგად. _ რამეს არ შეჭამდი?_დაინახა, რომ უკან მოლო ედგა, გასაშლელი მაგიდით ხელში, მეორე ბიჭს კი თეფშები ეჭირა. _ მე წერა მინდა,_უთხრა მან. _ ცოტა სუპი შეხვრიპე, გაგამაგრებს. _ რაღა გამაგრება მინდა,_თქვა კაცმა,_ამაღამვე მოვკვდები. _ მაგ მელოდრამებს თავი დაანებე, ჰარი, თუ ღმერთი გწამს,_უთხრა ქალმა. _ სუნი მაინც არა გცემს, ცხვირი აღარა გაქვს? ცალი ფეხი ბარძაყამდე სულ დამილპა. სუპი რა ჯანდაბად მინდა! სოდიანი ვისკი, მოლო! _ სუპი შეხვრიპე, რა!_ალერსით უთხრა ქალმა. _ კარგი. ძალიან ცხელი გამოდგა სუპი. უცადა, მანამ გაგრილდებოდა ფინჯანში, და მერე სულმოუთქმელად გამოსცალა. _ რა მშვენიერი ქალი ხარ!_უთხრა მან._მე ყურადღებასაც ნუ მომაქცევ. ქალმა გამოხედა. რა ნაცნობი და საყვარელი სახე ჰქონდა, ჟურნალებში უნახავს ამისთანა სახე_»დეზებსა» და «ქალაქსა და სოფელში», ოღონდ სმისაგან, ცოტა არ იყოს, შელახოდა სახე, ბევრ ხვევნა-კოცნასაც გაეფუჭებინა. მაგრამ «ქალაქსა და სოფელში» სად ნახავდი ამ მშვენიერ მკერდს, ამ მადიან ბარძაყებს, ან ამ პაწაწინა ალერსიან ხელებს; და როცა ქალის ნაცნობი და საყვარელი ღიმილი იხილა კაცმა, კვლავ იგრძნო სიკვდილის მოახლოება.
ოღონდ ახლა ერთბაშად მომსკდარი გრიგალივით არ ყოფილა, პატარა წამოქროლებას ჰგავდა, სუსტ ნიავს, რისგანაც სანთლის ალი ერთს კი შეტორტმანდება და ისვე მაღლა მიიწევს. _ ცოტა ხნის შემდეგ ბადე მოატანინე და ხიდან ჩამოაშვებინე, ცეცხლიც გააჩაღონ. კარავში აღარ შევალ ამაღამ. არ ღირს. მოწმენდილი ღამეა. არ იწვიმებს. მაშ ეს ყოფილა სიკვდილი. ჩურჩულით მოდის, რომ არაფერი გაიგონო. ჩხუბს მაინც მოეღება ბოლო.
ამის პირობას ახლავე მოგცემთ ეს კაცი. არ უნდოდა გაეფუჭებინა ის ერთადერთი განცდა, რაც თავის დღეში არ გამოეცადა. ალბათ მაინც გააფუჭებს. ასე არ გააფუჭა ყველაფერი! იქნება ახლა არ გააფუჭოს. _ რომ გიკარნახო, ვერ ჩაიწერ? _ ჩემს დღეში არ მისწავლია სტენოგრამა. _ არა უშავს. დრო, რა თქმა უნდა, აღარ არის, მაგრამ ისეა ყველაფერი ერთმანეთში გადაწნული, რომ კალმის აღებას თუ მოახერხებ, ერთ აბზაცში ჩასტევ.
სერზე, ტბის ზევით, ძელური სახლი იდგა, ხვრელებში კირით თეთრად შელესილი.
სახლის მახლობლად ზარი ეკიდა ბოძზე, და ჯერის დროს ხალხს ამ ზარით იწვევდნენ. სახლის უკან მინდვრები იწყებოდა, მინდვრის გადაღმა _ ტყე. ნავმისადგომამდე ალვის ხეები იყო გამწკრივებული.
კონცხის გაყოლებაზეც_ალვის ხეივანი. ტყეს გზა მისდევდა მთებისკენ, გზისპირ კი იგი მაყვალსა კრეფდა. მერე სახლს ცეცხლი გაუჩნდა და თოფები,_რომლებიც ირმის ფეხებზე იყო ჩამოკიდებული ბუხრის თავზე,_სახლთან ერთად დაიწვა. უკონდახო ლულები და ვაზნის კოლოფებში გამდნარი ტყვია არეული იყო ნაცარში, რასაც დიდი ქვაბების სახეხად ხმარობდნენ, და შენ პაპას ჰკითხე, თუ შეიძლება ამ ლულებით ვითამაშოო, და, არაო. ეს მისი თოფები იყო და მეტი აღარც უყიდია. არც სანადიროდ წასულა მეტად. ძველი სახლის ადგილას ახალი დადგეს, ფიცრული ამჯერად, და თეთრად შეღებეს, ხოლო პარმაღიდან მოჩანდა ალვის ხეები და ალვების გადაღმა _ ტბაც.
თოფები აღარავის უნახავს ამ სახლში. თოფის ლულები კი, რომლებიც წინათ ძელურ სახლში ეკიდა კედლებზე, ახლა გარეთ ეყარა ნაცარში და ხელს აღარავინ ახლებდა. შვარცვალდში, ომის შემდეგ, ერთი საკალმახე მდინარე ავიღეთ იჯარით, და ორი გზა მიდიოდა მდინარისაკენ. ერთი ტრიბერგიდან ეშვებოდა_ხეებით გადმობურული თეთრი გზა_ჯერ მინდორს გადაჰკვეთდი, მერე კი ბილიკით მთებს აუყვებოდი, აუვლიდი გორაკებზე მიმოფანტულ პატარ-პატარა ფერმებს, რომელთა შორის დიდი შვარცვალდური სახლები ამართულიყო და ბოლოს მდინარეს მიადგებოდი. აქ ვიწყებდით თევზაობას. მეორე გზა ციცაბოთი იწყებოდა, აჰყვებოდი ამ ციცაბოს და ნაძვის ტყეში შეხვიდოდი, ივლიდი ასე ტყე-ტყე, მინდორში გახვიდოდი, გადაჰკვეთდი მინდორს, ხიდს მიადგებოდი. მდინარის გაყოლებაზე არყის ხეები იდგა, ხოლო მდინარე იყო პატარა, ვიწრო, ანკარა და სწრაფი, ალაგ-ალაგ მორევი _ იმ ადგილებში, საცა არყის ხის ძირები შეეთხარა წყალს. კარგი სეზონი დაუდგა ტრიბერგის სასტუმროს პატრონს. დიდებულად ვატარებდით დროს და ძალიანაც დავმეგობრდით.
მეორე წელიწადს ინფლაცია დაიწყო, და შარშანდელი მოგებული ფული აღარ ეყო სასტუმროს გასახსნელად, და ადგა და თავი ჩამოიხრჩო. ამას როგორმე კი უკარნახებდი, მაგრამ კონტრესკარპის მოედანზე რაც გინახავს, ის როგორღა უნდა უკარნახო_მეყვავილეები ყვავილებს ღებავენ ქუჩაში, საღებავი კი მოწვეთავს და ქვაფენილზე იღვრება, ზედ ავტობუსის გაჩერებასთან; აგერ ღვინითა და უხეირო შამანით გალეშილი დედაბრები და ბერიკაცები; ბავშვებს სიცივისაგან წვინტლი ჩამოსდით; ჭუჭყიანი ოფლის სუნი, სიღატაკე, ლოთობა კაფე ამატორაში და ბალ მუსეტეს კახპები, რომლებიც იქვე ცხოვრობენ, ზემო სართულზე; კონსიერჟს რესპუბლიკური გვარდიის ჯარისკაცი დაუდის ოთახში და ცხენის ძუის ჯიღიანი მუზარადი ამ ჯარისკაცისა სკამზე დევს. დერეფნის იქითა მხარეს მცხოვრებ დედაკაცს ქმარი ველოსიპედისტი ჰყავს და სიხარულით როგორ ცას ეწია ქალი იმ დილას რძის მაღაზიაში, როცა გაზეთი L Auto გაშალა და ნახა, რომ პარიზ-ტურის შეჯიბრებაში მესამე ადგილზე გამოსულიყო, ხოლო ეს იყო მისი პირველი გამოსვლა სერიოზულ შეჯიბრებაში. ერთიანად გაწითლდა ეს დედაკაცი, მერე სიცილი ატეხა, მაღლა ავიდა და ქვითინი აუვარდა, ყვითელი სპორტული გაზეთი კი ისევ ხელში ჰქონდა ჩაბღუჯული. ხოლო ქმარი იმ ქალისა, რომელსაც ეს ბალ მუსეტე ეკუთვნოდა, ტაქსის შოფერი იყო და ერთხელ როცა მას, ჰარის, დილის თვითმფრინავისათვის უნდა მიესწრო, იმ კაცმა კარზე დაუკაკუნა, გააღვიძა და მანამ წავიდოდნენ, თუთიაგადაკრულ დახლთან თითო ჭიქა თეთრი ღვინო გადაჰკრეს. მეზობლებს სათითაოდ იცნობდა იმ კვარტალში, რადგან სულ ღარიბები იყვნენ. მოედანზე ორნაირი ხალხი ცხოვრობდა _ ლოთები და სპოტსმენები. ლოთები ღვინოში კლავდნენ სიღარიბის გასაჭირს, სპორტსმენები ვარჯიშით იქარვებდნენ. კომუნარების ჩამომავლები იყვნენ და პოლიტიკაში გარკვევა არ უჭირდათ.
იცოდნენ, ვინ დაუხვრიტა მამები, ნათესავები, ძმები და მეგობრები, როცა ვერსალის ჯარი შემოვიდა კომუნის დამარცხების შემდეგ და ვინც კი ხელში ჩაუვარდათ, ყველას გაუსწორდნენ_ხელებდაკოჟრილებსა და კეპიანებს, და სხვებსაც, თუ რაიმე ნიშნით შეატყობდნენ, მუშააო. და სწორედ ამ სიღატაკეში, ამ კვარტალში, რომელიც Boucherie Chevaline-ს ემიჯნებოდა, მან თავისი პირველი სტრიქონები დაწერა და ისეთ საქმეს მოჰკიდა ხელი, რაც შემდეგ მთელ სიცოცხლეში უნდა ეკეთებინა. პარიზის არც ერთი უბანი არ ჰყვარებია ასე _ გადაბარდნილი ხეები; ბათქაშის ძველი, თეთრი სახლები, ქვემოთ წაბლისფრად შეღებილი; მწვანე, წაგრძელებული ავტობუსი მრგვალ მოედანზე; წითლად შეღებილი ყვავილების ჩამონაწვეთები ქვაფენილზე; კარდინალ ლემუანის ქუჩის შვეული ჩასასვლელი მდინარესთან; ხოლო გაღმა მუფტარის ქუჩის ვიწრო, აჩოჩქოლებული სამყარო; პანთეონისკენ ამავალი ქუჩა, და მეორეც, სადაც იგი ველოსიპედით დადიოდა ხოლმე, მთელ უბანში ერთადერთი ასფალტიანი ქუჩა, რომლის სიგლუვეს ველოსიპედის ბორბლებითაც გრძნობდა, აქეთ-იქით მომაღლო სახლები და ერთი იაფფასიანი წოწოლა სასტუმრო, სადაც პოლ ვერლენი მოკვდა… ოროთახიანი ბინა ეჭირათ და ერთი ოთახი იმავე სასტუმროს სულ ზემო სართულშიაც დაიქირავა, თვეში სამოც ფრანკად, და აქა წერდა, აქედან კი ჩანდა სახურავები, საკვამურები და პარიზის მთელი გორაკები. ბინიდან ნახშირისა და შეშის საწყობი ჩანდა, სხვა არაფერი. მენახშირე ღვინოსაც ჰყიდდა, საძაგელ ღვინოს. Boucherie Chevaline-ს შესასვლელში ცხენის მოოქროვილი თავი ეკიდა, ვიტრინაში _ წიტელ-ყვითლად შეღებილი საქონელი, სამიკიტნო მწვანედ იყო შეღებილი, და აქ ისინი ღვინოს ყიდულობდნენ; კარგიც იყო ღვინო და იაფიც. იმას იქით ბათქაშის კედლები და მეზობლების ფანჯრები. ღამღამობით, როცა ქუჩიდან გალეშილის კვნესა და ხვნეშა მოისმოდა, ნამდვილი ფრანგული ივრესსე-ს კვალობაზე,_თუმცა თავგამოდებით ირწმუნებიან, ამნაირი არაფერი არსებობსო, _ მეზობლები ფანჯრებს გამოაღებდნენ და იმათ დუდღუნსაც გაიგონებდი. «პოლიცია სად ჯანდაბაშია? როცა არ გჭირდება, სულ აქ წრიალებს ძაღლიშვილი! ვინმე კონსიერჟთან ეგდება, აგენტს უნდა გამოუძახო», _ მერე ვინმე აიღებს და ფანჯრიდან ერთ ვედრო წყალს გადაასხამს, ხვნეშა შეწყდება.
«ეს რაა? წყალი? ახია!»_და ისევ მიიკეტავენ ფანჯრებს. მარი, მომსვლელი მოსამსახურე, რვასაათიანი სამუშაო დღითაა უკმაყოფილო. «ექვს საათამდე თუ ამუშავე, ერთ-ორ ჭიქას გადაჰკრავს გზად და მორჩა, ნაკლებს ფლანგავს. ხუთ საათამდე როცა მუშაობს, ყოველღამე გალეშილია და აღარც ფული უჭყავის ჯიბეში. ცოლების სავაივაგლახოდ შემოიღეს ეს სამუშაო დღის შემცირება».
_ სუპს დაგიმატებ!_მიმართა ქალმა. _ არა.
მადლობელი ვარ. ძალიან გემრიელია. _ ცოტა კიდევ შეხვრიპე. _ სოდიანი ვისკი მირჩევნია. _ გაწყენს. _ ვიცი.
მაწყენს. სიტყვები და მუსიკა კოულ პორტერისა. როცა ვგრძნობ, რომ ჩემთვის ჭკუას კარგავ. _ ხომ იცი, რომ შენი სიმთვრალე მიყვარს. _ ო, რა სათქმელია. ოღონდ მწყენს.
წავა და რამდენსაც მინდა, დავლევ, გაიფიქრა კაცმა. რამდენსაც მინდა კი არა, რამდენიც დარჩა. ჰოი, როგორ დაიღალა. ძალიან დაიღალა.
ცოტას თვალს მოვატყუებო, გაიფიქრა. წყნარად იწვა და ირგვლივ სიკვდილი არ ჩანდა. ალბათ, სხვა ქუჩაში შეუხვია. წყვილ-წყვილად დადის, ველოსიპედით, და ქვაფენილი ჩქამსაც არ გამოსცემს. ვერა, ვერაფერი დაწერა პარიზზე. იმ პარიზზე, რომელიც მას უყვარდა. სხვა? სხვაც ხომ დარჩა დაუწერელი! იმათ რაღა უყოს? რაღა უყოს იმ რანჩოსა და ვერცხლისფრად მოელვარე სალბის ბუჩქს, არხებში სწრაფად მიმდინარე ანკარა წყალსა და იონჯის დაჯაჯულ მწვანე ფოთლებს. ბილიკი მთებში მიიკლაკნებოდა და ნახირი ზაფხულში შველივით დამფრთხალიყო.
საქონლის ბღავილი, ჩლიქების თანაბარი თქარათქური და შემოდგომაზე მთებიდან დინჯად დაძრული ჯოგისგან დაყენებული მტვრის კორიანტელი. საღამოობით მთების უკან მკაფიოდ გამოკვეთილი მწვერვალი, შენ კი მთვარის სხივებით განათებულ მთის ბილიკზე ეშვები ცხენით და დაბლაც მთვარეს გაუნათებია ველები. ახლა ისიც გაახსენდა, როგორ ეშვებოდა ღამით ტყეში, ხელი ცხენისთვის ჩაეჭიდებინა კუდში, რადგან საშინლად ბნელოდა. ის მოთხრობებიც გაახსენდა, რის დაწერასაც აპირებდა. ერთი მოშტერო მოჯამაგირე ბიჭის ამბავი, რომელიც რანჩოს დარაჯად დატოვეს მაშინ და გააფრთხილეს, თივა არავის მისცეო, ხოლო ის საძაგელი ფორკსელი ბერიკაცი, რომელსაც ერთხელ უკვე ნაცემი ჰყავდა ბიჭი, როცა იგი მასთან მუშაობდა, _ მიეჭრა, გინდა თუ არა, თივა მომეციო. არაო, ბიჭმა უთხრა, და ბერიკაცმა, ისევ მიგტყეპავო. ბიჭი სამზადში შეიჭრა და თოფი გამოიტანა, ხოლო როცა ბერიკაცმა საბძელში შესვლა დააპირა, ესროლა და იქვე გააგორა, და როცა ერთი კვირის შემდეგ დაბრუნდნენ, ბაკში დახვდათ ბერიკაცის გაყინული გვამი, ძაღლებისაგან სანახევროდ დაგლეჯილი. ხოლო რაც დარჩენილიყო, საბანში გაახვიე შენ, მარხილზე დადე, ბაწრით გადააკარი და ბიჭიც დაიხმარე დაცურებაში, და თქვენ ორმა ათრიეთ მთელი სამოცი მილი, ქალაქამდე, რათა ბიჭი სასამართლოსთვის გადაგეცა.
ბიჭს კი ერთი წუთითაც არ უფიქრია, თუ დაიჭერდნენ. მოვალეობა შევასრულეო, ეგონა, მეგობრადა გთვლიდა, და დამაჯილდოებსო. გშველოდა ბერიკაცის თრევაში _ ყველამ გაიგოს, რა ვაჟბატონიც ბრძანდებოდა და როგორ უნდოდა სხვისი თივის მოპარვაო, ხოლო, როცა შერიფმა ხელბორკილი დაადო, თვალებს არ უჯერებდა. მერე კი ტირილი მორთო. ეს მოთხრობაც შემონახული ჰქონდა დასაწერად. ოცი კარგი მოთხრობა მაინც ექნებოდა იმ ადგილებზე მოფიქრებული და ერთიც ვერ დაწერა. რატომ?
_ შენ უპასუხე, რატომ,_თქვა მან. _ რა, ძვირფასო? _ ისე, არაფერი. რაც ეს კაცი ჩაიგდო ხელში, ქალმა სმას უკლო.
მაგრამ კიდეც რომ გადარჩეს ახლა, ამ ქალზე მაინც არაფერს დაწერს, ამას უკვე გრძნობდა კაცი. არც ერთ იმათგანზე. მდიდრები მოსაწყენი ხალხია _ ან უსაშველოდ ბევრსა სვამენ, ან ნარდს აგორებენ. მოსაწყენები და ყველა ერთ თარგზე გამოჭრილი. საწყალი სკოტ ფიცჯერალდი მოაგონდა, და ის რომანტიკული მოკრძალება, რასაც იგი მათ წინაშე იჩენდა. ერთი მოთხრობა დაწერა, ამ სიტყვებით იწყებოდა: «ძალიან მდიდარი ხალხი არც თქვენა გგავთ და არც მე». და ვიღაცამ უთხრა: დიახ, მდიდრებს მეტი ფული აქვთ.
ფიცჯერალდი კი ვერ მიუხვდა ხუმრობას. ეგონა, განსაკუთრებულად მომხიბლავი რასააო, და როცა დარწმუნდა, ასე არ იყო, მოტყდა. სხვა ვერაფერი მოტეხდა ასე. ცხოვრებისაგან დაჯაბნილი ხალხი ეზიზღებოდა. არც უნდა გყვარებოდა, რადგან ყველაფრის ფასი იცოდი. რაც უნდა შემხვდეს, გავუსწორდებიო, ფიქრობდა, რადგან არაფერს არ შეეძლო მისი გატეხა, თუ თავიდანვე დიდ რადმე არ ჩააგდებდა. ასეა. ახლა სიკვდილსაც არაფრად აგდებს. ერთადერთი, რისიც ყოველთვის ეშინოდა_ტკივილი იყო.
სხვაზე ნაკლებ არც ეს აიტანდა ტკივილს, თუკი ძალიან არ გაჭიანურდებოდა და ქანცს არ გაუწყვეტდა, მაგრამ ახლა ისეთი რამე ეცა, რომ ჯოჯოხეთურად გააწამა, და სწორედ მაშინ, როცა ეგონა, სულით ვეცემიო, ტკივილიც დაუყუჩდა.
დიდი ხნის ამბავი გაახსენდა, როცა უილიამსონს, არტილერიის ოფიცერს, ხელყუმბარა ესროლეს გერმანელთა საგუშაგოდან. ღამე იყო და მავთულხლართებში მიძვრებოდა. ყვიროდა, იხვეწებოდა _ გამათავეთო. ჩასუქებული ბიჭი იყო, ძალიან გულადი და კარგი ოფიცერი, თუმცა დიდი პრანჭვა-გრეხა კი უყვარდა. პროჟექტორის სინათლეში მოჰყვა იმ ღამეს, მავთულის კბილს გამოედო და ნაწლავები გამოაყრევინა, პირდაპირ მავთულზე ჩამოეკიდა, ხოლო როცა იქიდან ხსნიდნენ, იძულებული გახდნენ, ნაწლავები მიეჭრათ. მესროლე, ჰარი, მესროლე, იწამე ღმერთი! ერთხელ დავა მოუვიდათ, ღმერთი ისეთ რამეს არ მოგივლენს, რისი გადატანაც არ შეიძლებოდესო, და ვიღაც თავგამოდებით ამტკიცებდა, ტკივილი გარკვეულ მომენტში თავისით ჰკლავს ადამიანსო.
მაგრამ ამას უილიამსონი აგონდებოდა. ტკივილმა ვერ მოჰკლა, მანამ, რაც თავისთვის მორფის მარაგი ჰქონდა გადანახული, ის არ მისცა, და მორფმაც ვერ უშველა დიდ ხანს.
ჯერჯერობით არა უშავს რა, სულაც არ შეწუხებულა. თუ ასე გაგრძელდა და არ გაუუარესდა, არც შეწუხდება. ოღონდ ცოტა უფრო კარგ ხალხთან ყოფნას კი ინატრებდა. ის ხალხი გაიხსენა, ვისთანაც ყოფნა ესიამოვნებოდა ახლა. არა, გაიფიქრა მან, ვიღა გაგიჩერდება, ამდენ ხანს თუ მოუნდი საქმეს და ასე აჭიანურე. ხალხი წავიდა. ლხინი დამთავრდა და შენ შენს დიასახლისთან დარჩი. სიკვდილმაც ისევე მომაბეზრა თავი, როგორც სხვა ყველაფერმაო, გაიფიქრა. _ მოსაბეზრებელია,_თქვა მან ხმამაღლა. _ რა, ჩემო ძვირფასო? _ ყველაფერი, რაც გაჭიანურდება. ქალს გახედა_მასა და ცეცხლს შორის იჯდა, სკამს გადასწოლოდა და ცეცხლის შუქი სასიამოვნოდ დანაოჭებულ სახეს უნათებდა.
შეატყო, ეძინებოდა. აფთარი ცეცხლით განათებულ მინდორს მოახლოებოდა, და ახლა ყმუილი მორთო. _ მე ვწერდი,_თქვა კაცმა,_მაგრამ დავიქანცე. _ როგორ ატყობ, არ დაგეძინება? _ როგორ არ დამეძინება. შენ რატომ არ წვები? _ შენთან მირჩევნია. _ უჩვეულოს ხომ არაფერს გრძნობ?_ჰკითხა მან. _ არა. ცოტა მეძინება. _ მე კი ვგრძნობ,_თქვა კაცმა. ისევ იგრძნო სიკვდილის მოსვლა. _ ერთადერთი, რაც ისევ შემრჩა და არ დამიკარგავს_ცნობისმოყვარეობაა,_უთხრა კაცმა. _ შენ არაფერიც არ დაგიკარგავს. პირველად ვხედავ შენისთანა სრულყოფილ კაცს. _ ღმერთო,_თქვა კაცმა, როგორ არაფერი ესმით ქალებს.
ეს ვითომ რა არის? შენი ალღო? იმიტომ რომ, სწორედ ამ წუთში სიკვდილი სულ ახლოს მოვიდა და თავი ლოგინის ბოლოზე ჩამოდო, კაცს სუნთქვაც მისწვდა მისი. _ ისეთი არ გეგონოს, როგორც წარმოუდგენიათ ხოლმე _ გაძვალტყავებული, ცელმომარჯვებული, _ უთხრა კაცმა ქალს,_სულ ადვილი შესაძლებელია ველოსიპედებზე გადამჯდარი ორი პოლიციელი იყოს, ან ჩიტი. ან არადა აფთარივით ჩაჭყლეტილი დრუნჩი ჰქონდეს. ახლა ზევით ამოჩოჩდა, მაგრამ გამოსახულება არაფრისა ჰქონია, სივრცეს იჭერდა მხოლოდ. _ უთხარი, წავიდეს. მაინც არ წავიდა, კიდევ უფრო მიუჩოჩდა. _ ჰო, რას ჰყარხარ!_უთხრა კაცმა,_ბინძურო და აქოთებულო!
სულ უფრო და უფრო ზევით მოჩოჩავდა, და ახლა ვეღარაფერი უთხრა კაცმა; რომ ნახა, ვეღარაფერს ამბობსო, კიდევ მიუჩოჩდა.
სცადა უსიტყვოდ მოეშორებინა, მაგრამ ის მაინც მოჩოჩავდა და ახლა მკერდზე ამოცოცდა, მთელი სიმძიმით დააწვა, და მანამ ასე იკრუნჩხებოდა მკერდზე _ და არც გასაქანს აძლევდა, არც ხმას აღებინებდა_ქალის ხმა გაიგონა კაცმა: «ბვანას ჩაეძინა, ფრთხილად ასწიეთ ლოგინი და კარავში შეიტანეთ». ვეღარ დაძრა ენა, რომ ეთქვა, მომაშორეთო, და ახლა ისე მძიმედ დააწვა, სუნთქვა შეუკრა. ხოლო როცა ლოგინი ასწიეს, ერთბაშად შვება იგრძნო, და მკერდიც აეხსნა.
დილა იყო, დიდი ხანია გათენდა, და თვითმფრინავის ხმა მოესმა. სულ პაწაწკინა ჩანდა, მერე დიდი წრე შემოხაზა. ბიჭები გაიქცნენ და ფიჩხს ნავთი დაასხეს, ცეცხლი დაანთეს, ზედ ბალახი დააყარეს. მინდორში ორი დიდი კოცონი ავარდა, დილის ნიავმა კვამლი კარვისკენ წამოიღო, თვითმფრინავმა კიდევ შემოხაზა ორი წრე, ახლა უფრო დაბლა, მერე მინდვრისკენ ჩამოსრიალდა და რბილად დაჯდა. კომპტონი მოდის მისკენ, ძველი მეგობარი, ფართხუნა შარვალი და მატყლის ფაფუკი ჟაკეტი აცვია, წაბლისფერი ფეტრის ქუდი ახურავს. _ რა მოგივიდა, ბიჭო?_ჰკითხა კომპტონმა. _ ფეხი გამიფუჭდა,_უპასუხა მან,_არ ისაუზმებ? _ მადლობელი ვარ. ჩაის კი დავლევდი.
«ფარვანათი» ვარ, ხომ იცი. მემსაიბს ვერ წავიყვანთ. ერთი ადგილი მაქვს მარტო. შენი საბარგო მანქანა უკვე გზაშია. ელენმა გვერდზე გაიხმო კომპტონი და რაღაც უთხრა. კომპტონი გახარებული მობრუნდა. ასე მხიარული თავის დღეში არ ენახა. _ ჯერ შენ ჩაგსვამთ,_უთხრა მან,_მემსაიბის წასაყვანად მერე მოვბრუნდები. წავიდეთ ბარემ.
ვაითუ არუშაში მოგვიხდეს გაჩერება, ბენზინისათვის. _ ჩაი? _ აღარ მინდა. ბიჭებმა საწოლი ასწიეს, მწვანე კარვიდან გამოიტანეს, მინდორზე გაატარეს, კოცონებს შორის, _ რომლებიც ახლა ერთიანად აბრიალებულიყვნენ: თივა დამწვარიყო და ქარი ცეცხლს აღვივებდა,_და პატარა თვითმფრინავთან მიიყვანეს. ჩაჯდომა გაძნელდა, მაგრამ როცა ჩასვეს, ტყავის სავარძელზე გადაესვენა, ფეხი აუწიეს და წინა სკამზე დაუდეს, საცა კომპტონი უნდა დამჯდარიყო. კომპტონმა ძრავა აამუშავა და კაბინაში შევიდა. მან ხელი დაუქნია ელენსა და ბიჭებს, ხოლო, როცა ძრავას თუხთუხი ჩვეულებრივ გუგუნში გადავიდა, თვითმფრინავი მობრუნდა, კომპტონმა ფრთხილად აუარა გვერდი ტახების ნაჩიჩქნ ორმოებს, ზუზუნითა და ძიგძიგით გაემართა წინ, კოცონებს ჩაუარა, ერთი კიდევ შეტოკდა და მიწას მოსწყდა. მან დაინახა, როგორ შეჰყურებდნენ დაბლიდან, ხელს უქნევდნენ. იქით _ კარავი გორაკის ძირში, ახლა თითქოს მიწის დონეზე გაბრტყელებული; მინდორი ფართოდ გადაიშალა, გადაბურული ხეები და ბუჩქებიც მიწას გაუთანაბრდნენ; ნადირის ნაფეხურები ამომშრალი წყაროებისკენ მიემართებიან; და ერთი წყაროც შენიშნა, ადრე არ ენახა. ზებრებისა მხოლოდ მომრგვალებული ზურგები ჩანს, ანტილოპის მაგვარი გნუს ჯოგი თავბუხუტა ხალებივით გაფანტულა მინდორზე მწკრივ-მწკრივად _ თითქოს გაჩაჩხული თითებიაო.
ჩრდილი რომ გადაეფარათ ზემოდან, აქეთ-იქით გახტნენ, ახლა სულ პაწაწინები ჩანან და მათ სირბილს ვერც კი ამჩნევ, მინდორს თვალის დასაწიერამდე მონაცრისფრო ყვითელი ფერი გადაეკრა, წინ კი _ კომპტონის ჟაკეტი და წაბლისფერი ქუდი ჩანს. გადაუფრინეს პირველ გორაკს, სადაც ანტილოპების ჯოგი მიბობღავს, მერე დიდ მთას გადაევლნენ, რომელიც ერთბაშად ამოიმართა ტყის სიმწვანიდან; ლერწმით დაფარული ფერდობები; ისევ დაბურული ტყე_მწვერვალებსა და ხეობებთან ერთად გამოძერწილი; ისევ დაქანება; ფერდობი; ისევ მინდორი, უკვე ალმურმოდებული, ყავისფრად გამომწვარი. თვითმფრინავი გახურებულ ჰაერში შეტოკდა და კომპტიმ მოუხედა, ფრენამ ხომ არ დაღალაო, წინ კი ისევ ჩამუქებული მთები. მერე არუშასკენ წასვლის ნაცვლად, მარცხნივ შებრუნდნენ; ეტყობა, ბენზინი ეყოთ. დაბლა ჩაიხედა და მიწას გაკრული ვარდისფერი ღრუბლის ქულები დაინახა, აქეთ-იქით მიმოფანტული, თითქოს ფიფქი თოვლი მოჰყოლია საიდანღაც მოვარდნილ ნამქერშიო, და მაშინვე მიხვდა, რომ ეს სამხრეთიდან დაძრული კალია იყო. მერე მაღლა-მაღლა წავიდა თვითმფრინავი, ეტყობოდა, აღმოსავლეთისკენ მიტრიალდნენ. უცებ დაბნელდა და ქარიშხალში მოჰყვნენ, წვიმდა, წვიმდა_თითქოს ჩანჩქერს მიაპობენო, ხოლო როცა ჩანჩქერიდან გამოვიდნენ, კომპტიმ თავი შეაბრუნა, გაუღიმა და წინ გაიშვირა ხელი. და როცა იქით გაიხედა, დაინახა დიდი, ვრცელი _ როგორც მთელი სამყარო, ცაში აზიდული და მზით გაშუქებული, წარმოუდგენლად თეთრი რაღაც_კილიმანჯაროს ბტრყელი მწვერვალი.
მაშინღა მიხვდა, საით მიდიოდნენ.
სწორედ ამ დროს აფთარმა ჩხავილი შეწყვიტა ღამის სიბნელეში, და რაღაც უცნაური, კაცისნაირი ტირილი მორთო. ქალს ძილში ჩაესმა და მოუსვენრად აწრიალდა. არ გაუღვიძია _ სიზმარში ლონგ-აილენდზე იყო, საკუთარ სახლში; ეს იყო თავისი ქალიშვილის საზოგადოებაში გამოყვანის წინა ღამე. როგორღაც მამაც იქ მოხვდა და ძალიან ტლანქად ექცეოდა. მერე ისე აყმუვლდა აფთარი, რომ ქალს გაეღვიძა, უცებ ვერ გაერკვა, სად იყო და ძალიან შეშინდა. ხელის ფარანს გადასწვდა და მეორე საწოლს მიანათა, რომელიც ჰარის ჩაძინების შემდეგ შემოიტანეს. ქინქლას საფარქვეშ იწვა, ოღონდ ფეხი გარეთ გამოსჩროდა და საწოლზე გადმოჰკიდებოდა.
სახვევი სულ შეხსნოდა, და ქალმა შიშით ვერ დახედა. _ მოლო!_გასძახა მან,_მოლო! მოლო! მერე ისევ მობრუნდა: _ ჰარი! ჰარი!_ხმას აუწია,_ჰარი! ჰარი! პასუხი არავის გაუცია, და ვერც მის სუნთქვას ისმენდა ქალი. გარეთ აფთარმა ისეთივე უცნაური ჩხავილი მორთო, რამაც წეღან გააღვიძა ქალი. მაგრამ გული ისე უცემდა, რომ აღარ გაუგონია..
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!