მგლების თარეში
ირაკლი ლაგვილავა, ხობი
მგელმა განსაკუთრებით ხობის რაიონის სოფელი თორსა აზარალა. მარტო ერთი ღამის განმავლობაში მტაცებლებმა ხუთი მოზვერი შეჭამეს.
,,საღამოს ჩემი პირუტყვი თხილნარში დავტოვე. შუაღამისას ძაღლების ყეფა
მომესმა, მაგრამ ყურადღება არ მიმიქცევია. დილით კი საშინელი სურათი
დამხვდა. ერთი მოზვერი ნახევრად შეჭმული ეგდო, დანარჩენებს კი მხოლოდ ყელი
ქონდათ გამოღადრული. ეტყობა მტაცებლება ნანადირევის წაღებაც სცადეს,
დაახლოებით ათ მეტრზე ბალახს საქონლის თრევის კვალი აჩნდა" - ყვება თორსელი
ამირან გაბისონია.
ამირან გაბისონია ერთადერთი არ არის ვინც მტაცებელმა აზარალა. სოფელში
ყვებიან რომ მგელმა 40-მდე თხა და ოცზე მეტი მსხვილფეხა საქონელი შეჭამა.
,,ერთ კვირაში მარტო მე 6 თხა ვიზარალე. როგორც ჩანს ჩემი თხები მგლის
ბუნაგთან ახლოს ბალახობდნენ და მათი დაჭერა არ გასჭირვებია. თავიდან
მეგონა, რომ მპარავდნენ, მაგრამ მოგვიანებით ჩაის პლანტაციაში ძაღლებმა
თხების თავი და გამოხრული ძვლები იპოვეს. იქვე ახლოს მიწის სიღრმეში რაღაც
ორმოები იყო. მოგვიანებით ორმოები მონადირეებმა დაათვლიერეს და მითხრეს რომ
ეს მგლის ბუნაგის შესასვლელებია და ჩემი საქონელიც სწორედ მგელმა წაიღო"
-ამბობს იზოლდა აბშილავა.
აპრილის შუა რიცხვებიდან მგლების თავდასხმები განსაკუთრებით გახშირდა.
ძველი მონადირეები ამ გარემოებას მტაცებლების გამრავლებას უკავშირებენ.
,,ეტყობა მგლებმა ლეკვები უკვე დაყარეს და მათ საშოვარზე გამოსვლა უფრო
ხშირად უწევთ. ასეთ დროს ისინი განსაკუთრებით საშიშნი არიან, შეიძლება
ბუნაგთან ახლოს ადამიანსაც დაესხნენ თავს" - ამბობს ანზორ შეროზია.
შეშინებული მოსახლეობა სკოლაში მცირეწლოვანი ბავშვების მარტო გაშვებას
ერიდება. თორსის სკოლის მათემატიკის მასწავლებლის მირანდა კაკულიას თქმით
მგლების გავრცელების გამო ბავშვების მიერ გაკვეთილების გაცდენის რაოდენობამ
იმატა. ,,რამდენიმე დღის წინ ხმა გავრცელდა მგელი ერთერთ ჩვენი
თანასოფლელის ეზოში შევარდაო. ამის შემდეგ არათუ პატარები, დიდებიც კი
ერიდებიან ღამით გარეთ გამოსვლას" -ყვება მირანდა კაკულია.
თორსელი მამუკა ღურწკაია კი იხსენებს თუ როგორ შემოვიდნენ მისი სახლის ეზოში მგლები.
,,ღამის პირველი საათი იქნებოდა, როდესაც ჩემი ძაღლების ყმუილი გავიგე.
გარეთ გახედვა გადავწყვიტე და კარი როგორც კი გავაღე შეშინებული ძაღლები
ოთახში შემოვარდნენ. მერე ეზოში შუქი ავანთე და ორი მგელი ვნახე, რომელიც
მეზობლის საძროხისკენ მიძუნძულებდნენ. მაშინვე სახლიდან თოფი გამოვიტანე,
მაგრამ სროლა ვერ მოვასწარი, გაქცეულან. ჩემს მეზობელს საძროხეში ცხვრები
ყავდა დაბმული და ეტყობა სუნი იგრძნეს და იქით მიდიოდნენ".
თორსელებმა დახმარებისთვის ადგილობრივ ხელისუფლებას მიმართეს. ხობის
მუნიციპალიტეტის გამგებლის იგორ ტყებუჩავას განცხადებით პრობლემის
მოსაგვარებლად გარკვეული ნაბიჯები უკვე გადაიდგა. ,,ჩვენ უკვე გავაფორმეთ
ხელშეკრულება მონადირეთა კავშირთან. ეწყობა ჩასაფრებები და ამ ეტაპზე უკვე
ლიკვიდირებულ იქნა ორი მგელი. მართალია ეს არ არის საკმარისი ამ პრობლემის
საბოლოოდ მოგვარებისთვის, მაგრამ ამ ეტაპზე ჩვენ სხვა გამოსავალს ვერ
ვხედავთ" -აცხადებს ტყებუჩავა.
მოსახლეობა კი მტაცებლების გავრცელების საწინააღმდეგოდ უფრო ქმედითი
ღონისძიებების გატარებას ითხოვს. ,,დაგვირიგონ ტყვია წამალი და ჩვენ
თვითონაც ვიმორიგევებთ. მგლები ისეა გამრავლებული, რომ მათ მარტო მონადირე
ვერაფერს დააკლებს. საჭიროა მთელი სოფლის ჩართვა ამ საქმეში და შედეგიც
მაშინ გვექნება. თუ არა და ვიქნებით ასე სახლში გამოკეტილები" -ამბობს
თორსელი მურმან ლატარია.
1 მაისი 2010 წ.
P.S. ეს ტატია დავდე გუშინდელი ფაქტის გამო. ალბათ ყველამ ნახეთ ხობის რაიონს ისევ შეუტია მგელმა და აზარალა მოახლეობა