21 მარტი - ტყეების დაცვის მსოფლიო დღეა
ორშაბათს, 21 მარტს აღინიშნა ტყეების დაცვის მსოფლიო დღე, ეს თარიღი დაფუძნდა და აღინიშნება გაეროს ინიციატივით 1971 წლიდან.
გაზაფხულზე, 21 მარტს, დღე და ღამე ერთმანეთს უტოლდება და ეს თარიღი შემთხვევით არ არის არჩეული. ჩრდილოეთ ნახევარსფეროში 21 მარტი ტრადიციულად ითვლება გაზაფხულის დაწყების დღედ და სიმბოლოდ ახალი ცხოვრებისა, ახალი საწყისისა.
ტყეების დაცვის საერთაშორისო დღის ძირითადი დანიშნულებაა - მთელი პლანეტის მოსახლეობის მიერ უკეთ გათვითცნობიერება ტყეების მნიშვნელობისა, მათი აღდგენისა და შენარჩუნების აუცილებლობისა.
დღესდღეობით პლანეტაზე ტყეების საერთო ფართობის შემცირება არის საერთაშორისო დონის პრობლემა, რომელიც მოითხოვს კომპლექსურ გადაწყვეტას ყველა სახელმწიფოს მონაწილეობით.
ტყეებს ტყუილად არ უწოდებენ პლანეტის ფილტვებს: ისინი შთანთქავენ მავნე ნივთიერებებს, არეგულირებენ ტემპერატურას პლანეტაზე და უზრუნველყოფენ მას ჟანგბადით. ტყე სახლია ბევრი ცხოველისა და მცენარისა, ტყე - ეს არის კვების, დასვენებისა და ჯანმრთელობის წყარო ადამიანებისათვის.
გლობალური დათბობის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში საერთაშორისო საზოგადოებამ მიზნად დაისახა 2012 წლამდე ხმელეთის 33%-ის ტყეებით დაფარვა. გაეროს წევრმა ქვეყნებმა მიაღწიეს შესაბამის შეთანხმებებს და ეხლა მიმდინარეობს საერთაშორისო შეთანხმების მიღწევა - კონვენცია ”კლიმატის შეცვლის შესახებ”, კონვენცია ”ბიომრავალფეროვნების შენარჩუნების შესახებ”, და კონვენცია ”გაუდაბნოების წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ”.
ჩვენს პლანეტაზე ტყის ფართობები სულ უფრო და უფრო მცირდება. ისტორიულად ეს დაკავშირებულია მოსახლეობის ზრდასთან და ტყის მასივების გარდაქმნასთან სხვადასხვა საჭიროებისათვის. ამასთან ერთად ტყე ნადგურდება ხაძრისაგან, მავნე მწერებისაგან და დაავადებებისაგან, არახელსაყრელი მეტეოროლოგიური პირობებისა და სხვა მიზეზებისგან.
ტყის მასივების ფართობის შემცირება იწვევს გლობალური მნიშვნელობის ნეგატიურ პროცესებს: ნიადაგის ეროზიას, მცენარეთა და ცხოველთა სამყაროს მრავალფეროვნების შემცირებას, წყლის ბასეინების დეგრადაციას, ატმოსფეროში ნახშირორჟანგის შემცველობის ზრდას, სამრეწველო და სათბობად გამოსაყენებელი ხის რესურსების შემცირებას და საბოლოო ჯამში - კაცობრიობის ცხოველქმედების პოტენციალის შემცირებას.
ტყე არის არა მხოლოდ უძვირფასესი ნედლეული, არამედ იგი წარმოადგენს ბიოსფეროს განუყოფელ კომპონენტს, რომელიც გავლენას ახდენს პლანეტის ჟანგბადურ და ნახშირბადურ ბალანსზე და დიდად განსაზღვრავს სასიცოცხლო პირობებს დედამიწაზე.
მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში ტყეების საერთაშორისო დღესთან ერთად აღინიშნება ხის დღეც. ასე მაგალითად, მე-19-ე საუკუნის ბოლოდან იტალიაში დამკვიდრდა ტრადიცია: 21 მარტს საშუალო სკოლის მოსწავლეებს ეზოში უნდა დაერგოთ ერთი ხე მაინც. მას შემდეგ 21 მარტს აღინიშნება ხის დღე, როგორც განახლებისა და ადამიანის ბუნებასთან შერწყმის დღესასწაული.
შეგახსენებთ აგრეთვე, რომ გაეროს მიერ 2011 წელი გამოცხადებულია ტყეების საერთაშორისო წლად.