კვოკი
მინდა განვიხილოთ ლოქოზე თევზაობის ერთ-ერთი ძალიან საინტერესო მეთოდი, ე.წ.
კვოკი (ქართულად ვერაფრით მოუძებნე სახელი). ინფორმაცია რომელსაც შემოგთავაზებთ სამწუხაროდ არ არის ჩემი პირადი გამოცდილებიდან მიღებული ცოდნა. ბევრი რუსული სტატია ვნახე კვოკით თევზაობაზე და ამ ეტაპზე ძირითადი ინფორმაციის გადმოქართულებით შემოვიფარგლები.
რა არის კვოკი?უხსოვარი დროიდან, მონადირეები ნადირის (მფრინველის) მოსაზიდად იყენებდნენ ხელსაწყოებს, რომლებიც ახდენდნენ ამა თუ იმ მდედრი ან მამრი ცხოველის ან მფრინველის ხმის იმიტაციას. თამამად შეიძელბა ითქვას, რომ
კვოკი, ანალოგიურად, არის ლოქოს მოსაზიდი ხელსაწყო.
კვოკის გამოყენების პრინციპი არის ის, რომ იგი წყლის ზედაპირზე დარტყმისას გამოსცემს სპეციფიურ ხმას, რომელიც იზიდავს ლოქოს.
არსებობს ბევრი თეორია, რომლითაც ახსნილია ლოქოს ასეთი უცნაური რეაქცია კვოკის ხმაზე. პირველი ვერსიით - კვოკის ხმა წააგავს ხმას, რომელსაც გამოსცემს მდედრი ლოქო შეჯვარების პერიოდში. თუმცა როგორც წესი კვოკით იჭერენ ორივე სქესის ეგზემპლარებს. მეორე თეორიის მიხედვით ასეთ ხმას გამოსცემს ლოქო კვების დროს, ანუ, როდესაც ლოქო იკვებება ზადაპირთან ახლოს ან უშუალოდ ზედაპირზე, იგი საკვების დატაცებისას მკვეთრი მოძრაობით მიდის სიღრმეში და ამ დროს კუდით წყლის რედაპირზე დარტყმისას გამოსცემს კვოკის მსგავს ხმას. შესაბამისად, ასეთი ხმა იზიდავს სხვა ლოქოებსაც საკევბი ადგილისკენ. მესამე ვერსიით - კვოკის ხმა აკეთებს ბაყაყის ხმის იმიტაციას, რომელიც ლოქოსთვის ყველაზე საყვარელი საკვები ყოფილა (ყოველშემთხვევაში ასე წერია რუსულ სტატიებში)
კვოკით ძირითადად თევზაობენ ნავიდან (თუმცა მე მაქვს ნანახი კვოკით თევზაობა ფოთში, ფოთის სპორტული სანაოსნო ბაზის ნაპირიდან, ტივტივაზე). როგორც ნავიდან ისე ნაპირიდან თევზაობისას მთავარია, რომ კვოკის ხმაზე წამოსული ლოქო გზაში შეხვდეს მისთვის სასურველ სატყუარას, შესაბამისად ნავიდან თევზაობისას მნიშვნელოვანია თუ რა სიღრმეზე ჩაუშვებთ სატყუარას. იგი უნდა იყოს დაფიქსირებული მდინარის ფსკერსა და ნავს შორის, სიღრმის შუაში. არსებობს საწინააღმდეგო მოსაზრებაც, რომლის მიხედვითაც არ არის აუცილებელი სატყუარა იყოს შუა სიღრმეში, მთავარია იგი არ იყოს ძალიან ახლოს ფსკერთან (სიღრმიდან ამოსვლისას ლოქო მას უბრალოდ ვერ შეამჩნევს) ან ნავთან (ნავთან ახლოს ჩაკიდებული სატყუარა დააფრთხობს თევზს), ვინაიდან კვოკის ხმას ლოქო ამოჰყავს ნებისმიერი სიღრმიდან.
ნაპირიდან თევზაობისას კი, როგორც მე დავაკვირდი, სიმძიმე დამაგრებული იყო ძირითადი ძუის ბოლოს და დაახლოებით 20-30 სმ სიმაღლეზე იყო სადავე სატყუარათი (ჩემი აზრით იმიტომ, რომ ნაპირისკენ მოძრაობისას ლოქო ფსკერს მიუყვება, თან ნაპირზე წყალი შედარებით დაბალია და უფრო მეტი ალბათობაა სატყუარა შეამჩნიოს)
როგორ დავამზადოთ კვოკი?კვოკი შედგება სამი ნაწილისგან - 1. სახელური, 2. ე.წ. დანა და 3. ე.წ. ქუსლი (ახალი ქართული ტერმინებია და იმიტომაა ყველა ე.წ.)
კვოკის ყიდვა თურმე შესაძლებელია ბევრ მაღაზიაში (რათქმაუნდა საქართველოს ფარგლებს გარეთ), მაგრამ საკუთარი ხელით დამზადებულ ხელსაწყოს და მერე იმით დაჭერილ თევზს, თანაც ლოქოს, ჩემი აზრით სულ სხვა გემო აქვს.
კვოკის დამზადებისთვის საჭირო ნახაზსაც მივაგენი ინტერნეტში.
კვოკის დასამზადებლად იყენებენ როგორც ხის, ისე მეტალის მასალას. თუმცა ხის მასალა (ვაშლის ხე ყოფილა ძალიან კარგი) უკეთესია. ხისგან დამზადებული
კვოკი გამოსცემს უფრო მკვეთრ და მაღალ ხმას. ამასთან, მეტალის კვოკისგან განსხვავებით წყალში არ იძირება, რაც გამორიცხავს მის დაკარგვას.
ძირითადი მოთხოვნები რომლებსაც თანამედროვე
კვოკი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგია:
1.
კვოკი უნდა იყოს რაც შეიძლება მსუბუქი და მოსახერხებელი;
2. მიუხედავად იმისა თუ რა ფორმისაა კვოკის ე.წ. ქუსლი (ამობურცული, შიგნით შეწეული თუ გლუვი), იგი უნდა გამოსცემდეს სუფთა და მაღალ ხმას (კვოკის ხმა უნდა გავდეს ბოთლიდან საცობის ამოძრობის ხმას);
3. კვოკის დარტყმისას წარმოქმნილი უცხო ხმები და წყლის შხეფები უნდა იყოს მინიმალური;
4.
კვოკი წყალში არ უნდა იძირებოდეს;
5. უნდა იყოს მყარი, რომ შემთხვევით ნავის ბორტზე კვოკის მოხვედრისას არ გატყდეს.
კვოკის გამოყენების (დარტყმის) მეთოდი:კვოკის დარტყმის მეთოდი საკმაო დახელოვნებას მოითხოვს და თითქმის გამორიცხულია შედეგი მივიღოთ ვარჯიშის გარეშე. როგორც ზემოთ დავწერე მთავარია კვოკმა გამოსცეს ბოთლიდან საცობის ამოძრობის მსგავსი ხმა.
საწყის პოზიციაში, როდესაც კვოკს ხელში დავიჭერთ, კვოკის სახელური მაჯასთან მიმართებით უნდა იყოს 45-50 გრადუსის კუთხით. მოძრაობის დაწყებისას ხელის მტევანს ვწევთ ზევით (მხოლოდ მტევანს. მაჯა და მხარი უძრავი რჩება) და ვიწყებთ კვოკის წყალში ჩაშვებას (წყალში ჩაშვებისას მოძრაობს ხელის მტევანი და მაჯა, მხარი უძრავია). კვოკს წყალში უშვებთ ე.წ. დანის ნახევრამდე, მხრის მოძრაობით ვატარებთ წყალზე და ბოლო პოზიციაზე
კვოკი წყლიდან ამოგვაქვს მხოლოდ ხელის მტევნის მოძრაობით. კვოკის წყლიდან ამოღებისას მისი სახელური მაჯასთან მიმართებით უნდა იყოს ჰორიზონტალურ მდგომარეობაში. (ვეცადე მაქსიმალურად ზუსტად ამეხსნა მარა იმედია სურათებიც დაგეხმარებათ)
კვოკის დარტყმისას მთავარია ვიცოდეთ, რომ კვოკის წყლიდან ამოღება ხდება უფრო სწრაფი და მკვეთრი მოძრაობით ვიდრე მისი წყალში ჩაშვება. დარტყმისას მინიმუმამდე უნდა დავიდეს კვოკის ე.წ. ქუსლის წყლის ზედაპირთან შეხების ხმა (მოკლედ არ უნდა დავატყაპუნოთ).
ამასთან, მნიშვნელოვანია - დარტყმა და კვოკის შემდგომი გატარება წყალზე უნდა მოხდეს ისე, რომ წყალში წარმოიქმნას ჰაერის ბუშტი, და მხოლოდ ასეთი დარტყმა მოგვცემს შესაბამის ეფექტს.
კვოკის დარტყმის სიხშირე უნდა იყოს დაახლოვებით ასეთი - წამში ერთი დარტყმა, რამოდენიმე დარტმის შემდეგ 5-30 წამიანი შეჩერება და შემდეგ ისევ რამოდენიმე დარტყმა.
PS ვიღებ ნებისმიერ შენიშვნებს ტერმინებთან და ახსნასთან დაკავშირებით
სტატია წარმოადგენს fisher.ge-ს (არასამეწარმეო იურდიული პირი "საქართველოს მეთევზეთა კლუბი") საკუთრებას, სტატიის ავტორი eba (გიორგი ებანოიძე)