თევზაობა ჯერ კიდევ უხსოვარ დროში ძალიან დიდი პოპულარულობით სარგებლობდა სხვადასხვა ხალხებს შორის. თევზაობის აღმოცენება განაპირობა მრავალმა ფაქტორმა, მათგან ერთ-ერთს წარმოადგენს ის რომ თევზაობით შესაძლებელი იყო საკვების მოპოვება. ადამიანი ბევრს მოგზაურობა ერთი ადგილიდან მეორეზე, აკვირდებოდა მრავალ მიდამოს, მდინარეს, ტბას, ზღვასა თუ ოკეანეს და ცდილობდა შეერჩია ისეთი ადგილი სადაც უფრო მეტ ნადავლს ჩაიგდებდა ხელში. თანდათანობით უძველესმა ადამიანმა განიცადა ევოლუცია, მას შემდეგ დაიწყო ფიქრი იმის შესახებ რომ თევზაობა არა მარტო საკვების მოპოვების ერთ-ერთი საშუალება იყო არამედ გართობა, ჰობი და მეტიც განტვირთვის უმაღლესი საშუალება. ადამიანის ევოლუციასთან ერთად თევზაობის გამოყენებამ და ტექნიკამაც განიცადა განვითარება და დღესდღეობით იგი მწვერვალზე თუ არა მაღალ ეტაპზეა. საინტერესოა რაში მდგომარეობს თევზაობის ხიბლი: მდინარეზე, ტბაზე, ზღვაზე თუ ოკეანეზე. რათქმაუნდა თითოეულ ჩამოთვლილ ადგილზე სხვადასხვაგვარი თევზაობის მეთოდიკა გამოიყენება. ადამიანმა დაასკვნა რომ თევზის დაჭერა წლის ოთხივე სეზონზე იყო შესაძლებელი და დაიწყო ფიქრი, მიეგნო ისეთი წვრილმანებისთვის რაც მიცემდა საშუალებას ეთევზავა ოთხივე სეზონზე. ამ დაკვირვების შედეგად იგი მიხვდა რომ გაზაფხულზე თევზი დამშეული იყო და ყველაფერს ეტანებოდა, ხოლო ზამთარში პირიქით გამაძღარი გამოსაზამთრებლად სიღრმეში წვებოდა და საჭირო იყო ახალი მეთოდიკის შემუშავება. ადამიანმა ასევე აღმოაჩინა რომ არსებობდა თევზის უამრავი სახეობა და თითოეული მათგანის დაჭერას სხვადასხვა სახეობის სატყუარა ჭირდებოდა. დღესდღეობით ბევრისთვის თევზაობა რაღაც უცხო ხილს წამოადგენს, ბევრი მინახავს უთქვამთ ” რა თევზი, მაგას არ სჯობს რამდენიმე ხელი ჯოკერი შევუბეროთო...”, მე არ დავიწყებ ისეთი ადამიანების გაკიცხვას ვისაც თევზაობა არ მოსწონს. ასეა თუ ისე მაინც არსებობენ ისეთი ადამიანები, რომელთაც თევზაობა და ბუნებაში გასვლა ძალიან უყვართ, მეც ალბათ ასეთი ადამიანების კატეგორიას მივეკუთვნები. მეცნიერებმა დაასკვნეს რომ თევზაობა ბევრ რამეს შველის: ფსიქიკურ აშლილობას, ნერვებს, უხასიათობას, დაღლილობას და ა.შ.
განმარტებითი ლექსიკონი:
უდაჩკა - პაპლაოკზე თევზაობა
სპინინგით გრუზზე (დონკა) - ფსკერული თევზაობა
გრუზი - ტყვიისაგან ჩამოსხმული სიმძიმე
პაპლაოკი - ტივტივა
ლესკა - ძუა
კატუშკა - სათევზაო კოჭა
კრუჩოკი - ნემსკავი
პაცეჩკა - ამოკვრა
კლიოვი - დარტყმა
ვეშმეშოკი - ზურგჩანთა
გორნი - მთის წვერა
კარასი - კარჩხანა
კარპი - კობრი
საზანი - გოჭა (ქართული)
კრასნაპიროკა - წითელფარფლა (თევზის სახეობა)
ვანიუჩკა - მყრალა ჭია
სანსალა - ჭიის სახეობა, რომელიც ბინადრობს წყალში ქვის ქვეშ
ეკრანი - სათევზაო მოწყობილობა, რომელიც წარმოადგენს წამკუთხედის ფორმის ძუისგან მოქსოვილ ბადეს, ფუძედ რკინის მავთული აქვს
ვეშოლკა - სათევზაო მოწყობილობა, რომელიც წარმოადგენს ვეშოლკის ფორმის ძუისაგან მოქსოვილ ბადეს, ზედა ნაწილზე დამაგრებული აქვს ვეშოლკის მოყვანილობის რკინის მავთული
ყურადღება! განავრცეთ ლექსიკონი, ერთად შევუწყოთ ხელი თევზაობის ქართული ტერმინოლოგიის შემოღებას!
დღესდღეობით მსოფლიოში უფრო მეტად გავრცელებულია ანკესით თევზაობა ვიდრე სხვა დანარჩენით. როგორც ასეთი ძირითადში ანკესით თევზაობა იყოფა ორ ჯგუფად: 1) ეგრეთწოდებული უდაჩკა, რომელიც გულისხმობს ანკესით პაპლაოკზე თევზაობას და 2) სპინინგით დონკაზე(ფსკერული) გრუზით(სიმძიმით) თევზაობას. უდაჩკით თევზაობის დასაწყებად საჭიროა შევიძინოთ სათევზაო მოწყობილობა: პირველ რიგში საჭიროა სათევზაო ჯოხი, შემდეგ კატუშკა(კოჭა), შემდეგ პაპლაოკი(ტივტივა), შემდეგ სპეციალური სიმძიმე და ბოლოს კრუჩოკი(ნემსკავი). უდაჩკით თევზაობა ძალიან მარტივია, როგორც კი ჩაძირავს თევზი პაპლაოკს ვაკეთებთ მცირე პაცეჩკას(ამოკვრას) და ისიც ებმევა. სპინინგით(ფსკერული) თევზაობის დასაწყებად საჭიროა შევიძინოთ: პირველ რიგში სათევზაო ჯოხი, შემდეგ კატუშკა(კოჭა), ძირითადად ჩვენთან გავრცელებული სამკუთხედის ფორმის სიმძიმეები, წვეროს მხრით ზევით, რომელიც თავისუფლად დასრიალებს მთელს ძუაზე და ბოლოს ნემსკავი. ფსკერული თევზაობაც ძალიან მარტივია, იმისათვის რომ გავიგოთ ეგრეთწოდებული კლიოვი(დარტყმა), ხელში უნდა დავიჭიროთ ჩვენი ჯოხი და ლესკა მოვჭიმოთ ისე რომ ძალიან მგრძნობიარედ იყოს ან ორკაპ ჯოხზე ჩამოვადებინოთ თავი ჩვენს ჯოხს და დავაკვირდეთ კლოვს, თუ წვერმა ვერტიკალურად დაიწყო სწრაფი მოძრაობა ესეიგი თევზი მიეტანა, ამ დროს ვაკეთებთ მცირე ამოკვრას და კოჭას ვატრიალებთ. თევზაობის დაწყებიდან ადამიანი როგორც იტყვიან თანდათანობით ცდილობს შეიძინოს საკუთარი ვეშმეშოკი, რომელსაც მოაწყობს თავისივე გემოვნების მიხედვით, სწორედ ეს წარმოადგენს თევზაობის ერთ-ერთ ხიბლს და არა მარტო თევზაობის, თუ გადავხედავთ ისტორიას და დავაკვირდებით დიდ მოგზაურებს დავინახავთ რომ ისინი დიდ ყურადღებას აქცევდნენ იმ აღჭურვილობას, რომლებსაც სისტემატიურად იყენებდნენ.
სათევზაო ჯოხები
ახლა კი ავღწეროთ თევზაობის ოთხი სეზონი მდინარე მტკვარზე:
გაზაფხულის
ზაფხულის
შემოდგომის
ზამთრის თევზაობის სეზონები.
მდინარე მტკვარზე გავრცელებული თევზის ჯიშების სახეობები: გორნი(მთის წვერა), მურწა(რომელიც ძალიან გავს მთის წვერას, მისგან განსხვავებით მას პრიალა კანი აქვს და სხეულის მოყვანილობაც უფრო წვრილი), ხრამული, კაპუეტი, ცოცხალი, ქაშაყი, შამაია, პლატვა, ლეშა, კრასნაპიორკა(წითელფარფლა), კარასი, ღორჯო, პისკარი, ლოქო, სალამურა, ვენახა, გველანა და სხვა.. ძირითადად გავრცელებულია ეს სახეობები. რაც შეეხება საზანს, ეს უკანასკნელი ერთ დროს დიდი რაოდენობით იყო მტკვარზე, მაგრამ მას შემდეგ რაც მინგეჩაურზე კაშხალი ნაგებობა ააგეს ვეღარ ახერხებს შლუზებზე გადმოსვლას.
გაზაფხულის თევზაობის სეზონი მდინარე მტკვარზე - გაზაფხულზე როგორც მტკვარი ასევე საქართველოს ყველა სხვა მდინარე ადიდებული და ამღვრეული მოედინება. წლის ამ დროს თევზი იღვიძებს დამშეული და ამოდის წყლის ზედაპირზე, საკვების საძებნელად. ეს სეზონი საუკეთესო დროს წარმოადგენს სათევზაოდ, მთავარია ადგილის და სატყუარის სწორად შერჩევა. როგორც უკვე მიხვდით გაზაფხულის სეზონზე მთავარია ჭიის სწორი შერჩევა, ასევე ადგილისაც, არის კიდევ სხვა ფაქტორებიც მაგრამ როგორც იტყვიან სრულყოფილი არაფერია და რომც ჩამოვწერო ვერც შევძლებთ სრული სიზუსტით მათ დაცვას. რაც შეეხება ადგილის შერჩევას, ბევრ ფაქტორზე დაკვირვებით არჩევენ, მაგ: რამდენად შემოდის დინება, რამდენად ღრმა და ზატონიანია ადგილი და ა.შ. გახსოვდეთ ყოველთვის ეცადეთ ისეთ ადგილზე დაჯდეთ სათევზაოთ სადაც წყალი წლების განმავლობაში მიედინება და არა ადიდების შედეგად ახალ-ახალი კალაპოტების გაჩენის ადგილებზე. ამას ლოგიკური ახსნაც აქვს, სადაც წყალი წლობით მიედინება თევზიც იქ ეჩვევა და იქ იბუდებს, ხოლო სადაც წყალი ახალი დამდგარია იქ თევზი არ ჩერდება. ამ სეზონზე ძირითადად მოდის, გორნი-მურწა, ასევე ცოცხალიც ეტანება ხოლო მეტნაკლებად სხვა დანარჩენი. ჭიის არჩევის სპეციფიკა გაზაფხულის სეზონზე: ეს მეთოდი განკუთვნილია მდინარე მტკვარზე სათევზაოდ, მაგრამ ასევე შესაძლებელია სხვა მთის მდინარეზეც თევზაობა. გაზაფხულზე მთებზე დამდნარი თოვლი წყლის სახით ჩაედინება მდინარეში, პლიუს ამას ემატება წვიმის წყალი, რაც იწვევს წყალდიდობებს, ამ დროს კი თავისთავად მდინარე გაგიჟებული მოდის და რაც გზაში შეხვდება, ყველაფერი მოაქ. პრაქტიკულად წყალში ხილვადობა ნულის ტოლია ამიტომაც შეშინებული თევზი ნაპირისკენ მიიწევს, საკვებს კი ეტანება სუნზე, ამიტომ ამ დროს სატყუარად გამოიყენება ეგრეთწოდებული ვანიუჩკა (მყრალა) ჭია, რომელსაც თავისი სახელიდან გამომდინარე აქვს ძალიან მძაფრი სუნი და ამიტომაც საუკეთესო სატყუარას წარმოადგენს თევზისთვის. ასევე ამ ჭიას აქვს სხვადასხვა სპეციფიკური ნიშა, რითაც უფრო პრაქტიკულია სხვა სატყუარებთან შედარებით მაგ: აქვს მაგარი კანი და რამდენიმე გადაგდებაში არ ძვრება ნემსკავიდან, შესაბამისად ეკონომიურია, ვერც წვრილი ლიფსიტები აფუჭებენ. რაც შეეხება მყრალა ჭიის შეფერილობას აქვს ბევრნაირი: შავი, მწვანე, ჭრელი, მოკლედ ქამელეონივითაა, მათგან ყველა ფერს არ ეტანება თევზი მაგ: მომწვანო ფერისას უფრო ეტანება ვიდრე შავს და ა.შ. ეს რაღათქმაუნდა თვითონ თევზის ჯიშზეა დამოკიდებული. ეს ჭია ძირითადად გვხვდება ბალოტიან( ჭაობიან-შლამიან) ადგილზე და რაღათქმაუნდა ბალახის ფესვებში. ასევე შესაძლებელია წითელი ჭიაც გამოვიყენოთ, მაგრამ უპირატესობა მაინც მყრალა ჭიას ენიჭება ხილვადობის გამო. წითელი ჭიაც რამდენიმე სახისაა: არის მიწის, ასევე პატივის. მიწის წითელი ჭია არის ღია წითელი ან მოთეთრო-მოვარდისფრო და არ აქვს სუნი, ხოლო პატივის ჭია არის მუქი ფერის უბრალო მიწის ჭიასთან შედარებით და აქვს ზოლები ასევე მძაფრი სუნი, სწორედ ეს მეორე პატივის წითელი ჭიაც გამოდგება გაზაფხულზე.
მთის გორნი (წვერა)
ზემოთა სურათზე მტკვრის მურწა ხოლო ქვემოთ გორნი(მთის წვერა) კარგად დააკვირდით მურწას გორნისგან განსხვავებით აქვს უფრო პრიალა კანი და არის უფრო წვრილი.
ზაფხულის თევზაობის სეზონი მდინარე მტკვარზე - ამ სეზონზე წყალი მეტი წილი წმინდა მოედინება თუ სადმე არ მოწვიმა, ისიც მალევე ჯდება და იწმინდება. ჩვენთან მტკვარზე კი ამ დროს ძალიან კარგად მოდის ცოცხალი და კაპუეტი. იგივე მყრალ და წითელ ჭიებზე, მაგრამ ბევრი ბრაკონიერობას ამჯობინებს (თევზაობის ამ მეთოდს შემდგომში განვიხილავთ). აგვისტოს თვეში წამოსვლას იწყებს გორნი და მურწა. შესაძლებელია აგრეთვე წითელი და მყრალი ჭიის გამოყენება, მაგრამ მათზე სათევზაოდ ძირითადად სფეციფიკური სახის ჭია გვჭირდება. ჭიის სახელწოდება - ბუღლუჯი ან კარაედი. ბუღლუჯი არის მოთეთრო ფერის ჭია რომელიც ბინადრობს ნიადაგში დაბალ ფენაზე და იკვებება ბალახის ფესვებით, აქვს ბევრი ფეხები და წითელი სტაფილოსფერი ცხვირი. ზომით პატარაა დაახლოებით პატარა კენჭის ოდენა. კარაედი არის უფრო დიდი ზომის, ბინადრობს ნახერხიან ადგილებში, ნიადაგში ასევე მოჭრილი ხის ფუტურო კუნძში და ა.შ. მისი გამოყენება ხდება შემდეგნაირად: დიდი ზომის გამო ხდება ნაწილებად დაჭრა და ისე გაკეთება კრუჩოკზე. ეხლა რაც შეეხება აგვისტო-სექტემბერი ამ ორი თვის კლოვის სტატისტიკას: წიგნიდან მაქვს ამოკითხული და ისედაც ბევჯერ დავრწმუნებულვარ დილით გათენებისას ძალიან კარგად მოდის თევზი ანუ კლოვი ძალიან კარგია, შემდგომ დილის 11 საათიდან წყდება კლოვი საღამომდე, საღამოს აგრძელებს თევზი კლოვს 9-საათამდე შემგომ ისევ ისვენებს ღამის 12-1 საათამზე და კვლავ აგრძელებს 3-4-მდე შემდეგ წყვეტს და გათენებისას ისევ იწყებს. ზაფხულის პერიოდში კერძოდ აგვისტოს თვეში ღამე მოდის საერთოდ თევზი ვიდრე დღე. ალბათ შეამჩნევდით რომ მე ღამეც ვახსენე, მართალია ვისაც თევზაობა უყვარს ის დამეთანხმება რომ ღამე თევზაობას არაფერი ჯობია, კოცონთან ახლოს... გავაგრძელოთ ჭიის არჩევა, ასევე შეიძლება ლეშის მატლზეც თევზაობა, რომელიც სპეციალურად გამოყავთ ხორცზე თუ არ ვცდები დიდ დიღომში ყიდიან (ადრე ყიდიდნენ და ეხლა ვერ გეტყვით) 1 ქინდერის კოლოფი 1 ლარი, რომელიც თავისუფლად ათევზავებს ერთ კაცს მთელი დღით ერთ ანკესზე. დავამატებ რომ არსებობს წითელი ჭიის რამდენიმე სახეობა, განსხვავდებიან ფერით, სუნით და თავიანთი ადგილმდებარეობით. გაზაფხულზე მძაფრი სუნის წითელი ჭია შეგიძლიათ გამოიყენოთ (პატივის), ხოლო შემდგომ წყალი რომ დაიწმინდება უკვე ჩვეულებრივიც წავა. გორნი-მურწა ასევე ზაფხულის პერიოდში მოდის სანსალაზე, რომელიც ბინადრობს წყალში ქვას ეკვრის ქვეშ. ქართული მნიშვნელობაც არსებობს ამ ჭიის და მას ძირითადად გამოიყენებენ დასავლეთ საქართველოში, სამწუხაროდ ამ წუთას არ მახსენდება თორემ დავწერდი.
სანსალა აგვისტოში წამოსვლას იწყებს პადლეში და ასევე დიდი ზომის ლეში, ეტანება წითელ ჭიას სასურველია თუ პატივისას გამოიყენებთ.
ლეში პადლეში ძალიან სპეციფიკური თევზია, ქერცლებზე გამოყოფცს სპეციფიკურ ლორწოვან გარსს. მისი კლოვიც განსხვავდება სხვა ჯიშის თევზის კლოვისაგან, მაგ. თუ გორნი-მურწა სატყუარას პირველივე დანახვაზე ყლაპავენ, პადლეში ჯერ ათვალიერებს, კარგად შეამოწმებს და მხოლოდ ამის შემდგომ ყლაპავს. ასე იქცევა კაპუეტიც, რომელიც საკვებს ჯერ კუდს ურტყავს და თუ დარწმუნდება რომ საფრთხეს არ წარმოადგენს მხოლოდ ამის შემდგომ ეტანება. ყურადღება მიაქციეთ დავწერე ”ეტანება” და არა ყლაპვა, რადგანაც მას არ აქვს დიდი ტუჩი, მურწასგან განსხვავებით და ვერ ახერხებს მყისიერ გადაყლაპვას.
კაპუეტი
კაპუეტი ზაფხულის სეზონზე იწყებს წამოსვლას და შემდეგ შემოდგომით ყველაზე დიდი რაოდენობით მოდის. ყველაზე ცუდად გაზაფხულზე მოდის. ეტანება მიწის წითელ ჭიას, ასევე პატივისას. ზემოთ ვახსენე რომ კაპუეტი სანამ პირს დააკარებს საკვებს ჯერ კუდით ამოწმებს, შემდეგ კი ეტანება.
შემოდგომის თევზაობის სეზონი მდინარე მტკვარზე - წლის ამ დროს თევზი დიდი რაოდენობით მოდის. გორნი-მურწა ეტანება ბუღლუჯს, ხოლო ცოცხალი და კაპუეტი წითელ ჭიას, ასევე მოდის პლატვაც. შემოდგომით ღამე სჯობს თევზაობა ვიდრე დღისით. საერთოდ ღამით უფრო გამოდის თევზი საკვებზე ვიდრე დღისით ხოლო შემოდგომით უფრო ინტენსიურად ეძებს საკვებს, წინ მთელი ზამთარი აქვს ამიტომ უნდა შეივსოს ცხიმი და საკვები ნივთიერებები გამოსაზამთრებლად. ამ დროს თევზი ყველაზე მსუქანია და შესაბამისად ძალიან გემრიელიც. ახლა კი ცოტა რამ თუ როგორ შევარჩიოთ სათევზაოდ ადგილი შემოდგომის პერიოდში მდინარე მტკვარზე. პირველ რიგში ადგილის შერჩევისას დიდი ყურადღება ენიჭება, რომ ადგილი სადაც დავჯდებით სათევზაოთ არ იყოს პერეკატიანი, ანუ სადაც წყალი დაბალია და გადადის, უნდა ქონდეს სიღრმე დაახლოებით მეტრიდან ზევით არაუმეტეს ორ მეტრამდე. ასევე არ უნდა იყოს ახლად შექმნილი კალაპოტი, ეს ზევით განვმარტე უკვე, რადაგანაც თევზი ახლად შექმნილ კალაპოტზე არ ჩერდება. უნდა დავაკვირდეთ შესაძლებელია ფსკერზე ხავსი ან ბალახი ჰქონდეს შემოტანილი წყალს, ასეთი ადგილი არ გამოგვადგება, რადგანაც 1) ყოველ ჩაგდებაზე დაიფარება კრუჩოკი და თევზი ვერაფერს დაინახავს და 2) ხშირად მოგვიწევს როგორც ლესკის ასევე კრუჩოკების ნაგვისგან გასუფთავება, რაც დამეთანხმებით და უსიამოვნო პროცესია, მითუმეტეს როცა ღამით თევზაობ. თუ ერთი ჩაყვა კატუშკაში ნაგავი, სროლისას შეიძლება აგებლანდოს ლესკა და საათიც კი მოუნდე შემდეგ გამოხსნას. შემდეგი ფაქტორი რაღათქმაუნდა ერთ-ერთი მნიშვნელოვანია, ადგილს უნდა დავაკვირდეთ, რომ არ იყოს ბეტონები, დიდი ქვები და მძგავსი რამ, ანუ არ უნდა იყოს ზაცეპიანი, წინააღმდეგ შემთხვევაში ნახევარ საათში დავრჩებით გრუზის და კრუჩოკების გარეშე. შემდეგი ფაქტორიც ერთ-ერთი მნიშვნელოვანია თევზაობისას, ისეთი ადგილი უნდა შეირჩეს სადაც წყლის დონის ცვლილება ყველაზე ნაკლებად აღინიშნება. წყალს 24 საათის განმავლობაში არეგულირებს პლატინა(კაშხალი), რომელიც ხან უმატებს, ხანაც უკლებს 5-30 სმ-დე. ეს ფაქტორი ძალიან მოქმედებს თევზის კლოვზე. შევეცდები გასაგებად ავხსნა თუ რატომ: როცა წყალი ერთ დონეზეა თევზიც გაჩერებულია ერთ ადგილზე და კარგათ მოდის, ხოლო როცა წყლის დონე ხშირად მერყეობს, მაგ. როცა იკლებს თევზის კასიაკი(გროვა) წყალს მიყვება, ხოლო შემდგომ როცა იმატებს, სხვა კასიაკი შემოდის და ა.შ. კიდევ ბევრი ფაქტორის განსაზღვრა გვიწევს გამოცდილ მოთევზავეებს. თუ გინდა რომ თევზი ბლომად დაიჭირო ამისათვის ყველა ზემოთხსენებული ფაქტორი უნდა გაითვალისწინო ასევე სხვა ფაქტორებსაც უნდა დააკვირდე, ყველას აღწერა შეუძლებელია, მათი რაოდენობიდან გამომდინარე. ბუნებრივი ფაქტორებიც უნდა გავითვალისწინოთ: წნევა - ატმოსფერულ წნევას დიდი მნიშვნელობა აქვს თევზაობის დროს. თუ წნევა სტანდარტულ მაჩვენებელს არ აკმაყოფილებს, შეიძლება თევზი საერთოდ არ მოვიდეს ან თუ მოვა ისიც ძალიან ცოტა. ქარი - ქარიანი ამინდი ყველაზე ცუდია, ამ დროს თევზი ძალიან ცუდად მოდის ან საერთოდ არ მოდის. წვიმა - წვიმიან ამინდში თევზი მოდის თუ წნევა ნორმის ფარგლებშია და ნიავიც არაა. მთვარე - მთვარიან ღამეს ძალიან კარგად მოდის თევზი(სექტემბერი, ოქტომბრის თვეებში), მაშინ როცა მთვარე მკვეთრად და ნათლად ანათებს არემარეს.
ზამთრის თევზაობის სეზონი მდინარე მტკვარზე - წლის ამ დროს თევზი სიღრმეში წევს და გვიწევს ისეთი ადგილის პოვნა სადაც ორმოებია ბევრია. ზამთარში თევზი ძალიან ცუდად მოდის როგორც სპინინგზე, ასევე პაპლაოკზე, რაღათქმაუნდა მტკვარზე. საერთოდ ვინც კი სისტემატიურად თევზაობს, ზამთრობით ყველა ჯანდარაზე ჩადის შემსვლელ არხზე, რომელიც ახალ პლატინასთან იღებს სათავეს. სწორედ ზამთრობით ბრაკონიერობს თითქმის მოთევზავეთა 99 % რაც ძალიან სამწუხარო ფაქტორია, მაგრამ როცა სატყუარას არ ეტანება სხვა გზაც არ რჩება. ბრაკონიერობაც სხვადასხვა სახისაა.
ლოქოზე თევზაობა მდინარე მტკვარზე - პატარა შესავალს გავაკეთებ ლოქოს არსებობაზე მდინარე მტკვარში. ბევრია ისეთი ვისაც საერთოდ არ სჯერა რომ მტკვარზე ლოქო ბინადრობს. მათ ჰგონიათ რომ ლოქო მხოლოდ და მხოლოდ ალაზანზეა, მაგრამ სწორედ აქ ცდებიან. ლოქო საქართველოში ბევრ ადგილზეა გავრცელებული: მტკვარზე, ალაზანზე, რიონში, დასავლეთის სხვა პატარა მდინარეებზეც კი, რომელთაც უშუალო შეხება აქვთ მდინარე რიონთან, კერძო ტბებზე, წყალსაცავებზე და ა.შ. ჩევენთან საქართველოში გავრცელებულია ლოქოს ორი სახეობა: თეთრი და შავი. ძირითადად გვხვდება მოშავო შეფერილობის ლოქო, ხოლო თეთრი შეფერილობის ლოქო რეტკია. ახლა კი როგორ გავმართოთ ლოქოს დასაჭერი მოწყობილობა - საერთოდ ლოქოს დამჭერ მოწყობილობას ძირითადში ეწოდება ზაკიდუშკა, რომელიც წარმოადგენს 5-6 მ სიგრძის კაპრონის მსხვილ ძაფზე მიყოლებით ჩმოკიდულ პავადოკიან კრუჩოკებს, გარკვეული დაშორებით ბოლოში გრუზით. ჩემი გამოცდილებიდან მოგახსენებთ, რომ ყოფილა შემთხვევა როცა გამთენიისას კაპრონი გაწყვეტილი დაგვხვედრია, ან სულაც ხე რომელზეც გვქონია მიბმული ბოლო წაღებული და ა.შ. ამ დროს საქმე გვაქვს დიდი ზომის ლოქოსთან, რომელსაც დამერწმუნებით აქვს დიდი ძალა და სულაც არ გაუჭირდება კაპრონის ძაფის გადაკვნეტა ან სულაც ჯოხის მოგლეჯა, რომელზეც არის მიბმული ზაკიდუშკის ბოლო. ასეთ შემთხვევაში შესაძლებელია გამოვიყენოთ პლასმამის კანით დაფარული რკინის წვრილი ზომის ტროსი. ასეთი ზაკიდუშკის დადებითი მხარე ის არის რომ 100 კგ-იც რომ დაჯდეს ვერ გაწყვიტავს, ხოლო უარყოფითი მხარე კი ის არის რომ ტროსი წყალში უფრო ჩანს ვიდრე წყლის ფერზე შეფერილი კაპრონის ძაფი, ლოქო კი საკმაოდ ფრთხილია. ზაკიდუშკის დამზადება არის ძალიან მარტივი, მხოლოდ საჭიროა დაშორებების და პავადოკის ზომის სწორი შერჩევა. ვიღებთ 5-6 მ სიგრძის კაპრონის ძაფს ან ტროსს(სასურველია თუ ტროსს გარს თეთრი ფერის პლასმასი ექნება) და ყოველი 120-130 სმ დაშორებით ვკიდებთ 40 სმ სიგრძის კრუჩოკ მობმულ პავადოკებს(კრუჩოკის ზომის შერჩევა თქვენთვის მომინდვია), ბოლოში ვაბავთ გრუზს და ჩვენი ზაკიდუშკაც მზადაა. ახლა კი ლოქოს სატყუარას მივხედოთ - ლოქო როგორც წესი ზაფხულში იწყებს წამოსვლას და გვიან შემოდგომამდე მოდის, ეტანება თითქმის ყველაფერს. მის დასაჭერად გამოიყენებენ შემდეგ სატყუარებს: 1) წურბელა(რომელიც არის შეუცვლელი, ასევე არის სხვადასხვა ფერის მოშავო, მოყავისფრო. 2) უმარილო სალა. 3) ზემოთხსენებული დიდი ზომის ვანიუჩკა(მყრალა) ჭია. 4) წითელი ჭია(კრუჩოკზე ხდება ეგრეთწოდებული ბუკეტის გაკეთება, ანუ ვიღებთ ბევრ წითელ ჭიას და ბლომათ ვუკეთებთ კრუჩოკზე, ისე რომ მთლიანად დაიფაროს. 5) გომბეშო 6) შემწვარი ბეღურა 7) დიდი ზომის ბუღლუჯი და ა.შ. რათქმაუნდა ხელითაც შესაძლებელია ლოქოს ამოყვანა, ამისათავის სასურველია სპეციალური ცოდნა, კარგად ცურვა და ყვინთვა. ლოქოზე სათევზაოდ უნდა შეირჩეს ისეთი ადგილი სადაც აუცილებლად იქნება ზალივი(წყალი სადაც ყურესავით აკეთებს და წყნარია ცენტრალურ შენაკადთან შედარებით), ფსკერი უნდა იყოს შლამიანი(ლოქოს განსაკუთრებით უყვარს შლამიანი ადგილები) და ბოლოს უნდა იყოს ბევრი კარიაგა(წყალში ჩაყრილი მორები, კუნძები, ხეები და ა.შ.). წყალში ჩვენს მიერ ჩაგდებული ზაკიდუშკა დაახლოებით 30-45 გრადუსიანი კუთხითაა დახრილი ნაპირიდან ფსკერის მიმართულებით. ხოლო მასზე მიბმული პავადოკიანი კრუჩოკები, სატყუარებითურთ ზემოთ ვერტიკალურად თამაშობს წყლის მეშვეობით. წურბელის ხმარებისას ვითვალისწინებთ შემდეგ ფაქტორს: რაცარუნდა შლამიანი იყოს ფსკერი მაინც გვხვდება ქვები, ამიტომ წურბელა რომ არ მიეკროს ქვას და არ დაიმალოს უნდა მოვაჭრათ წვეროზე პიპეტკები ორივე მხარეს. წურბელა ალტერნატიული საშუალებაა ლოქოზე სათევზაოთ, ხოლო შემდეგ სხვა დანარჩენი. წურბელის ასაღებად საჭიროა, მტკვრის ნაპირებზე ქვების ამოტრიალება, ზაფხულში დიდი რაოდენობით გვხვდება, ასევე დიდი რაოდენობითაა გავრცელებული ჭაობიან ადგილებში და პატარა ფეკალური წყლების არხებში სადაც ძირითადად ჩაყრილი ტომრების ან ტყავის ნაჭრებში ძვრება და ეწეპება. წურბელის შესანახად შესაძლებელია მათი სუფთა წყლიან ჭურჭელში მოთავსება, არ დაგავიწყდეთ რომ წყალი თუ შეთბა ყველა დაიხოცება, ხოლო დახოცილ წურბელას ლოქო ნაკლებად თუ მიეტანება, ამიტომ სანამ სათევზაოთ არ გავამზადებთ ზაკიდუშკას, მანამდე უნდა ვუცვალოთ წყალი. მეორე გზაც არის წურბელის შესანახად - ვიღებთ ტილოს ნაჭერს, ვასველებთ და შიგნით ვათავსებთ წურბელებს, ამ ნაჭერსაც გაგრილება ჭირდება ჭურჭლის მძგავსად. ლოქო ძირითადად ღამით გამოდის საკვებზე, ამიტომაც სასურველია ჩვენც ღამით ჩავუგდოთ ზაკიდუშკა. თუ ლოქოზე დააპირებ წასვლას საღამოს უკვე დანიშნულ ადგილზე უნდა იყო და ზაკიდუშკაც მომზადებული უნდა გქონდეს. ზატონიან ადგილზე ვკიდებთ ზაკიდუშკებს, ნაპირზე მყარად ვამაგრებთ და ვტოვებთ დილამდე ჩვენ კი ამ დროს კოცონს შემოვუჯდებით და დავიწყებთ თევზაობაზე ამბების მოყოლას.
მოშავო შეფერილობის ლოქო
ბრაკონიერობა - როგორც ზევით ვახსენე ბრაკონიერობაც სხვადასხვაგვარია: ბადით, ტრაინიკით, დენით, დინამიტით და წამლით. ბადით ავღწერეთ, რაც შეეხება დენს - გამოიყენებენ სპეციალურად დამზადებულ აპარატს, რომლის კვების წყაროდ შეიძლება გამოვიყენოთ მანქანის აკუმულატორი, რაც შეეხება ძაბვას რასაც გამოყოფს იგი, თევზს პირველი დარტყმისას არ კლავს მხოლოდ აბრუებს და ზედაპირზე აგდებს. სხვადასხვაგვარი აპარატები არსებობს, ძაბვის სარეგულირებელი მოწყობილობით და მის გარეშეც. დინამიტით თევზაობას რაც შეეხება, არის ძალიან სახიფათო, ბევრი შემთხვევა ყოფილა მსროლელი ხელის გარეშე დარჩენილა ან სულაც დაღუპულა. ძირითადად გამოიყენებენ პეპსიკოლას ან შამპანიურის ბოთლებს, შიგ დებენ დინამიტის კაფსულას, დეტონატორის როლს გვარჯილა და ფითილი ასრულებს. წამლით თევზაობა ყველაზე მომაკვდინებელია წყალქვეშო სამყაროსთვის, ამ დროს იღუპება როგორც მოზრდილი ასევე პატარა და ქვირითიც კი.
ავტორი: დავით საძაგლიშვილი (სტატია გარკვეული შემოკლებითაა დაბეჭდილი. ამოღებულია ყველა ის მასალა სადაც ბრაკონიერული ხერხებით თევზაობა და ბრაკონიერული ხელსაწყოების დამზადებაა ახსნილი. ავტორი აღნიშნავს ბრაკონიერული თევზაობის დაუშვებლობას და მის უარყოფით შედეგებს, მაგრამ ჩემი აზრით მაინც არ არის საჭირო ”გავანათლოთ” ბრაკების ისედაც გაწყალებული ტვინი. giohunt1982)
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!