რა ასაკში აღწევს პატარა ჯიშის ძაღლი სქესობრივ სიმწიფეს და როდის უნდა მოხდეს საჭიროების შემთხვევაში კუდის ამპუტაცია
რა ასაკში აღწევს პატარა ჯიშის ძაღლი სქესობრივ სიმწიფეს და როდის უნდა მოხდეს საჭიროების შემთხვევაში კუდის ამპუტაცია 2010-02-24 მარიკა ხიდურელი მას შემდეგ, რაც სახლში ძუ ლეკვს მიიყვანთ, მარტო მისი მოვლა და განებივრება არ კმარა. არსებობს რამდენიმე დეტალი, რაც აუცილებლად უნდა იცოდეთ. თუ სახლში ძუ გყავთ, არც ის არის გამორიცხული, რომ მისთვის ხვადთან შეჯვარებისა და განაყოფიერებისთვის დროის შერჩევა დაგჭირდეთ. ამისთვის კი ბევრი დეტალი უნდა გაითვალისწინოთ, რომლის ცოდნაც სასიკეთოდ წაგადგებათ. რა თქმა უნდა, სასურველია, ძუს მშობიარობას ვეტერინარი ექიმი დაესწროს, მაგრამ, თუ ეს სხვადასხვა მიზეზის გამო არ მოხერხდა, მაშინ თავად მოგიწევთ თქვენი ძაღლისთვის დახმარების გაწევა. ამისათვისაც აუცილებელია რამდენიმე დეტალის ცოდნა. ამ ყველაფრის შესახებ ვეტერინარი, ზაქრო ბაჯიაშვილი მოგითხრობთ.
ზაქრო ბაჯიაშვილი: ძაღლის ორგანიზმში გამრავლების ორგანოები ქმნის რთულ სისტემას. სქესობრივ სიმწიფეს ძაღლი აღწევს დაახლოებით 6-11 თვის ასაკში. პატარა ჯიშებში ეს უფრო ადრე ხდება, ვიდრე საშუალო და დიდ ძუებში. ხვადი 15-16 თვის ასაკში აღწევს სქესობრივ სიმწიფეს, სრულფასოვანი შთამომავლობის გამრავლების უნარს და ინარჩუნებს სიცოცხლის ბოლომდე. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ჯიშიანი ძაღლები შეჯვარებაზე 8 წლამდე დაიშვებიან. ძუს პირველი შეჯვარების ოპტიმალური ასაკია 1,5-2 წელი.
– როგორც ამბობენ, არ არის რეკომენდებული ძაღლის ხშირად დართვა. რატომ?
– ადრეული და ხშირი, წელიწადში ერთზე მეტი შეჯვარება, იწვევს შთამომავლობის ხარისხის და სიცოცხლისუნარიანობის დაქვეითებას, ასევე უარყოფითად აისახება დედის ჯანმრთელობაზე. შეჯვარებამდე აუცილებელია, ძუს ჩაუტარდეს დეჰელმინთიზაცია, აცრები და სხვა პროფილაქტიკური ღონისძიებები.
არსებობს შეჯვარების სპეციალური წესები, რის მიხედვითაც ხდება წყვილის შერჩევა შეჯვარების დროს. ხშირად აუცილებელია, სპეციალისტის დახმარება. უმჯობესი იქნება, თუ ძუს მივიყვანთ ხვადთან. ამ დროს ხვადი უკეთესად აკონტროლებს სიტუაციას. გასათვალისწინებელია, სხვა გარემოებებიც – ნებისმიერმა სტრესულმა სიტუაციამ შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს როგორც ხვადზე ისე ძუზე.
რაც შეეხება დალეკვიანებას, შეჯვარებიდან 58-65 დღეში ხდება, მაგრამ არსებობს გამონაკლისი შემთხვევები – 53-72 დღეშიც შეიძლება მოხდეს.
– შეჯვარება ყოველთვის დალეკვიანებით სრულდება, თუ შესაძლებელია, რომ ასე არ მოხდეს?
– ძაღლი სქესობრივი ციკლისა და შეჯვარების შემდეგ, ყოველთვის არ ითვლება განაყოფიერებულად. შეიძლება, განვითარდეს ცრუ ფეხმძიმობაც. ცრუ ფეხმძიმობის შემთხვევაში ძუს აღენიშნება მაკეობისთვის დამახასიათებელი ყველა ნიშანი. ებერება სარძევე ჯირკვლები, ჯირკვლებში უდგება ხსენი, ეცვლება პიგმენტაცია, ეზრდება მუცელი. მეორმოცე დღიდან კი შეიძლება ნაყოფის გულის ცემის მოსმენაც. ამიტომ, მაკეობის დროს ვეტერინარი ექიმის ჩარევა და კონტროლი აუცილებელია. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, ძაღლს პრობლემები შეექმნას.
– რაც შეეხება ორსული ძაღლის კვებას?
– მაკეობის პერიოდში აუცილებელია, ძუ იკვებებოდეს სრულფასოვნად, იღებდეს ყველა საჭირო ვიტამინს და მინერალებს. დალეკვიანებამდე 10 დღით ადრე, ძაღლს აუცილებელია, ჩაუტაროთ დეჰელმინთიზაცია.
– მართალია, მშობიარობის სავარაუდო დრო დადგენილია, მაგრამ ცდომილება მაინც არის, ბუნებრივია. რა სიმპტომებით უნდა მივხვდეთ, რომ ძაღლს მშობიარობა ეწყება?
– ძაღლს, მშობიარობამდე რამდენიმე დღით ადრე, უსივდება გარეთა სასქესო ორგანოები. ძუ იწყებს ბუდის მოწყობას. შეიძლება, საკვებიც არ მიიღოს. სხეულის ტემპერატურა დაბლა იწევს.
– რამდენი ხანი გრძელდება ძაღლის მშობიარობა?
– მშობიარობა გრძელდება ერთი საათიდან რამდენიმე საათამდე. ყოფილა შემთხვევა, ერთი დღე-ღამეც კი გაგრძელებულა. ეს დამოკიდებულია ლეკვების რაოდენობაზე. ამ დროს აუცილებელია, მეპატრონემ მას დახმარება გაუწიოს.
– რა უნდა იცოდეს პატრონმა ამ დროს, თუ, რა თქმა უნდა, ვეტერინარის მეთვალყურეობის ქვეშ არ ხდება ძაღლის მშობიარობა?
– ლეკვის დაბადების პროცესი დაახლოებით, 15-20 წუთი გრძელდება. შეიძლება ორი, ან რამდენიმე ლეკვი ერთდროულად დაიბადოს და დედამ ვერ მოასწროს ჭიპლარის გადაწყვეტა. ამ დროს სტერილური მაკრატლით უნდა გადაიჭრას და იოდი წაესვას ჭიპლარზე. სწრაფად უნდა მოვაცილოთ მომყოლი და გავამშრალოთ, ახალშობილი მივცეთ გასალოკად დედას. აუცილებელია, დედას დავუმუშავოთ ძუძუები თბილი წყლით, მივიყვანოთ ლეკვი ძუძუსთან, რომ მიიღოს ხსენი, რასაც დიდი მნიშვნელობა აქვს ლეკვის ჯანმრთელობისთვის, იმუნიტეტის ჩამოყალიბებისთვის. ხსენი მდიდარია იმუნური ანტისხეულებით, მინერალებით. ყურადღება უნდა მივაქციოთ, რომ დედამ ლეკვები არ გაჭყლიტოს. კარგი იქნება, თუ ლეკვებს დროებით, თბილად ყუთში მოვათავსებთ. ისინი ბრმები და უსუსურები იბადებიან. დალეკვიანების დროს, გართულების შემთხვევაში, აუცილებლად უნდა მიმართოთ ვეტერინარს.
– რა უნდა გავითვალისწინოთ და ვიცოდეთ მას შემდეგ, რაც ძაღლი იმშობიარებს და სახლში პატარა ლეკვები გვეყოლება?
– უნდა იცოდეთ, რომ ლეკვი თვალს 10-14 დღეში ახელს, ყურის არხები 14 დღიდან ეხსნება. პირველი კბილები ამოსდის 18-21 დღეში. ორი კვირის ასაკიდან სასურველია, ლეკვებს მივცეთ დამატებითი საკვები. ეს შეიძლება იყოს სპეციალური, დედის რძის შემცვლელი ან მაწონი. 3 კვირიდან კი ჩაუტარეთ დეჰელმინთიზაცია. სამ კვირამდე ლეკვს არ შეუძლია დამოუკიდებლად კუჭის მოქმედება და მოშარდვა. სასურველია, ლეკვები დედასთან იმყოფებოდნენ დაბადებიდან 30 დღის განმავლობაში. ჯიშებს, რომელთაც კუდის ამპუტაციას უტარებენ სასურველია, აღნიშნული პროცედურა 3-5 დღის ასაკში ჩაუტარდეს, ხოლო ყურების კუპირება – 10-12 დღის ასაკში.
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!