მეცხრამეტე საუკუნის მეორე ნახევარში და მეოცეს დასაწყისში თავისი თოფებით სახელი გაითქვა პრაღელმა ოსტატმა იან ნოვოტნიმ. მან საკუთარი ფირმა 1865 წელს დააფუძნა. ამ დროისათვის ნოვოტნის დიდი გამოცდილება ჰქონდა მიღებული ლებედასა და სხვა კომპანიებში. ფირმა მთელ ევროპაში გახდა ცნობილი თავისი გლუვლულიანებით, დრილინგებითა და შტუცერებით. თოფებზე პრაღის სკოლისათვის დამახასიათებელი რღმა ფონის გრავირება და არაბესკებია შესრულებული. ნოვოტნის ნაწარმმა სწრაფად მოიპოვა აღიარება და გამოფენებზე ჯილდოებს-ჯილდოებზე იღებდა. პირველი იყო 1866 წელს მიღებული დიდი ვერცხლის მედალი. ამას მოყვა სხვა ჯილდოები, მათ შორის ოქროს მედლები. მაგალითად, პარიზში 1878 და 1900 წლებში, ბარსელონაში 1888 წელს, მოსკოვში 1872 წელს, პრაღაში 1908 წელს. იან ნოვოტნი იყო კარგი მეიარაღე და წარმატებული მეწარმე. მისი პროდუქცია არა მარტო ავსტრო-უნგრეთში იყო ცნობილი, არამედ შედიოდა გერმანიის, ესპანეთის, იტალიის, საფრანგეთისა და რუსეთის ბაზარზე. სათაო ფირმა პრაღაში იყო განთავსებული. მას გააჩნდა წარმომადგენლობები ბუდაპეშტსა და კარლოვი-ვარში. საფირმო ლულები პირველად მზადდებოდა დამასკური ფოლადისაგან, მოგვიანებით კი ჩამოსხმული ფოლადის ნამზადისაგან. ფოლადს იღებდნენ კრუპის ქარხნიდან. რამდენიმე მოდელზე დაყენებულია ინგლისური წამოების ფოლადის ლულები. ნამზადი ფოლადისაგან ლულებს ფირმაში თავად აკეთებდნენ და საკუთარ დამღებს ასვამდნენ.
კალაპოტზე ასვამდნენ წარწერას ფირმის სახელით, ხოლო სამიზნე თამასასა და ლულებზე აწერდნენ ჩეხურ, იგლისურ ან გერმანულ ენაზე, იმის გათვალისწინებით თუ სად იგზავნებოდა ნაკეთობა. დიდი ხნის განმავლობაში ძირითადი მოდელები ჩახმახიანი თოფები იყო საკეტით ,,ყელში”. მოგვიანებით გადავიდნენ ბოქსლოკებზე და გვერდით დაფებზე განლაგებულ საკეტებზე. გლუვი ორლულიანები ძირითადად 12, 16 და 20 ყალიბის მზადდებოდა, ხოლო ხრახნილები კი 7x72R, 8x57R, 8x 72R, 9,3x72R ყალიბებისა. მეცხრამეტე-მეოცე საუკუნების მიჯნაზე კარგად იყო ცნობილი საფირმო თოფები ენსონ-დილეის საკეტებსა და ეჟექტორებზე. უფრო ძვირფასი და პრესტიჟული გახლდათ საიდლოკები ლულათა ჰორიზონტალური განლაგებით. ამ თოფებზე საუკეთესო ხარისხის ინგლისური ფოლადის ლულები ყენდებოდა(ინგლისური Sir Joseph Whitworth’s Fluid Compressed Steel).
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!