ძაღლის სტერილიზაცია-კასტრაციაზე გადაწყვეტილების მიღებამდე გთხოვთ გაეცნოთ ლიტერატურას, თუნდაც წაიკითხოთ ეს სტატია. ჩვენთვის პრიორიტეტი და ზრუნვის საგანი ხომ სწორედ ჩვენი ძაღლების ჯანმრთელობა გახლავთ. ეს უმთავრესია და ნებისმიერი პატრონი ვალდებულია გამოიჩინოს კეთილგონიერება!
ძაღლების სტერილიზაცია-კასტრაცია. კი თუ არა? ვიცით კი ყველაფერი ამ თემის შესახებ?
ძაღლების სტერილიზაცია-კასტრაცია
მასთან დაკავშირებული რისკები და უპირატესობები.
ლორა ჯ.სენბორნი.
საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა მაგისტრი.
2007წ. 14 მაისი.
წინასიტყვაობა
ძაღლის მეპატრონეთა უმრავლესობა ადრე თუ გვიან დგება გადაწყვეტილების მიღების წინაშე - გაუკეთოს სტერილიზაცია-კასტრაცია ცხოველს თუ არა. როგორც წესი ფიქრობენ რომ ამ ოპერაციის უპირატესობა სრულიად გადაწონის შესაძლო რისკებს. თუმცა..
ამ საკითხის ირგვლივ არსებული სირთულეების და კითხვების ამოსახსნელად სერნბორნმა შეისწავლა ვეტერინარული მედიცინის მრავალრიცხოვანი ნაშრომები. კერძოდ შესწავლილი იქნა 50-ზე მეტი კვლევითი ნაშრომი, რომლებიც ეხებოდა სტერილიზაცია-კასტრაციის პრობლემებს.
არ შეიძლება იგნორირება გავუკეთოთ კასტრირებული ხვადების მიდრეკილებას ოსტეოსარკომის, ჰემანგიოსარკომის, ჰიპოთირეოზის და სხვა საკმაოდ ფართოდ გავრცელებული დაავადებების მიმართ. როგორც ვეტერინარების, ისე ძაღლის მეპატრონეთა მხრიდან ძალიან დიდ უპასუხისმგებლობად შეიძლება ჩაითვალოს სტერილიზაცია-კასტრაციის შემდგომი რისკ ფაქტორების და უპირატესობების გაუთვალისწინებლობა.
ძუ ძაღლების შემთხვევაში სტერილიზაციის ჩატარება უნდა მოხდეს სამედიცინო გამოკვლევის შემდეგ. არ შეიძლება სტანდარტული ოპერაცია უკეთდებოდეს განურჩევლად ყველა პაციენტს.
მოცემულ ტრაქტატში ავტორი თხოვს ყველას გაეცნონ ყველა არსებულ დასაბუთებულ ინფორმაციას სტერილიზაცია-კასტრაციის ძაღლის ორგანიზმზე ზეგავლენის შესახებ და მხოლოდ ამის შემდეგ, ინდივიდუალურ დონეზე მიიღონ გადაწყვეტილება.
ეს მნიშვნელოვანი ტრაქტატი დაეხმარება ვეტერინარული მედიცინის წარმომადგენლებს და ძაღლების მეპატრონეებს სტერილიზაცია-კასტრაციის გაკეთების გადაწყვეტილება მიიღონ უფრო გააზრებულად და დასაბუთებულად.
ლარი.ს.კატცი.
მეცნიერებათა დოქტორი პროფესორი და ზოოლოგიის კათედრის ხელმძღვანელი.
რუტგერის სახელმწიფო კვლევითი უნივერსიტეტი.
ნიუ-ბრუნსვიკი. ნიუ-ჯერსი.
ამერიკაში ძაღლების მეპატრონეებს ხშირად ურჩევენ გაასტერილონ თავიანთი ძაღლები ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით, თუმცა მათ მიერ ჩამთვლილი უპირატესობების დამადასტურებელი არავითარი კვლევითი ბაზა არ არსებობს.
ზოგიერთი ექიმი ძაღლის მეპატრონესთან სტერილიზაცია-კასტრაციის განხილვის დროს არაფერს ამბობს რისკ-ფაქტორების შესახებ, განსაკუთრებით კი ყველაზე სერიოზულ გართულებებზე.
მოცემული სტატია გახლავთ სტერილიზაცია-კასტრაციის გვიანი რისკების და უპირატესობების შედარების მცდელობა ვეტერინარულ ლიტერატურაში არსებული მონაცემების საფუძველზე. სტატიაში არ განიხილება ძაღლების პოპულაციების მართვის კუთხით მათი გამრავლებისა და ასევე ხასიათის ცვლილებების საკითხები.
რეზიუმე
ვეტერინარული ლიტერატურის შესწავლა ნათელს ხდის სტერილიზაცია-კასტრაციის გვიანდელ რისკებთან და უპირატესობებთან დაკავშირებულ ყველა სირთულეს. არსებობს მტკიცებულებები ძაღლის ჯანმრთელობაზე სასარგებლო თუ საზიანო ზეგავლენის შესახებ. ზოგადად საზოგადოებაში ამ საკითხის მიმართ არ იკვეთება სწორი მიდგომა.
შეუძლებელია იპოვო სერიოზული საფუძველი მხოლოდ მომავალში ჯანმრთელობის პრობლემების თავიდან აცილების მიზნით ახალგაზრდა ხვადების კასტრირების დროს. ამ შემთხვევაში ოპერაციის შემდგომი პრობლემები სრულიად გადაწონის მის უპირატესობებს.
ჩამოვთვალოთ კასტრაციის დადებითი მხარეები:
* ხდება თავიდან აცილება სათესლის კიბოს (<1%) განვითარების და ამ დაავადებით გამოწვეული ლეტალობის;
* მცირდება პროსტატის არაონკოგენური დაავადებების განვითარების რისკი;
* მცირდება პერიანალური ფისტულების წარმოქმნის რისკი;
* არსებობს მოსაზრება, რომ მცირდება დიაბეტის განვითარების რისკი, თუმცა მონაცემები არადამაჯერებელია;
ჩამოვთვალოთ კასტრაციის უარყოფითი მხარეები:
* ერთ წლამდე ასაკის კასტრირებულ ძაღლებში მნიშვნელოვნად იზრდება ოსტეოსარკომის (ძვლის კიბო) განვითარების რისკი. ეს დაავადება უფრო ხშირად გვხვდება საშუალო და დიდი ზომის ჯიშებში და პროგნოზი არაკეთილსაიმედოა;
* 1,6 ჯერ იზრდება გულის ჰემანგიოსარკომის განვითარების რისკი;
* სამჯერ იზრდება ჰიპოთირეოზით დაავადების რისკი;
* სამჯერ იზრდება გაცხიმოვნების მომატების რისკი;
* ოთხჯერ იზრდება პროსტატის კიბოთი დაავადების რისკი, რომლის მაჩვენებელი არაკასტრირებულ ძაღლებში <0.6%-ია;
* ორჯერ იზრდება საშარდე სისტემაში ონკოგენური დაავადებების განვითარების რისკი. არაკასტრირებულ ძაღლებში <1%-ია;
* იზრდება ორთოპედიული დარღვევების განვითარების რისკი;
* იზრდება გვერდითი მოვლენების განვითარების რისკი ვაქცინაციების დროს;
ძუ ძაღლებში სიტუაცია გაცილებით რთულია. ცალკეულ შემთხვევებში სტერილიზაციის უპირატესობებმა შეიძლება გადაწონოს ჯანმრთელობისთვის მიყენებული ზიანი. შესწავლილი მონაცემების საფუზველზე ცხადი ხდება, რომ სტერილიზაციის საერთო სარგებელი დამოკიდებულია ძაღლის ასაკსა და ჯიშის თავისებურებებზე.
სტერილიზაციილის დადებითი მხარეები:
* 2,5 წლის ასაკამდე გასტერილებულ ძუებში მცირდება სარზევე ჯირკვლის კიბოს წარმოქმნის რისკი;
* თითქმის მთლიანად ირიცხება პიომეტრით დაავადების რისკი. პიომეტრით იღუპება არასტერილიზებული ძაღლების 1%;
* მცირდება პერიანალური ფისტულების წარმოქმნის რისკი;
* სტერილიზაცია საშუალებას იზლევა მთლიანად გამოირიცხოს საშვილოსნოზე, საშვილოსნოს ყელზე და საკვერცხეებზე კიბოს წარმოქმნის რისკი;
სტერილიზაციის უარყოფითი მხარეები:
* ერთ წლამდე ასაკის გასტერილებულ ძაღლებში მნიშვნელოვნად იზრდება ოსტეოსარკომის (ძვლის კიბო) განვითარების რისკი. ეს დაავადება უფრო ხშირად გვხვდება საშუალო და დიდი ზომის ჯიშებში და პროგნოზი არაკეთილსაიმედოა;
* 2,2-ჯერ იზრდება ელენთის ჰემანგიოსარკომის განვითარების რისკი და თითქმის 5-ჯერ იზრდება გულის ჰემანგიოსარკომის განვითარების რისკი;
* სამჯერ იზრდება ჰიპოთირეოზის განვითარების რისკი;
* 1,5-2 ჯერ იზრდება გაცხიმოვნების მომატების რისკი;
* 4-20%-ში ვლინდება შარდის შეუკავებლობა;
* 3-4 ჯერ იზრდება შარდგამომყოფი გზებში მწვავე და ქრონიკული ინფექციური დავადებების განვითარების რისკი;
* იზრდება ვაგინალური დერმატიტებითა და ვაგინიტით დაავადების რისკი;
* ორჯერ იზრდება შარდგამომყოფ გზებში სიმსივნეების განვითარების რისკი;
* იზრდება ორთოპედიული დარღვევების განვითარების რისკი;
* იზრდება გვერდითი მოვლენების განვითარების რისკი ვაქცინაციების დროს;
ცხადი ხდება, რომ უმრავლეს შემთხვევებში საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი ინფორმაცია სტერილიზაცია-კასტრაციის შესახებ არ არის დაბალანსებული და შეიცავს არადადასტურებულ ჩვენებებს.
ამ დროისათვის მიღებულია 6 თვის ასაკის ძაღლების სტერილიზაცია-კასტრაცია, რასაც მივყავართ დამატებითი რისკების განვითარებასთან, რომელთა თავიდან აცილებაც შეიძლება:
ა) ძუ ძაღლის შემთხვევაში სქესობრივი მომწიფების პერიოდამდე მოცდით;
ბ) ხვადებში კასტრაციაზე საერთოდ უარის თქმით( გარდა შემთხვევებისა, როდესაც არსებობს სამედიცინო ჩვენება);
პოსტოპერაციული გართულებები
ნებისმიერი ქირურგიული პროცედურა დაკავშირებულია გარკვეულ რისკთან, შესაძლო გართულებებთან როგორიცაა არასასურველი რეაქცია ანესთეზიის დროა, სისხლდენა, ანთება, ინფექცია, ჭრილობის გახსნა, ნაკერების მოცილება და ა.შ.
გართულებები შესაძლებელია წარმოიქმნას ადრეულ და გვიან პერიოდში.
ა) ოპერაციის მსვლელობის დროს არსებული გართულებები - 6.3%;
ბ) ოპერაციის დამთავრებისთანავე წარმოქმნილი გართულებები - 14.1%;
გ) ზოგადად გართულებების რაოდენობა - 20.6%;
სხვა წყაროების, მაგ. კანადელი ექიმების შრომების მიხედვით გართულებების პროცენტული მაჩვენებელი ხვადებში შეადგენს 19%-ს, ხოლო ძუებში - 22%-ს.
ისეთი რთული გართულებები კი, როგორიცაა ინფექცია, აბსცესი, ჭრილობის გახსნა და ნაკერების მოცილება გვხვდება მხოლოდ 1-4%-ში, აქედან 90% მოდის ძუებზე და მხოლოდ 10% ხვადებზე.
სტერილიზაცია-კასტრაციის გამო გამოწვეული ლეტალობა გვხვდება ძალიან დაბალ - 0.1%-ში.
პროსტატის კიბო
საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი ლიტერატურის უმეტეს ნაწილში ნათქვამია, რომ კასტრაცია ამცირებს ან საერთოდ აქრობს პროსტატის კიბოთი დაავადების რისკს. ეს ვარაუდი ლოგიკურია, რადგან ადამიანებში პროსტატის კიბო დაკავშირებულია ტესტოსტერონთან. თუმცა ძაღლების შემთხვევაში სტატისტიკური მონაცემები ამას არათუ არ ამტკიცებს, პირიქით გვესახება საწინააღმდეგო სურათი.
ბოლო დროს ევროპასა და ამერიკაში ჩატარებულმა ორმა დამოუკიდებელმა კვლევამ, რომლებშიც გამოიყენებოდა საკონტროლო ჯგუფები, დაამტკიცა, რომ პროსტატის კიბოთი დაავადების რისკი ოთხჯერ იზრდება კასტრირებულ ძაღლებში. ამის მიზეზად კი მოყვანილია შემდეგი:
ა) კასტრაცია არ გახლავთ პროსტატის კიბოს ინიციატორი, თუმცა ქმნის მისი განვითარებისთვის ხელსაყრელ გარემოს;
ბ) არაკასტრირებულ ძაღლებში პროსტატის კიბოს დაბალი მაჩვენებელი დამოკიდებულია ტესტიკულიარული ჰორმონების დაცვით ფუნქციაზე ხელი შეუშალონ ამ კიბოს გამომწვევი უროთელიალური კარცინომების წარმოქმნას;
ძაღლებში და ადამიანებში პროსტატის კიბოს სურათი რადიკალურად განსხვავებულია. პათოლოგანატომიური მონაცემებით ძაღლებში კიბოს ამ სახეობის პროცებტული მაჩვენებელი დაბალია და შეადგენს 0.6%-ს. ამიტომ პროსტატის კიბოთი დაავადების პრევენციისთვის არ ღირს კასტრაციაზე დაფიქრება.
რაც შეეხება ჯიშებს, მაღალ რისკ ჯგუფში მოთავსებულია ფლანდრიული ბუვიე, თუმცა სხვა ჯიშებზე არ არსებობს დადასტურებული არავითარი მონაცემი.
სათესლე ჯირკვლის კიბო
გამომდინარე იქიდან, რომ კასტრაციის დროს სათესლეებს იღებენ, მისი კიბოთი დაავადების რისკი ქრება.
საინტერესოა როგორია სტატისტიკა არაკასტრირებულ ძაღლებში?
ხანდაზმულ არაკასტრირებულ ძაღლებში ტესტიკულიარული კარცინომები გვხვდება საკმაოდ ხშირად - 7%-ში. თუმცა მკურნალობის პროგნოზი ძალიან კეთილსაიმედოა, რადგან ამ დროს ფაქტიურად არ ხდება მეტასტაზების გავრცელება. სათესლის კიბოთი გამოწვეული ლეტალობა ძალიან იშვიათია. ამის დასადასტურებლად შეგვიძლია მოვიყვანოთ პერდუს უნივერსიტეტის მიერ ევა, ოქროსფერ რეტრივერებზე ჩატარებული კვლევა, რომელში იკვეთება შემდეგი სურათი: როგორც კასტრირებულ, ისე არაკასტრირებულ რეტრივერებში სიკვდილიანობის გამომწვევ დაავადებათა სიაში პროსტატის კიბო საერთოდ ვერ მოხვდა. უფრო მეტიც, 90.9% სრულიად განიკურნა ამ დაავადებისგან.
სათესლე ჯირკვლის კიბოთი ლეტალობა არაკასტრირებული ძაღლებში შეადგენს 1%-ზე ნაკლებს.
დასკვნა: ახალგაზრდა ხვადების პატრონებს უმეტეს შემთხვევაში სწორედ პროსტატის კიბოს პრევენციისთვის ურჩევენ კასტრაციის ჩატარებას. თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ ამ დაავადების წარმოქმნის ალბათობა ძალიან დაბალია, ლოგიკურია მის გამო ამ გადაწყვეტილების მიღება არ არის მიზანშეწონილი.
გამონაკლისად ითვლებიან კრიპტორქიდები, რომლეთა შემთხვევაშიც მუცლის ღრუში დარჩენილ სათესლე ჯირკვლებზე კიბოს წარმოქმნის ალბათობა 13.6-ჯერ იზრდება.
ოსტეოსარკომა (ძვლის კიბო)
სხვადასხვა ჯიშებზე ჩატარებულმა კვლევებმა ცხადყო, რომ ოსტეოსარკომის განვითარების რისკი კასტრირებულ-სტერილიზებულ ძაღლებში ორჯერ იზრდება.
მიზანმიმართულად შეისწავლეს როტვეილერები, ზოგადად ამ ჯიშში ოსტეოსარკომის მაღალი მაჩვენებლის გამო. ძაღლები დაიყო ასაკობრივ ჯგუფებად კასტრაცია-სტერილიზაციის ჩატარების დროის მიხედვით. აღმოჩნდა, რომ ოსტეოსარკომის განვითარების რისკი პირდაპირ უკავშირდება ახალგაზრდა ასაკში ოპერაციის ჩატარებას.
ერთ წლამდე კასტრირებულ-სტერილიზებულ ძაღლებში ყველა მონაცემის გათვალისწინებით ოსტეოსარკომის განვითარების რისკი იმატებს ხვადებში 28.4%-ით, ხოლო ძუებში - 25.1%-ით.
მკვლევარები ამ ფაქტს შემდეგი ფაქტორით ხსნიან: ძაღლის ძვლოვანი სისტემის სტრუქტურის და ჩონჩხის მასის ფორმირებაში მონაწილეობენ სასქესო ჰორმონები. რაც უფრო ადრე ხდება ჰორმონალური ფონის შეცვლა კასტრაცია-სტერილიზაციის გავლენით, მით უფრო იზრდება ოსტეოსარკომის განვითარების რისკი.
ოსტეოსარკომის მაღალ რისკ ჯუფებში ხვდებიან საშუალო, დიდი და გიგანტური ზომის ჯიშები. მათში ლეტალობის ეს მიზეზი ძალიან ხშირია. მაგალითად ოქროსფერ რეტრივერებში ოსტეოსარკომა მესამე ადგილზეა სიკვდილიანობის გამოწვევის თვალსაზრისით. უფრო დიდი ზომის ჯიშებში კი სიხშირე მეტად მატულობს.
ოსტეოსარკომის არაკეთილსაომედო პროგნოზის გათვალისწინებით დასტურდება, რომ ის ითვლება ადრეულ ასაკში სტერილიზებული-კასტრირებული ძაღლების ლეტალობის ერთ-ერთ უხშირეს მიზეზად.
სარძევე ჯირკვლის კიბო
სარძევე ჯირკვლის კიბო მიეკუთვნება არასტერილიზებულ ძაღლებში გამოვლენილი სიმსივნეეების ყველაზე ხშირ სახეობას. ნორვეგიაში ჩატარებულმა კვლევებმა, სადაც ოვაროჰისტექტომია ტარდება გაცილებით იშვიათად ვიდრე ამერიკაში, გამოავლინა რომ სარძევე ჯირკვლის კიბო შეადგენს საერთო სიმსივნეების 53%-ს არასტერილიზებულ ძუებში.
სარძევე ჯირკვლის სიმსივნეების 50-60% ავთვისებიანია. მეტასტაზების განვითარების რისკი ძალიან მაღალია. სარძევე ჯირკვლის უჯრედები შეიცავენ ესტროგენის რეცეპტორებს. გამოქვეყნებული კვლევების მიხედვით ამ კიბოს განვითარების კავშირი ესტრუსთან (ესტრუსის ციკლი ცხოველებში შეესაბამება ადამიანში მენსტრუალურ ციკლს) შემდეგნაირია:
სტერილიზაციამდე ესტრუსის ციკლის რაოდენობა - რისკის პროცენტული მაჩვენებელი
0------------------------ 0.005
1------------------------ 0.08
2 და მეტი--------------- 0.26
არასტერილიზებული-------------- 1.00
იგივე მონაცემები ასაკის გათვალისწინებით:
29 თვემდე ჩატარებული სტერილიზაცია-------- 0.06
30თვის შემდეგ--------------- 0.40
არასტერილიზებული------- 1.00
ძუ ოქროსფერი რეტრივერების ლეტალური დაავადებების კვლევაში სარძევე ჯირკვლის კიბომ დაიკავა სიის მეხუთე ადგილი. ამასთან გამოკვლეული ძაღლების 86% სტერილიზებული იყო საშუალოდ 3-4 წლის ასაკში.
სარძევე ჯირკვლის კიბოს მაღალ რისკ-ჯგუფში შედიან: ბოქსიორები, კოკერ-სპანიელები, სპრინგერ-სპანიელები და ტაქსები. არასტერილიზებულ 6-12 წლის ბოქსიორებში კიბოს ამ სახეობის განვითარების რისკი 40%-ს შეადგენს.
არსებობს მოსაზრება, რომ წმინდა სისხლის ჯიშებში სარძევე ჯირკვლის კიბოს განვითარების რისკი უფრო მარალია, ვიდრე მეტისებში და ასევე რისკი იზრდება ინბრიდინგის კოეფიციენტის ზრდასთან ერთად.
დასკვნა: სტერილიზაცია, განსაკუთრებით კი 30 თვემდე ასაკში ჯირკვლის მნიშვნელოვნად ამცირებს სარძევე ჯირკვლის კიბოს განვითარების რისკს.
რეპროდუქტიული ორგანოების (საშვილოსნოს, საშვილოსნოს ყელის და საკვერხცეების) კიბო
საშვილოსნოს და საშვილოსნოს ყელის კიბო საკმაოდ იშვიათია ძაღლებში და შეაგდენს საერთო სიმსივნეების მხოლოდ 0.3%-ს, საკვერცხეებისა კი - 0,5%-ს. გამომდინარე ამ დაავადებების დაბალი მაჩვენებლიდან არ არის მიზანშეწონილი კონკრეტულად ამ მიზეზით სტერილიზაციის ჩატარება.
შარდის ბუშტის და ურეთრის კიბო
სხვადასხვა ასაკის ძაღლებში ჩატარებულმა კვლევებმა ცხადყო, რომ შარდის ბუშტისა და ურეთრის კიბოს რისკი ორჯერ მეტია კასტრირებულ-სტერილიზებულ ძაღლებში. ამ სისტემაში თითქმის ყოველთვის გვხვდება ავთვისებიანი სიმსივნეები, თუმცა საბედნიეროდ მათი სიხშირე დაბალია და შეადგენს 1%-ზე ნაკლებს.
ელდერტერიერებს, ბიგლებს და შოტლანდიურ ტერიერებს შარდგამომყოფი გზების სიმსივნეების საშუალოზე მაღალი მაჩვენებელი აქვთ, გერმანულ ნაგაზს კი საშუალოზე დაბალი.
ჰემანგიოსარკომა
ჰემანგიოსარკომა კიბოს საკმაოდ გავრცელებული ფორმაა შემდეგ ჯიშებში: სალუკი, ფრანგული ბულდოგი, ირლანდიური სპანიელი, ლაბრადორ რეტრივერი, ოქროსფერი რეტრივერი, ბოქსიორი, ავღანური მწევარი, ინგლისური სეტერი, შოტლანდიური ტერიერი, ბოსტონ ტერიერტი, ბულდოგი და გერმანული ნაგაზი.
ძაღლების ასაკობრივი ჯგუფების კვლევამ გამოავლინა, რომ სტერილიზებულ ძუებში ელენთის ჰემანგიოსარკომის რისკი 2.2 ჯერ მაღალია.
რაც შეეხება გულის ჰემანგიოსარკომას, სტერილიზებულ ძუებში მისი განვითარების ალბათობა იზრდება 5-ჯერ, ხოლო კასტრირებულ ხვადებში - 1.6-ჯერ. სპეციალისტები ფიქრობენ, რომ სასქესო ჰორმონები გარკვეულ წილად იცავენ ორგანიზმს ჰამანგიოსარკომის განვითარებისგან, განსაკუთრებით ძუებში.
სტერილიზაცია-კასტრაციის ჩატარებაზე გადაწყვეტილების მიღებისას იმ ჯიშებში, სადაც ჰემანგიოსარკომის მაღალი ლეტალური ციფრები სახელდება, აუცილებელია ამ საფრთხის გათვალისწინება.
ჰიპოთირეოზი
ჰიპოთირეოზის განვითარების რისკი 3-ჯერ მაღალია სტერილიზებულ-კასტრირებულ ძაღლებში.
სტერილიზაცია-კასტრაციის ჰიპოთირეოზთან კავშირი გამოწვეულია სასქესო ჰორმონების იმუნურ სისტემაზე გავლენით. მაგალითად კასტრაცია თაგვებში ამწვავებს აუტოიმუნურს თირეოდიტს. ძაღლებში ჰიპოთირეოზს მივყავართ გაცხიმოვნებასთან, აპათიასთან, ბეწვის ცვენასა და რეპროდუქტიულ დარღვევებთან.
რაც შეეხება ჯიშებს ოქროსფერ რეტრივერებთან და აკიტასთან ჰიპოთირეოზის რისკი განსაკუთრებით მაღალია.
გაცხიმოვნება
სტრეილიზაცია-კასტრაციის შემდეგ წარმოქმნილი ნივთიერებათა ცვლის მოშლის გამო ძაღლებს მიდრეკილება უჩნდებათ გაცხიმოვნებისა და ზედმეტი წონისადმი.
ჩატარებული კვლევების მიხედვით სტერილიზებულ ძუებში გაცხიმოვნებისადმი მიდრეკილება იზრდება 1.6-ჯერ, კასტრირებულ ხვადებში - 3-ჯერ.
ზედმეტი წონისადმი მიდრეკილება კი ძუებში - 1.2-ჯერ, ხვადებში - 1.5-ჯერ.
დიდ ბრიტანეთში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ სტერილიზებული-კასტრირებული პაციენტების 21% აღენიშნებოდა წონასთან დაკავშირებული პრობლემები.
ზედმეტ წონას მივყავართ მთელ რიგ პრობლემებთან ძაღლებში. ხშირია ჰიპერადრენოკორტიკოციზმი (კუშინგის სინდრომი), ჯვარედინი ბმების დარღვევა, ჰიპოთირეოზი, შარდგამომყოფი გზების დაავადებები, პირის ღრუს დაავადებები.
ძაღლებში გაცხიმოვნების ფონზე გვხვდება ჰიპოთირეოზი, შაქრიანი დიაბეტი, პანკრეატიტი, ჯვარედინი ბმის დარღვევა და ნეოპლაზია (სიმსივნეები).
დიაბეტი
არსებობს კვლევები, რომლებიც ვარაუდობს კასტრირებულ ძაღლებში დიაბეტის რისკის ორჯერ მატებას. თუმცა სხვა კვლევებით ეს არ დასტურდება. ძუებში სტერილიზაციასა და დიაბეტს შორის კავშირი არ დგინდება.
გართულებები ვაქცინაციისას
ვაქცინაციის გვერდით მოვლენებზე ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ გართულებები, როგორიცაა ალერგიული რეაქციები, ჭინჭრის ციება, ანაფილაქსია, გულის გაჩერება, გულსისხლძარღვთა უკმარისობა და უეცარი სიკვდილი 30%-ით ხშირად ვლინდებოდა სტერილიზებულ ძუებში და 27%-ით ხშირად კასტრირებულ ხვადებში.
მკვლევარები თვლიან, რომ სასქესო ჰორმონების გავლენა იმუნურ სისტემაზე ხდება ამ ფაქტორის არსებობის მიზეზი.
პატარა და მინიატურული ჯიში ძაღლებს გააჩნიათ მაღალი მიდრეკილება ვაქცინაციის შემდგომი გართულებებისადმი. ასევე მაღალი რისკი დაფიქსირდა შემდეგ ჯიშებში: ბოქსიორი, ვეიმარანერი, ოქროსფერი რეტრივერი, ამერიკული ესკიმოსური ძაღლი, ბასეტ-ჰაუნდი, უელსური კორგი, ციმბირული ჰასკი, გერმანული დოგი, ლაბრადორ რეტრივერი, დობერმანი, ამერიკული პიტბულტერიერი და აკიტა.
მეტისებს ეს რისკი მნიშვნელოვნად დაბალი აქვთ, რაც მკვლევარების აზრით გენეტიკური ჰეტეროგენურობით აიხსნება.
უროგენიტალური დარღვევები
სტერილიზებულ ძუებს ხშირად აღენიშნებათ შარდის შეუკავებლობა, რაც შეიძლება განუვითარდეთ როგორც ადრეულ პოსტოპერაციულ პერიოდში, ასევე რამოდენიმე წლის შემდეგ. სხვადასხვა წყაროს მიხედვით სტერილიზებულ ძუებში შეუკავებლობა ვლინდება 4-20%-ში, არასტერილიზებულებში კი - 0.3%-ში.
შარდის შეუკავებლობა იმდენად მჭირდოდ არის დაკავშირებული სტერილიზაციასთან, რომ მას „სტერილიზაციურ შეუკავებლობასაც" უწოდებენ. შეუკავებლობის მიზეზად სახელდება ურეთრის სფინქტერის ფუნქციის მოშლა, თუმცა ეს მექანიზმი ბოლომდე შესწავლილი არ არის.
ხშირ შემთხვევებში შარდის შეუკავებლობა ექვემდებარება მკურნალობას. თუმცა უმეტესად მკურნალობას საჭიროებს სიცოცხლის ბოლომდე.
რეტროსპექტიული კვლევების მიხედვით სტერილიზებულ ძუებში შარგამომყოფი გზების ქრონიკული და მორეციდივე ინფექციები 3-4-ჯერ ხშირია. სხვა რეტროსპექტულმა კვლევამ კი აჩვენა, რომ 5.5 თვემდე სტერილიზებულ ძუებში ეს ინფექციები 2.7-ჯერ მეტია.
სტერილიზაცია ასევე გავლენას ახდენს გარეთა სასქესო ორგანოების განვითარებაზე. ხშირია ვაგინიტები და ვაგინალური დერმატიტებიც. განსაკუთრებით დიდია რისკი სქესობრივი სიმწიფის მიღწევამდე ჩატარებული ოპერაციების დროს.
პოიმეტრა (საშვილოსნოს ანთება)
შვეიცარიაში სადაზღვევო კომპანიების მონაცემებით (ამ ქვეყანაში სტერილიზაციის ოვაროჰისტექტომიის ფორმა იშვიათია) ძუ ძაღლების 23% ავადდება პიომეტრით 10 წლამდე ასაკის მიღწევამდე. ბერნის ზენენჰუნდი, როტვეილერი, გრძელბეწვიანი კოლი, კინგ ჩარლზ სპანიელი და ოქროსფერი რეტრივერი შედიან მაღალ რისკ ჯგუფში. ასევე მაღალია მაჩვენებელი ძუებში, რომლებსაც არასოდეს ყოლიათ ლეკვები.
პიომეტრას მკურნალობენ მედიკამენტოზურად ან ქირურგიული გზით. არასტერილიზებული ძაღლების 1% იღუპება ამ დაავადებით.
პერიანალური ფისტულები
ხვადებში პერიანალური ფისტულები ვითარდება 2-ჯერ ხშირად ვიდრე ძუებში. სტერილიზებულ-კასტრირებულ ძაღლებში რისკი გაცილებით მაღალია. მაღალ რისკ ჯგუფში შედიან გერმანული ნაგაზები და ირლანდიური სეტერები.
ძაღლის ასაკის მატებასთან ერთად იზრდება წინამდებარე ჯირკვლის კეთილთვისებიანი ჰიპერტროფიის რისკიც. ეს დაავადება გვხვდება 5 წელს გადაცილებული არაკასტრირებული ძაღლების 80%-ში. უმრავლეს შემთხვევებში ის არ იწვევს პრობლემებს, მხოლოდ იშვიათად ვლინდება დეფეკაციისა და შარდის გამოყოფის გართულებით.
კასტრაციას შეუძლია აღმოფხვრას პროსტატის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზია. ამ დაავადების განვითარების შემდეგ კასტრირების დროს პროსტატა მნიშვნელოვნად იკლებს ზომაში.
ორთოპედიული დარღვევები
ბიგლის ჯიშის ძაღლებზე ჩატარებულმა გამოკვლევამ აჩვენა, რომ საკვერცხეების ამოკვეთას შეუძლია გამოიწვიოს მენჯის ძვლის რემოდულაცია, რაც ძალიან ზრდის სტერილიზებულ ძუებში დისპლაზიის განვითარების რისკს.
გარდა ამისა დამტკიცდა, რომ სტერილიზაციის შემდეგ ხერხემლის ძვლოვანი ქსოვილის მასა მნიშვნელოვნად მცირდება. სტრეილიზაცია-კასტრაცია ასევე ხელს უშლის ძვლოვანი ზრდის ღარების დახურვის პროცესს, რის შედეგადაც ასეთი ძაღლების ძვლები საბოლოოდ გაცილებით გრძელი რჩება.
სტერილიზაცია-კასტრაციამ შეიძლება გამოიწვიოს ძვლოვანი ჩონჩხის პროპორციების დარღვევა, სხეული ფორმის ცვლილებები და სახსრების არამდგრადობა.
5.5 თვის ასაკამდე ჩატარებული სტერილიზაციისას 70%-ით იზრდება დისპლაზიის განვითარების საფრთხე.
მვლევარები თვლიან, რომ ადრეული სტერილიზაციის შემდეგ ძვლების ზომაში მატება ახდენს გავლენას სახსრებზეც და იწვევს დისპლაზიას.
ერდელტერიერებზე ჩატარებული კვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ სტერილიზებულ-კასტრირებულ ძაღლებში დისპლაზიის შემთხვევები მეტად მაღალი იყო, ასევე სხვა ძვალ-კუნთოვანი დარღვევებიც.
ვეტერინარული ლიტერატურის ობიექტური შესწავლა საშუალებას გვაძლევს შევაფასოთ სტერილიზაცია-კასტრაციის შემდგომი გვიანი რისკები და უპირატესობები. არსებობს მტკიცებულებები იმისა, რომ აღნიშნულ ოპერაციებს შეუძლიათ როგორც სარგებლის, ასევე ზიანის მოტანაც.
შეიძლება დარწმუნებით იმის მტკიცება, რომ ხვადების, განსაკუთრებით კი ახალგაზრდა ძაღლების კასტრაციის მიზეზი და გამართლება არ შეიძლება იყოს „ მომავალში მათი ჯანმრთელობის პრობლემების თავიდან აცილება" . ჯანმრთელობის პრობლემების რიცხვი სრულიად გადაწონის კასტრაციის უპირატესობებს.
ძუ ძაღლების შემთხვევაში რისკების და უპირატესობების შეფარდება სხვაგვარია, მრავალ შემთხვევაში პრობლემების რისკს უპირატესობები გადაწონის, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილების მიღების დროს აუცილებელია გათვალისწინებულ იქნას ძაღლის ასაკი და ჯიშის თავისებურებები.
6 თვის ასაკამდე ძაღლების სტერილიზაცია-კასტრაციას მივყავართ გაუმართლებელ დამატებით რისკებთან.
სტერილიზაცია-კასტრაციის ჩატარებამდე აუცილებელია გათვალისწინებული იყოს ძაღლის სქესი, ასაკი, ჯიში და სხვა ფაქტორები და გადაწყვეტილება მირებულ იქნას კონკრეტული ძაღლისთვის, ინდივიდუალურ დონეზე, რადგან არ არსებობს საერთო რეკომენდაციები, რომლებიც მიესადაგება ყველა ძაღლს.
წყარო და ლიტერატურა: http://www.naiaonline.org/pdfs/LongTermHea...euterInDogs.pdf
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!