ლებო არის ერთ-ერთი მსოფლიო ბრენდთაგანი, რომელმაც ყველა ჯურის მონადირეთა საყოველთაო სიყვარული და პატივისცემა დაიმსახურა. როგორც ვხედავთ, ბელგიელ მეიარაღეთა მიერ დამზადებული გლუვლულიანი სანადირო თოფები, საუკეთესო ხარისხით და საშუალო ფენის მყიდველისთვის შედარებით მისაღები ფასებით ხასიათდება. ამის ბრწყინვალე მაგალითია ფრანკოტი, ლეპაჟი, დეფურნეი, დემულინი და სხვ.
ამჯერად შევჩერდებით ლებო-კურალიზე.
ოგიუსტ ლებო (Auguste Lebau)
ოგიუსტ ლებომ 1865 წელს დაარსა საკუთარი იარაღის ქარხანა. მანამდე იგი უკვე ცნობილი იყო, როგორც ერთ-ერთი საუკეთესო მეიარაღე არჟენტში (Argente) (ლიეჟის დიდი გარეუბანი), კერძოდ, როგორც მაღალი კლასის სანადირო თოფების დამამზადებელი. 1866 წლიდან უკვე არსებობს "ლებოს სახლი".
1896 წელს ლებოს გარდაცვალების შემდეგ, კომპანიას სათავეში ჩაუდგა მისი კომპანიონი და აგრეთვე იარაღის წარმოების დიდი თეორეტიკოსი ფერდინანდ კურალი (Ferdinand Courally). სხვათაშორის კურალი არის ავტორი 1931 წელს გამოცემული იმ დროისთვის ძალიან ცნობილი წიგნის "სანადირო იარაღი და მისი სროლის ტექნიკა" ("The Weapons of Hunting and their Shooting") (თუ ვინმეს შეგიძლიათ უკეთესად სათაურის თარგმნა, მომწერეთ).
აღნიშნულით იქნა განპირობებული ის, რომ 1902 წელს კომპანიამ შეიცვალა სახელი და იწოდა როგორც "ლებო-კურალი", რითაც საბოლოოდ უკვდავჰყოფილ იქნა ამ ორი დიდი მეიარაღის სახელი.
კურალიმ 1919 წელს დატოვა მმართველი პოსტი და ფირმა გადაკეთდა დახურულ საზოგადოებად "SA Continental Auguste Lebeau-Courally", რომელსაც სათავეში ინგლისელი ფილიპ რივი (Philippe Reeve) ჩაუდგა. ამ პერიოდიდან მოყოლებული ლებო-კურალის სახლს სხვადასხვა მფლობელი ჰყავდა. საბოლოოდ, 1956 წელს იგი შეიძინა ჟოზეფ ვერეემ (Joseph Verrees), რომელიც იმ დროისთვის ასევე ლიეჟელ მეიარაღეს წარმოადგენდა.
1982 წელს ჟოზეფ ვერეეს გარდაცვალების შემდეგ, ფირმის მმართველობა მისმა დისწულმა ანა-მარია მოერმანს-რამაკერსმა (Anne-Marie Moermans-Ramakers) ჩაიბარა. საბოლოოდ ფირმის სახელწოდება განისაზღვრა შემდეგნაირად - SA VERREES & Co - LEBEAU-COURALLY.
ლებოს აღიარების ერთ-ერთი მტკიცებულებაა მისი გამარჯვებები საერთაშორისო კონკურსებსა და სიმპოზიუმებში, როგორებიცაა: ფილადელფიის პირველი პრიზი (1876)(First prize at the Philadelphia Centennial Exposition 1876), პარიზის ღირსების დიპლომი და ორდენი (1878) (le Diplôme d'Honneur et la Médaille d'Or at the Paris Exposition 1878) და სანკტ-პეტერბურგის არჟენტის დიდი მედალი (1897) (la Grande Médaille d'Argent de Saint Petersbourg (the highest honor 1897).
რაც შეეხება ლებო-კურალის მიერ დამზადებულ თოფებს, ისინი გამოირჩევიან საუკეთესო ბალანსით, მსუბუქი წონით, სიზუსტით და გამძლეობით. ამავე დროს განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა გრავირებას. გრავირების ხარისხს და დახვეწილობას ლებო განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს.
ინდივიდუალური შეკვეთით თოფის დამზადება ხანგრძლივ და შრომატევად საქმეს წარმოადგენს, რასაც მისი შემქმნელი ოსტატი არაერთ დღესა და ხშირად თვეს ანდომებს. სწორედ ამის შედეგია ლებო-კურალის თოფების უმაღლესი ხარისხი და საყოველთაო აღიარება.
ლებოს გლუვლულიანი თოფები გვხვდება სტარდანტული ყალიბებში: 12, 16, 20, 28 და .410
სავაზნე კოლოფი გათვლილია 70 მმ-ზე.
სალულე მასალად გამოიყენება ვალრეინის (Walhreyne) კომპრესირებული ფოლადი.
კონდახი მზადდება სხვადასხვა მასალისგან, თუმცა ერთ-ერთი გავრცელებული მასალაა ბერძნული კაკალი. კონდახის მასალა ასევე მოყვანილობა დამოკიდებულია შემკვეთის გემოვნებაზე. შესაბამისად, შეიძლება იყოს როგორც პისტოლეტური, ისე ინგლისური (სწორსაკისურიანი). კონდახი მუშავდება განსაკუთრებული სიბეჯითით, ცვილისა და სპეციალური ზეთების გამოყენებით, რათა უზრუნველყოფილი იქნას მისი ხანგრძლივი ექსპლუატაცია.
სასხლეტების მიხედვით: შესაძლებელია დამკვეთის სურვილისამებრ, თოფის როგორც ორსასხლეტიანი, ისე ერთსასხლეტიანი მექანიზმით აღჭურვა.
ლებო-კურალის ე.წ. შტუცერები გვხვდება შემდეგ ყალიბებში: 7 X 65R - 8 X 57 JRS - 9,3 X74R - 30-06 - .375HH - .458Win და .470NE
ლებო-კურალის ლეგენდარული იარაღის წარმოება საბედნიეროდ არ შეწყვეტილა. დღეს-დღეობით ლებოს თოფებს ინდივიდუალური შეკვეთებით აწარმოებს კომპანია "Continental Fire Arms" ("კონტინენტური ცეცხლსასროლი იარაღი"). აღნიშნული კომპანია ოფიციალურად ფლობს ბრენდს "Lebeau-Courally".
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!