ამ სტატიაში მინდა მოგითხროთ არა მხოლოდ მცენარეულ სატყუარებზე, არამედ თუ შეიძლება ასე ითქვას ვეგეტარიანულ სატყუარებზე. ამ ტიპის სატყუარებით თევზაობენ არამტაცებელ თევზებზე. მათი მრავალფეროვნება იმდენად დიდია რომ ამის აღწერა ერთი სტატიის ფარგლებში სრულიად შეუძლებელია, ამიტომ განვიხილოთ გავრცელებული და პოპულარული სატყუარები. უდაოდ ყველაზე გავრცელებული მცენარეული სატყუარაა პური (თეთრიც და შავიც).
მას იყენებენ კარპისებრთა ოჯახის ყველა თევზის ჭერისას (გარდა ჭერეხისა). თევზაობენ როგორც პურისგან მოზელილ ცომზე, აგრეთვე ქერქზეც. პურის ცომის მოზელვისას იყენებენ სხვადასხვა ატრაქტანტებს, დაფქვილ დაფნიებს, დაფშვნილ კოპტონს, მოხარშულ კარტოფილს, გახეხილ ყველს... მოკლედ ამ სატყუარის მომზადებისას მიეცით ფანტაზიას გასაქანი. აღმოსავლეთ საქართველოში კოპტონით თევზაობა ნამდვილ კულტადაა ქცეული. ეს მცენარეული სატყუარა არა ერთი წელია გამოიყენება აღმოსავლეთ საქართველოს თითქმის ყველა წყალსატევზე კარპის, კობრის, კარჩხანას, ხრამულის და სხვა თევზების საჭერად. ეს მეთოდი არ ითვლება ბრაკონიერობად, მაგრამ მას სპორცმენები არ იყენებენ.
იგი გამოიგონეს ჩინელებმა და საქართველოს გარდა მას ფართოდ იყენებენ უკრაინელი და რუსი მეთევზეები. სიმინდი ძალიან წარმატებული სატყუარაა. მასზე კარგათ მოდის ამური, კობრი, კარპი, ზრდილი კარჩხანა, ქაშაპი და კარპისებრთა სხვა წარმომადგენლები. ჩვენ შეგვიძლია სიმინდი მოვხარშოთ და ისე ვიხმაროთ, მაგრამ ბოლო დროს სულ უფრო პოპულარული ხდება კონსერვირებული ტკბილი სიმინდი.
მანის თქვეფილი- საკმაოდ წარმატებული და გამოცდილი სატყუარაა. ჩვენი კლუბის არა ერთმა წევრმა გამოცადა ეს სატყუარა ჩვენს წყალსატევებზე და კმაყოფილი დარჩა. მანის თქვეფილის დამზადების პოპულარული რეცეპტი ფორუმზე მოიპოვეთ.
თევზაობა ხავსით, ეს არის საკმაოდ სპეციფიკური მეთოდი, რომლითაც აღმოსავლეთ საქართველოში იჭერენ ზრდილ ხრამულს და წვერას. ხავსზე თევზაობა ფრიად საინტერესო მეთოდია და მას უახლოეს დროს ცალკე სტატია დაეთმობა. მსგავსი მეთოდით რუსეთში და უკრაინაში თევზაობენ ნაფოტაზე, ევროპაში კი წვერაზე.
ლერწამი და ლერწამის "გული" გამოყენება მხოლოდ ერთი თევზის, ამურის დასაჭერად და ზოგ შემთხვევაში ძალიან წარმატებულად. ხანდახან ამურს კიტრის კუბიკებზეც იჭერენ.
მუხუდო კიდევ ერთი საკმაოდ საინტერესო მცენარეული სატყუარაა. მასზე წარმატებით იჭერენ ქაშაპს, წვერას, კობრს.. ბოლო პერიოდში განსაკუთრებით ევროპელ მეთევზეებს შორის პოპულარობით სარგებლობს კონსერვირებული მუხუდო.
მთელი რიგი ევროპელი მეთევზეები მიზანმიმართულად თევზაობენ დიდ წვერაზე ჰოლანდიური რეცეპტურით დამზადებულ ყველზე (გაუდა, ედამერი). მას მცირე კუბიკებათ ჭრიან და ისე ამაგრებენ ნემსკავზე. საქართველოში ამ სატყუარაზე ჭერის სტატისტიკა არ არსებობს, თუმცა ჩვენი კლუბის წევრი მებადური წარმატებით იჭერდა ზრდილ შამაიას პურში გარეულ გაუდაზე.
გარდა ზემოთ აღწერილი მცენარეული სატყუარებისა მეტ-ნაკლები წარმატებით იყენებენ მოხარშულ და ატრაქტანტებით გაჯერებულ ხორბალს, ბრიბჯს, მაკარონს, მკვრივი კონსისტენციის ღომის ფაფას და სხვა საინტერესო სატყუარებს. იმედია თქვენც არ დაიზარებთ ექსპერიმენტირებას და გაგვიზიარებთ თქვენი წარმატებული სატყუარის საიდუმლო რეცეპტს.
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!